• გიორგი ლობჟანიძის ლექცია პანკისში – ისლამის ტერორიზმთან გაიგივებაზე, მიზეზებსა და შედეგებზე [Video]

    კვირა, 27 მარტი 2016 13:00 view 7878
    გიორგი ლობჟანიძის ლექცია პანკისში – ისლამის ტერორიზმთან გაიგივებაზე, მიზეზებსა და შედეგებზე [Video]

    „ტერორიზმის დაკავშირება ისლამთან, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომაა. პირველ რიგში იმ მუსლიმების შეცდომა და დანაშაულია, რომლებიც ისლამის სახელით ხალხს კლავენ.

    ვინ გამოაცხადა ჯიჰადი, რომელშიც საქართველოდანაც იღებენ მონაწილეობას. რისთვის იბრძვი, გააფართოვო ალაჰის საზღვრები? სად აფართოვებ და რის ხარჯზე? უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე კეთილდღეობა არ მყარდება“, – აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე. პანკისის სათემო რადიო WAY–ის მიწვევით ლობჟანიძემ პანკისის ხეობაში ლექცია წაიკითხა თემაზე ისლამის ტერორიზმთან გაიგივება, მიზეზები და შედეგები.

    „რაც ხდება აღმოსავლეთში და რაც მოხდა პარიზში, ამ ყველაფერს ისლამთან მხოლოდ ნომინალური კავშირი აქვს. რა არის ჯიჰადი, რა არის მშვიდობა და ომი ისლამში. ისლამი იმავე ძირის სიტყვაა, რაც „სალამ“. ქართულ ენაში უფროა ჯიჰადისტური მომენტი, „გამარჯობას“ რომ ეტყვი, იგულისხმება, რომ მტერზე უნდა გაგიმარჯოს... იქ არის „ასალამუ ალეიქუმ“, მშვიდობა თქვენდა.

    რა შემთხვევაში აქვს ბრძოლას გამართლება ყურანის მიხედვით? მეკითხებიან ხოლმე, აგრესიას წაახალისებს თუ არა ყურანი? ყურანში არის თუ არა იმის საფუძველი რაც დღეს ხდება ტერორისტული აქტების სახით მსოფლიოში? ყურანში მართლა წერია, რომ ქრისტიანები უნდა დახოცონ? ძირითადად კითხვები უკავშირდება ხოლმე აგრესიას. მე ვპასუხობ, რომ ქრისტიანების დახოცვაზე და საერთოდ ხოცვა ჟლეტაზე არაფერი არ წერია, გარდა ერთისა: „გამოდევნეთ ისინი საიდანაც გამოგდევნიან და დახოცეთ ისინი ისე, როგორც დაგხოცავენ, მაგრამ თუ დაუზავდებით და შეურიგდებით, იცოდეთ, რომ ზავი ომზე უკეთესია“.

    მე არ ვამართლებ არცერთ ტერორისტულ აქტს, შარლი ებდოს ტერორისტულ აქტსაც არ ვამართლებ, თუმცა მიმაჩნია, რომ კარიკატურა, რომელიც მათ გააკეთეს, იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, გამაოგნებელი და დაუშვებელი, მაგრამ სხვანაირად შეიძლებოდა ამაზე პასუხის გაცემა. ტერორიზმს არ ვამართლებ, უბრალოდ მინდა ევროპის მხარესაც დაფიქრდეს ხალხი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, იქნებ ჩვენც რაღაც დავაშავეთ. მთელმა ქვეყანამ დაიყენა „მეც შარლი ვარ“. სულაც არ ვიქნები შარლი, როცა სხვებს ამცირებენ, არა ვარ მე ის შარლი. წარმოაჩენენ როგორც ერთიან სიველურეს, რომელიც ებრძვის კეთილდღეობას, მიზეზებს აღარ იკვლევს არავინ, სამწუხაროდ. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე, ქრისტიანები, ევროპა.

    გასაგებია, რომ ევროპას ბევრი რამ შეეშალა ისლამთან მიმართებით, მაგრამ თვითონ მუსლიმები რატომ ექცევიან ასე საკუთარ რელიგიას? შეიძლება შენი უფლებები ისე დაიცვა, რომ მთავარი არ დააზიანო და შენს რელიგიას არ მიაბა მკვლელის სახელი, რომელიც ამას არ იმსახურებს და არც გეუბნება ამას.

    როდესაც ლაპარაკია საღვთო ომის წარმოებაზე, ანუ რელიგიური მიზნებით ომის წარმოებაზე, ჯიჰადის გამოცხადებას თავისი პიროებები აქვს. ჯიჰადი ცხადდება სრულ ჭკუაზე მყოფი საყოველთაოდ აღიარებული რელიგიური ლიდერის მიერ. ვინ არის დღეს, ვინ გამოაცხადა ჯიჰადი და ვის მიერ არის აღიარებული, როდესაც ისლამური სამყარო ძალიან ჭრელია და იქამდე მივიდა ეს ყველაფერი, რომ ერთმანეთს ებრძვიან მუსლიმური ქვეყნები.

    ძალიან დიდი შეცდომაა შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირება იარაღით ხელში. ვერავინ სცემს ჩემს კითხვას პასუხს, ვინ გამოაცხადა ჯიჰადი, ბრძოლა, რომელშიც საქართველოდანაც იღებენ მონაწილეობას. ჯიჰადი ცხადდება კონკრეტული დროის განმავლობაში, კონკრეტულ ლოკალურ ადგილას და აქვს თავისი პირობები. არ შეიძლება სამოქალაქო პირების, ქალების, ბავშვების ხოცვა. არ შეიძლება საცხოვრებელი გარემოს განადგურება. ჩვენ ვხედავთ იმავე სირიაში ყველაფერი განადგურებულია, ადამიანებს ყიდიან მონებივით. ჯიჰადი არის თავდაცვის საშუალება და არა ექსპანსიის. ბევრ რაღაცაში საჭიროებს დაფიქრებას სანამ ადამიანი გადაწყვეტს, წავიდეს თუ არა იქ საბრძოლველად. შეიძლება ეს იყოს პოპულისტური მანიპულაციის ძალიან კარგი საშუალება რომ გეუბნებიან, რწმენისთვის უნდა დადო თავი, მაგრამ რა მიზანი აქვს ამ თავდადებას, რისთვის იბრძვი, გააფართოვო ალაჰის საზღვრები? სად აფართოვებ და რის ხარჯზე? უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე კეთილდღეობა არ მყარდება.

    ისლამის სახის დამახინჯებაში პირველი დამნაშავეები ის მუსლიმები არიან, ვინც ისლამის სახელით მკვლელობებს სჩადიან. მე ასეთი შემზარავი არაფერი მინახავს, რომ ადამაინები ერთ გალიაში გამოკეტო, ჩაძირო და ამის ყურებით ტკბებოდე. ასეთი რამ ისლამში ვინმეს წაუკითხავს? ეს საიდან მოდის? ადამიანის სიმხეცეს რატომ არ აქვს საზღვარი. სად წერია ეს ყველაფერი? ყველაფერი პირიქით არის ისლამში, სიყვარულის რელიგიაა“.

    ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე – ტრადიციული და ფუნდამენტური ისლამი პანკისის ხეობის მაგალითზე. დისკუსიაში თემის ორივე მხარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]