• პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობები და საჭიროებები – კვლევის სრული ვერსია

    ორშაბათი, 27 მარტი 2017 18:51 view 6389
    პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობები და საჭიროებები – კვლევის სრული ვერსია

    პანკისის ხეობაში ახალგაზრდების 96.3% დაუსაქმებელია. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ამბობს, რომ უნდოდა რაიმე სახის განათლების მიღება, მაგრამ ვერ შეძლო. პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (72.3%) აცხადებს, რომ საზოგადოებრივად აქტიური არ არის. 56-70%-ს არ სმენია სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებების შესახებ, – ასეთია კვლევის ძირითადი შედეგები, რომელიც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებისა და საჭიროებების შესწავლის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა.

    კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2016 წელს ჩაატარა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევაში ხეობის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებმა 14-29 წლის 405–მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

    კვლევის მიხედვით, პანკისელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი საკუთარ მდგომარეობას ნეიტრალურად აფასებს (არც დადებითად, არც უარყოფითად). რესპონდენტებმა გამოყვეს შემდეგი პრიორიტეტული ცხოვრებისეული მიზნები: ხეობაზე ზრუნვა, უმაღლესი განათლების მიღება, გამდიდრება, მრავალშვილიანი ოჯახის ყოლა, საკუთარი ბიზნესის ქონა, საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საკმარისი ცოდნისა და უნარების არფლობა (49,7%).

    ოჯახის/პირადი პრობლემები

    რესპონდენტებმა გამოყვეს მატი ოჯახებისთვის, ისევე როგორც, პირადად მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები – დასაქმება, არასაკმარისი ფინანსები, დასვენება/გართობა, უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა, საბინაო პირობები, მედიკამენტების შეძენა, ტანსაცმლის შეძენა.

    „ისევე როგორც მთელ საქართველოში, პანკისის ხეობაშიც ძალზე მწვავედ დგას ახალგაზრდების დასაქმების პრობლემა (96.3%). იმის გასარკვევად, თუ როგორ წარმოუდგენიათ პანკისელ ახალგაზრდებს იდეალური სამუშაო, მათ მოახდინეს გარკვეული მახასიათებლების იდენტიფიცირება, რომლებიც მათი აზრით იდეალური იქნებოდა ახალგაზრდა ადამიანის დასაქმებისათვის. ახალგაზრდებმა ძირითადი აქცენტი გააკეთეს ხელფასზე და პროფესიის შესაბამის დასაქმებაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებას“, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

    კომპიუტერის/ინტერნეტის ხელმისაწვდომობა

    ახალგაზრდების უმრავლესობას (66%) აქვს კომპიუტერთან წვდომა (მათ შორის, ოჯახში ფლობენ კომპიუტერს). რესპონდენტთა 29%-ს არ აქვს წვდომა კომპიუტერთან არც ოჯახში და არც ოჯახის გარეთ.

    ინტერნეტით სარგებლობა, ძირითადად, მობილური ტელეფონის საშუალებით ხდება. ახალგაზრდების 13%–ს (რომელთა შორის უმრავლესობა გოგონებია) საერთოდ არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.

    თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს ახალგაზრდები ძირითადად იყენებენ ახლობლებთან კონტაქტისთვის და საჭირო ინფორმაციის (მათ შორის, ახალი ამბების) მისაღებად.

    რეკრეაციული აქტივობები

    პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (61%) არ მისდევს სპორტს/ფიზიკურ აქტივობას. ამის ძირითად მიზეზად ისინი დროის უქონლობას ასახელებენ. რესპონდენტთა 45% აღნიშნავს, რომ მათ საცხოვრებელ ადგილას არ არის რეკრეაციული ადგილები.  ერთადერთი რეკრეაციული ადგილი სპორტული დარბაზია, რომლის არსებობაზე მიუთითებს გამოკითხულთა 27.5 %. ახალგაზრდების მიერ თავისუფალი დროის გატარების პრაქტიკა შედარებით „პასიურია“: გასეირნება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად, ინტერნეტით სარგებლობა, კითხვა, ტელევიზორის ყურება და ა.შ.

    განათლების ხელმისაწვდომობა

    რაიმე ტიპის სასწავლო–საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის ახალგაზრდების მხოლოდ 36%. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წამყვანია საჯარო სკოლა. არასასკოლო ასაკის (18 წლის ზემოთ) ახალგაზრდების დაახლოებით 13% არის სტუდენტი. გარდა ამისა, არასასკოლო ასაკის ახალგაზრდების 18.4 %–ს აქვს მიღებული უმაღლესი განათლება.

    თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ამბობს, რომ სურდა რაიმე სახის განათლების მიღება, მაგრამ ვერ შეძლო. ამის ძირითადი მიზეზი მატერიალური შესაძლებლობის არქონაა.

    იმ რესპონდენტების 63.5%–ს, რომელსაც (ჯერჯერობით) არ მიუღია უმაღლესი განათლება (სულ დაახლოებით 89%), სურს სწავლის გაგრძელება საქართველოს რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არ სურს – 27.6 %–ს.

    იმ რესპონდენტების 35.7%–ს, რომლებსაც (ჯერჯერობით) არ მიუღია უცხოური უმაღლესი განათლება, სურს სწავლის გაგრძელება უცხოეთის რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არ სურს – 61.1%–ს.

    უმაღლესი განათლების მიღების სურვილის არქონის წამყვანი მიზეზია: „არ მჭირდება“. პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (55%) არ ფლობს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ; 31.6%-ს კი აქვს მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაცია.

    საზოგადოებრივი აქტიურობა

    პანკისელი ახალგაზრდების უმრავლესობა (72.3%) აცხადებს, რომ საზოგადოებრივად აქტიური არ არის. შედარებით მეტ აქტიურობას ავლენენ 14-18 წლის ახალგაზრდები.

    საზოგადოებრივად აქტიური ახალგაზრდების (ასეთია 27.7%) სამოქალაქო ინიციატივები უპირატესად გარემოს დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობით შემოიფარგლება (50 %). ნაწილი დაკავებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მომსახურებით.

    საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაურთველობას ორი მიზეზი აქვს: დროის (29.6%) და ინტერესის (21.8%) უქონლობა.

    პანკისის ხეობაში ახალგაზრდობის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია აქვს ახალგაზრდების მესამედს (33.6%). ისინი ასახელებენ ერთ ან ორ ასეთ ორგანიზაციას. ინფორმირებული რესპონდენტების უმრავლესობა (55.1%) დადებითად აფასებს დასახელებული ორგანიზაციების საქმიანობას.

    ჯანდაცვა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

    კვლევამ აჩვენა, რომ გასული 12 თვის განმავლობაში, გამოკითხულთა უმრავლესობა (74.8%) არ საჭიროებდა არცერთ ისეთ სამედიცინო მომსახურებას, როგორებიცაა: პოლიკლინიკური, საავადმყოფოს და სასწრაფო სამედიცინო მომსახურება.

    პანკისელი ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონე სქესობრივი გზით გადამდები სხვადასხვა დაავადებების შესახებ დაბალია: 56-70%-ის ფარგლებში მერყეობს იმათი წილი, ვისაც არც კი სმენია აღნიშნული დაავადებების შესახებ, ხოლო 27-53%-ის ფარგლებში - ვისაც მხოლოდ სმენია. შესაბამისად, რესპონდენტებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დაავადებების რისკის შემამცირებელ ქცევებზე.

    ახალგაზრდების დიდი უმრავლესობა მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ღონისძიებებს, რაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციისათვის არის საჭირო (მოსახლეობის ინფორმირება, უფასო ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება და სხვა).

    რესპონდენტების უმრავლესობა უარყოფს ნივთიერებაზე რაიმე სახით დამოკიდებულებას: ახალგაზრდების მცირე ნაწილს (13.6%) „მხოლოდ რამდენჯერმე“ გამოუყენებიათ დამამშვიდებელი ან საძილე საშუალებები, ექიმის დანიშნულების გარეშე.

    გამოკითხული ახალგაზრდები არ გამოირჩევიან სქესობრივი კონტაქტების სიმრავლით: სქესობრივი კონტაქტი ჰქონია გამოკითხულთა 31.9%-ს, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა (81.3%) ამჟამად ქორწინებაში იმყოფება, ხოლო ქორწინებაში არმყოფთაგან პრაქტიკულად ყველა (ვისაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონია), ვაჟია. მაღალია იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, ვინც არ უპასუხა კითხვას, ჰქონია თუ არა სქესობრივი კონტაქტი (20.5%). მხოლოდ 17-მა რესპონდენტმა აღიარა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ჰყოლია შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორი.

    კვლევამ აჩვენა, რომ სქესობრივი და რეპოროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების მიმართ პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებსა და დამოკიდებულებებზე ჯერ კიდევ ახდენს გავლენას კულტურულ / გენდერული სტერეოტიპები და ინფორმირებულობის დაბალი დონე. რესპონდენტები იზიარებენ დებულებას, რომ „გასათხოვარი ქალი თუ ატარებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მსუბუქი ყოფაქცევისაა“ – იმ ფონზე, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშულებები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომობა ფიქსირდება პანკისის ხეობაში.

    უსაფრთხოება/კრიმინალი

    კვლევის მიხედვით, პანკისელი ახალგაზრდები თავს ძირითადად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. რესპონდენტებს ან მათი ოჯახის წევრებს არ შექმნიათ სხვადასხვა სახის კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, კონფლიქტი რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე, ეკონომიკური ღაღლითობა, ძალადობა, ძარცვა-ყაჩარობა და ა.შ. სულ 8 რესპონდენტმა მიუთითა ამგვარი კონფლიქტური სიტუაციების შესახებ.


    გაეცანით კვლევის სრულ ვერსიას 

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]