• დაძაბულობა პანკისში – ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი გადაწვეს [Photos - Video]

    ორშაბათი, 18 აპრილი 2016 13:30 view 4083
    დაძაბულობა პანკისში – ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი გადაწვეს [Photos - Video]

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და პოლიციისგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას ითხოვენ გვიან ღამით მომხდარი დანაშაულის გამო. სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით, ომარ ქავთაროვის საცხოვრებელი სახლი გადაწვეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროისთვის სახლში არ იმყოფებოდნენ. ქავთარაშვილებს ეჭვმიტანილიც ჰყავთ.

    „ღამით, დაახლოებით ორის ნახევარი იქნებოდა, რძალმა გამაღვიძა, იქით სახლს ცეცხლი უკიდიაო. წამოვხტი და მაშინვე სახანძროში დავრეკე. რაც გვქონდა ვედროები, შლანგები, ყველაფერი გავიტანეთ, მაგრამ სახლს ცეცხლი მოდებული ჰქონდა. თითქმის ერთი საათი მაინც იყო გასული შეტყობინებიდან სახანძრო რომ მოვიდა. მერე მეორე მანქანაც მოვიდა, თელავიდანაც გამოგზავნეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, მთლიანად დაიწვა“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაზარალებულის მეზობელმა ზაირა მარგოშვილმა.

    მეზობლების ინფორმაციით, ომარ ქავთაროვის სახლში ხანძრის გაჩენა 15 აპრილსაც სცადეს.

    „2–3 დღის წინაც იყო ასეთი მცდელობა, მაშინაც ღამით. ცეცხლი ქალებმა მალე შენიშნეს და მეზობლებმა მოვახერხეთ მისი ჩაქრობა. წუხელ ისევ შეაგდეს სახლში, როგორც ვვარაუდობთ, ბენზინით სავსე ბოთლი და გადაწვეს. კანონს ველოდებით, რომ რეაგირება მოახდინონ“, – ამბობს ხიზირ მარგოშვილი.

    სახლის მეპატრონე ომარ ქავთაროვი ოჯახთან ერთად გროზნოში ცხოვრობს. საქართველოში ის პერიოდულად ჩამოდის, ზაფხულობით კი ოჯახი სოფელ დუისში მდებარე საცხოვრებელ სახლში ისვენებდა.

    იმ ღამეს, როცა მის სახლში ხანძრის გაჩენა პირველად სცადეს, ომარ ქავთაროვი პანკისში იმყოფებოდა. „აქ რომ არ ვცხოვრობთ, შუქიც გამორთული იყო და ღამე ბიძაშვილთან ვრჩები ხოლმე. პირველ მცდელობაზე ცეცხლის ჩაქრობა მეზობლებმა მოახერხეს. იმავე დილით ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილების უფროსს ვუთხარი კიდეც, ვიღაცამ სახლში ხანძრის გაჩენა სცადა და ერთ–ერთი ოთახის ნაწილი დაიწვა მეთქი. თუ გინდა განცხადება შემოიტანე, ექსპერტები შეამოწმებენ და გამოძიებას დავიწყებთო. განცხადება არ დამიწერია და პოლიციელებიც არ მოსულან. მეორე დღეს მე ჩეჩნეთში წავედი და დღეს დილით დამირეკეს, რომ სახლი დაიწვაო“, – უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ომარ ქავთაროვმა.

    დაზარალებულმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა იმაზე საუბრისგან, ვის და რატომ უნდა დაეწვა სახლი.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ სახლის გადაწვა შესაძლოა 2015 წლის ზაფხულში მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს, როცა ომარ ქავთაროვის ახლობლებმა პანკისში ყოფილი ნათესავი სასტიკად ცემეს. ცემის შედეგად მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და მას საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა. არსებული ინფორმაციით, ის რამდენჯერმეა ნასამართლევი. როგორც გამოვარკვიეთ, პოლიციას ცემის ფაქტზე მაშინ რეაგირება არ მოუხდენია.

    პანკისში ამბობენ, რომ პოლიციამ სახლის გადაწვის ფაქტზეც თუ არ მოახდინა სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა ეს ახალი დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდეს.

    „სახლის მეპატრონე ჩამოსულია. ახლა ახმეტაშია წასული. რომ ამოვა, რამეს გადავწყვეტთ“, – ამბობს ფიდო ქავთარაშვილი, დაზარალებულის ბიძაშვილი.

    ქავთარაშვილებმა სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე გააფრთხილეს.

    ჩვენ ვკითხეთ პანკისელ უხუცესებს, რას ნიშნავს ეჭვმიტანილის გაფრთხილება?

    მათი განმარტებით, გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ ქავთარაშვილების გვარმა ეჭვმიტანილს უთანხმოება გამოუცხადა. ასეთ შემთხვევაში კი ეჭვმიტანილმა უნდა აღიაროს ან უარყოს დანაშაული და დაამტკიცოს რომ მას არ ჩაუდენია. სადავო საკითხი კი ორივე გვარის ავტორიტეტებმა, უხუცესებმა უნდა გაარჩიონ. კანონსაწინააღმდეგო ქმედების განზრახ ჩადენის შემთხვევაში, მოპასუხე მხარის გვარს ზარალის ორმაგად ანაზღაურება უწევს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188–ე მუხლით დაიწყო, რაც სგულისხმობს ხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]