• პანკისში აღარ ადასტურებენ, სირიაში ლევან ტოხოსაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაღუპვას

    შაბათი, 02 სექტემბერი 2017 03:01 view 8210
    პანკისში აღარ ადასტურებენ, სირიაში ლევან ტოხოსაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაღუპვას

    რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, სირიაში კიდევ ერთი პანკისელის, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში აღარ ადასტურებენ.

    ხეობაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევანი ოჯახთან კავშირზე გუშინ გამოვიდა და აცნობა, რომ ყველანი, მეუღლეც და ბავშვებიც ცოცხლები არიან.

    „ბიძამისს ველაპარაკე და მითხრა, რომ ცოცხლები აღმოჩნდნენ, გუშინ გამოსულან კავშირზე“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მათე ქავთარაშვილი.

    პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, ლევან ტოხოსაშვილის დედამ შვილისგან WhatsApp–ით გუშინ შემდეგი შინაარსის აუდიოჩანაწერი მიიღო: „სალამი. დედა როგორ ხარ? ჯანმრთელობა როგორ გაქვს? რას შვრები, რას აკეთებ, რა არის თქვენთან ახალი? ყოჩაღად ხომ ხარ დედა?“. ასეთი შინაარსის ჩანაწერი მიიღო ლევან ტოხოსაშვილის ძმამაც, რომელიც სოფელ ომალოში ცხოვრობს.

    ომალოში, ლევან ტოხოსაშვილის დედის სახლში სამძიმარს 28–29 აგვისტოს იღებდნენ. ტოხოსაშვილის ახლობლების თქმით, ლევანის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების თაობაზე, მათ 27 აგვისტოს სირიიდან სარწმუნო წყარომ აცნობა და სოფელში სამძიმარიც ამიტომ მიიღეს. ნათესავებმა მაშინ პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.

    პანკისელი ახალგაზრდის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია, 28 აგვისტოს, სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაუდასტურა.

    წარმოშობით პანკისელი ახალგაზრდების სირიაში გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ხეობაში დადასტურებულად მაშინ მიიჩნევა, თუ ოჯახმა კარი გახსნა და სამძიმრის მიღება დაიწყო. ამ მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა, მათ შორის არის 30 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერი, რომლის გარდაცვალებაც პანკისში მცხოვრებმა მისმა ოჯახმა 2016 წლის ივლისში დაადასტურა და სამძიმარი მიიღეს.

    სირიაში გარდაცვლილი პანკისელების საქართველოში გადმოსვენება არ ხდება. ერთადერთი (2012 წელს), ვისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაც მოხერხდა და პანკისში, დუისის სასაფლაოზეა დაკრძალული, ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გელაევის შვილი, 23 წლის რუსტამ გელაევია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]