• 4 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან – „ჩვენი შვილები საძილე ტომრებში დახვრიტეს“ [Video]

    ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 18:47 view 11201
    4 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან – „ჩვენი შვილები საძილე ტომრებში დახვრიტეს“ [Video]

    „მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“, – კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს განცხადება 2012 წლის 9 სექტემბერს გააკეთა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა. ლაფანყურის საქმეზე გამოძიება დღემდე არ არის დასრულებული.

    „მოწმეები იყვნენ თუ ეჭვმიტანილები, ყველა გაუშვა ამ ხელისუფლებამ. საქართველოში არცერთი არ დატოვეს. ზოგი სირიაში აღმოჩნდა, ზოგი ევროპაში, ზოგი ოდესაში. სირიაში ვინც წავიდა, ზოგიერთები უკვე ცოცხლებიც აღარ არიან. წელიწადზე მეტია საერთოდ არანაირი კავშირი აღარ გვაქვს გამოძიებასთან. ვცდილობდით, გამომძიებლებს შევხვედროდით, მაგრამ ისინიც გაგვირბიან. ყველა დუმს. ყველა გაჩუმებულია - ხელისუფლება, პროკურატურა, გამოძიება. არასამთავრობოების დიდი იმედი გვქონდა, მაგრამ ისინიც ხმას არ იღებენ“, – ამბობს ასლუდინ ალდამოვი, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს ლიკვიდირებული 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილის მამა.

    „გვინდოდა, სიმართლე სასამართლოს მიერ გარკვეულიყო კანონის ფარგლებში, მაგრამ ყველანაირი იმედი გაგვიცრუვდა. ეს ხელისუფლება ყოფილა ტყუილებით გაჟღენთილი, ყველა, „ქართული ოცნება“ დაწყებული ზვიადაურიდან დამთავრებული რამდენნი არიან პარლამენტში, ყველა თავის საქმეებზე დარბის. ყველა გახმაურებულ საქმეზე საუბრობენ, ერთადერთი რაზედაც ხმას აღარ იღებენ, ეს ლაფანყურის საქმეა, ლაფანყურის მკვლელობები“, – აღნიშნავს ასლუდინ ალდამოვი კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ინტერვიუში.

    მისივე თქმით, პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ვინც ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისგება მაინც მოუწევთ.

    „მათ მოუწევთ პასუხისგება, ვინც გინდა იყვნენ. ჩემი ოჯახის გარდა კიდევ ექვსი ოჯახია. ყველას მათ მოუწევთ შვიდ ოჯახთან პასუხისგება. ჩვენ ვიცით ვინც არიან. ვისი ბრძანებითაც, ვისი ხელშეწყობითაც არიან ეს ბიჭები დახვრეტილები საძილე ტომრებში. ჩემი შვილი და კიდევ 6 პირი, შუა ღამემდე იყვნენ ყარაულებად, შუაღამის შემდეგ ესენი დაწვნენ და ჯგუფის სხვა წევრები იდგნენ ყარაულებად. ესენი რომ დაწვნენ, ამის მერე არიან დახოცილები საძილე ტომრებში, მძინარე. ისინი კი, ვინც ვითომ ყარაულობდნენ, გაერიდნენ და წავიდნენ. მაშინდელმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი იცოდნენ რა ხდებოდა, მითუფრო პანკისში და ამხელა შეიარაღებული ჯგუფი რომ იყო ხეობაში, 60 კილომეტრი რომ გაიარეს ლოპოტაში, ეგ არ იცოდნენ? გამორიცხულია. სააკაშვილის რეჟიმის დროს, მათ თვითონ ჩამოიყვანეს ახალგაზრდები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან. 200-მდე ადამიანი, ჯერ კიდევ მარტში“, – ამბობს ასლუდინ ალდამოვი.

    ხელისუფლებასთან ლაფანყურის საქმის გამოუძიებლობის გამო პრეტენზია აქვს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 22 წლის ასლან მარგოშვილის დედას, ლელა მარგოშვილსაც. „ლიკვიდაციის შემდეგ ჩვენი შვილები ტერორისტებად შერაცხეს. ოთხი წელი გავიდა და ჩვენ დაზარალებულებადაც არ ვართ ცნობილი, ისინი კი, ვინც ეს ახალგაზრდები ჩამოიყვანა საქართველოში, შეაიარაღა, გაწვრთნა და მერე ამოხოცა, თავისუფლად არიან თანამდებობებზე და პასუხისგებაშიც არავინაა მიცემული“, – აღნიშნავს ლელა მარგოშვილი.

    საქართველოს შს სამინისტრომ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში 2012 წლის 28 აგვისტოს, გვიან ღამით დაიწყო. შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 25 აგვისტოს დაიკარგნენ.

    შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

    29 აგვისტოს შსს–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპერაციისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაიჭრა 5 ქართველი სპეცრაზმელი, მოხდა 11 დივერსანტის ლიკვიდაცია, 6 კი - ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

    საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შეიარაღებული ჯგუფიდან ლიკვიდირებული იყო 7 წევრი: საქართველოს მოქალაქეები: ასლან მარგოშვილი, დაბადების თარიღი – 28/06/1990 და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადების თარიღი 07/02/1986. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებული გროზნოში, 1986 წლის 10 თებერვალს; დუკვახა დოშუევი, დაბადების თარიღი: 19/01/1968, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო. სალამ ზაურბეკოვი, დაბადების თარიღი: 14/12/1991, დაბადების ადგილი ჩეჩნეთი, ქ. გროზნო. ხაშიევ ჯაბრაილი, დაბადების თარიღი: 24/01/1989, დაბადების ადგილი ინგუშეთი. მუსა ადუევი, დაბადების თარიღი: 28/03/1981, დაბადების ადგილი ქ. გროზნო.

    დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

    ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს – ლაფანყურელი ახალგაზრდების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

    სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანის ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჩამოყვანილ ჩეჩნებს აძლევდნენ იარაღს, წვრთნიდნენ და პირდებოდნენ „კორიდორის“ მიცემას რუსეთის ტერიტორიაზე გადასასვლელად.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]