• „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკან ბრუნდებიან – Washington Post

    შაბათი, 24 თებერვალი 2018 14:04 view 6888
    „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები უკან ბრუნდებიან – Washington Post

    „ახლა, როცა ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დაეცა, სად მიდიან მისი მებრძოლები“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post.

    მშობლიურ ქვეყნებში უკვე 5 600 მებრძოლია დაბრუნებული

    „ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიაზე უკანასკნელ შანსებს ებღაუჭება, მსოფლიო პრობლემის გადაჭრას იწყებს: ისლამური სახელმწიფოს დაახლოებით 40 000 მხარდამჭერი, რომლებიც სირიასა და ერაყში საბრძოლველად ჩავიდნენ, სახლში ბრუნდებიან. Soufan Center-ისა და Global Strategy Network კვლევით, მშობლიურ ქვეყნებში უკვე 5 600 მებრძოლია დაბრუნებული.

    ამ ქვეყნებს არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ უკან დაბრუნებულებს. ბევრი დაპატიმრებულია, ვიდრე სხვებს შესაძლოა რეაბილიტაცია ჰქონდეთ გავლილი. ამ სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნა და განხორციელება რთულია. დაბრუნებული ქალები და ბავშვები, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როდესაც მათი მშობლები სირიასა და ერაყში იბრძოდნენ, რეინტეგრაციისთვის სულ სხვა გამოწვევაა.

    ვიდრე დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ტერორისტულ თავდასხმებსა და მუქარებზე, წარმოადგენენ შთაგონებას ან მაგალითს მათთვის, ვინც შესაძლოა რადიკალიზებული იქნეს ან რადიკალიზაციის გზაზეა.

    ყველაზე მეტი მებრძოლი თურქეთში ბრუნდება. 2014-2017 წლებში ამ ქვეყნიდან სირიასა და ერაყში დაახლოებით 1500 მებრძოლი წავიდა, ხოლო საუდის არაბეთიდან 3000-ზე მეტი, საიდანაც 760 სახლში დაბრუნდა.

    დაახლოებით 1200 მებრძოლი დაბრუნდა ევროპაში: 400 გაერთიანებულ სამეფოში, 271 საფრანგეთში და დაახლოებით 300 გერმანიაში. სირიასა და ერაყში წასული რუსეთის 3400 მოქალაქიდან სამშობლოში 400-ია დაბრუნებული.

    უკან დაბრუნებული მებრძოლებისთვის ჩრდილოეთ აფრიკა ასევე ცხელი წერტილია: ტუნისში 800 ადამიანი დაბრუნდა, დაახლოებით 200 კი - მაროკოში.

    ანგარიშის მიხედვით, 7 მებრძოლი დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს რიგებში გაწევრიანება 250-ზე მეტმა ამერიკელმა სცადა, მათგან 129 გაემგზავრა კიდეც ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად. 2017 წლის აგვისტოსთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ქონის გამო, ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულში ბრალი 135 ადამიანს ჰქონდა წარდგენილი, აქედან 77 დამნაშავედ იქნა ცნობილი.

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებული მებრძოლების რიცხვი ოდნავ მაღალია. მკვლევარებმა 12 უკან დაბრუნებული დააფიქსირეს, საიდანაც 9 ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. დარჩენილი სამისთვის ბრალდება არ წარუდგენიათ. კვლევაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში დაბრუნებულებთან გამკლავების მთავარი სტრატეგია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაა.

    „ისლამური სახელმწიფოს“ აღზევება და დაცემა სირიასა და ერაყში

    „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2013 წელს რაქადან დაიწყო და სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაუფლებას 2015 წლის ბოლომდე აგრძელებდა, სანამ მოწინააღმდეგე ძალებმა არ დაიწყეს ქალაქებიდან მისი მებრძოლების გაძევება. 2015 წლის ბოლოს, მოკავშირე ძალებმა გაატარეს უკეთესი ზომები იმისთვის, რომ შეეზღუდათ მოგზაურობა და უცხოელი მებრძოლების ნაკადი სირიასა და ერაყში შენელდა. 2017 წლის ივლისში „ისლამურმა სახელმწიფომ“ უკან დახევა დაიწყო მოსულიდან, რომელიც ერაყში მისი ბოლო ქალაქი იყო. რაქას დაკარგვის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიაზე უმეტესად დეირ ალ-ზორშია წარმოდგენილი, ერაყში კი ანბარის პროვინციაში.

     

    კვლევა, რომელსაც The Washington Post ეყრდნობა

    კვლევა სახელწოდებით „ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლები და დაბრუნებულებისგან მომავალი საფრთხე“ Soufan Center-მა და Global Strategy Network-მა 2017 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა.

    კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ის არის, რომ სირიასა და ერყში მყოფი 33 ქვეყნის სულ მცირე 5600 მოქალაქე ან მცხოვრები სამშობლოში უკვე დაბრუნდა. გარდა ამისა, უკან დაბრუნებულებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის, რაც, კვლევის ავტორების შეფასებით, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის.

    კვლევაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად უკან დაბრუნების მიზეზებისა, „ისლამური სახელმწიფოდან“ უკან დაბრუნებული ყველა მებრძოლი გარკვეულ რისკს წარმოადგენს.

    „სახელმწიფოებს ვერ უპოვიათ გზა, თუ როგორ გადაჭრან უკან დაბრუნებულების პრობლემა. მათი უმეტესობა დაკავებულია, ან მხედველობიდან არის გამქრალი. საჭიროა უფრო მეტი კვლევა და ინფორმაციის გაზიარება იმისთვის, რომ შეიქმნას ეფექტური სტრატეგიები საფრთხეების შეფასებისთვის და მათთან გასამკლავებლად“, - აღნიშნულია კვლევაში.

    უკან დაბრუნებული ქალები და ბავშვები სახელმწიფოებისთვის ცალკე პრობლემას წარმოადგენენ და ისინი ყველანაირად ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოახერხონ ამ ჯგუფების უკეთ რეინტეგრაცია საზოგადოებაში. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სათანადო მექანიზმები ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    კვლევის მიხედვით, რომელიც 2017 წლის აპრილამდე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოდან სირიასა და ერაყში 200-ზე მეტი ადამიანია წასული. არცერთი მათგანი არ გაუჩერებიათ თურქეთში და არ დაუბრუნებიათ უკან. წასულებიდან 50-ზე მეტი კვლავ სირიასა და ერაყში რჩება, 50-მდე ადამიანი კი სამშობლოში, საქართველოშია დაბრუნებული.

    კვლევის თანახმად, 2015 წლიდან შესამჩნევია იმ ქალებისა და ბავშვების რაოდენობის ზრდა, რომლებიც სირიასა და ერაყში გაემგზავრნენ. აქ გასათვალისწინებელია იქ დაბადებული ბავშვების რიცხვიც.

    კვლევაში არ არის მოცემული ინფორმაცია სირიასა და ერაყში საქართველოდან წასული ქალებისა და ბავშვების შესახებ. შესაბამის ცხრილში საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან „ისლამურ სახელმწიფოს“ 680 ქალი შეუერთდა, ხოლო ბავშვების შესახებ მონაცემები დაფიქსირებული არ არის. რუსეთის შემთხვევაში მითითებულია, რომ სირიასა და ერაყში 350-მდე ბავშვი იმყოფება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]