„ჩეჩნეთიდან პანკისში რომ დავბრუნდი, მას შემდეგ მინდოდა მესწავლა, მაგრამ ამის საშუალება აღარ მომეცა. გავიგე თუ არა, რომ ხეობაში სასწავლო კურსები იხსნებოდა ქალებისა და ახალგაზრდებისთვის, მაშინვე შევიტანე განცხადება. აქამდე, პანკისში, მსგავსი პრაქტიკული უნარჩვევების შეძენის შესაძლებლობა არ ყოფილა. მოხარული ვიქნები ეს მომავალშიც თუ გაგრძელდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, რომ ეს შანსი მოგვცა მეც და მრავალ ჩემნაირ ქალსაც“, – ამბობს მანანა.
სასწავლო ცენტრში მანანამ კომპიუტერული საოფისე პროგრამების, ასევე, ავტომობილის მართვის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარა. სწავლის დასრულებისთანავე ის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მოხალისე გახდა. ამ პერიოდში რამდენიმე ტრენინგში მიიღო მონაწილეობა, პრაქტიკული უნარ–ჩვევები გაიღრმავა და ახალი ცოდნაც შეიძინა.
აგვისტოში მანანამ მუშაობა დაიწყო ოჯახების თანამდგომის – სოციალური მუშაკის პოზიციაზე „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში“ [GCRT]. ეს ორგანიზაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით პანკისის ხეობაში პროექტს ახორციელებს. მანანას მოვალეობებში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახების მდგომარეობის შეფასება, არსებული პროგრამის გაცნობა, ოჯახების პროგრამაში ჩართულობის ხელშეწყობა, ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება და წაყვანა შედის.
სასწავლო კურსები სათემო რადიო WAY–ის ოფისში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2016 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით ფუნქციონირებდა. სწავლა უფასო იყო და პროცესს მიწვეული კვალიფიციური სპეციალისტები უძღვებოდნენ. ბუღალტერთა მომზადების კურსის მონაწილეებს უფასოდ გადაეცათ სასწავლო ლიტერატურაც. ხუთი თვის განმავლობაში სასწავლო კურსები პანკისის ხეობაში მცხოვრებმა 200–მდე ახალგაზრდამ გაიარა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა მცირე მეწარმეებიც. 25 წლის მარსელ ბაღაკაშვილი ერთ–ერთი მათგანია. მარსელი ბუღალტერიის შემსწავლელი კურსის მსმენელი იყო.
„ვისწავლე მუშაობა ORIS პროგრამაში, ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე დოკუმენტაციის შედგენა, რაც დამეხმარება კლიენტებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მე ქვის სახერხი საამქრო მაქვს. აქამდე საბუთების მოწესრიგებაში სხვების დახმარება მჭირდებოდა, შესაბამისად, თანხის გადახდა. ამ კურსის გავლის შემდეგ დამოუკიდებლად შემიძლია საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება. პანკისში პირველად იყო შესაძლებელი ბუღალტერიის შემსწავლელი კურსის გავლა“, – აღნიშნავს მარსელ ბაღაკაშვილი.
„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ პრაქტიკული უნარები არ მქონდა. სამოქალაქო აქტივობების ცენტრში კომპიუტერული საოფისე პროგრამების და ავტომობილის მართვის კურსი გავიარე. უახლოეს მომავალში ვაპირებ მართვის მოწმობის აღებას. რომელიმე ორგანიზაცია ვაკანსიას როცა აცხადებს, პანკისში იქნება თუ სხვაგან, ყველგან ითხოვენ კომპიუტერული პროგრამების კარგ ცოდნას, მე კი ასეთი ცოდნა აქამდე არ მქონდა. დარწმუნებული ვარ დამეხმარება დასაქმებაში“, – ამბობს 23 წლის მადონა მარგოშვილი.
სასწავლო კურსების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ამასთან, ავტომობილის მართვის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა, საკუთარი ინიციატივით, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარების ღირებულებაც დაუფინანსა.