• მაჩალიკაშვილების პროტესტი და ჩაშლილი „პანკისობა“

    შაბათი, 22 სექტემბერი 2018 22:51 view 7274
    მაჩალიკაშვილების პროტესტი და ჩაშლილი „პანკისობა“

    სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების და პანკისის მოსახლეობის პროტესტის შედეგად, დღეს, ხეობაში, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული დღესასწაული „პანკისობა 2018“ ჩაიშალა.

    ე.წ. სახალხო დღესასწაული „პანკისობა“, ანონსის მიხედვით, 22 სექტემბერს, სოფელ დუისში, სპორტულ მოედანზე უნდა ჩატარებულიყო. 2 დღით ადრე, მერიის დავალებით, სტადიონი დაასუფთავეს კიდეც. დღეს, დილით კი გაირკვა, რომ „პანკისობასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები დუისში, სასაფლაოსთან ახლოს, დიდების მემორიალის ტერიტორიაზე გაიმართებოდა. დაგეგმილი იყო კულტურული, სპორტული და სხვა აქტივობები, ასევე კონცერტი ჯგუფ „ბანის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

    „პანკისობის“ წინა დღეს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ ხეობის მცხოვრებლებს მოუწოდა, უსამართლობისადმი პროტესტის გამო, ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიეღოთ და არც მასზე დასასწრებად მისულიყვნენ. „მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს ეთერში.

    „პანკისობის“ საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ახალდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია“, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დიდების მემორიალზე კი მივიდნენ, მაგრამ იქაურობა მალევე დატოვეს.

    დილიდან ღონისძიების ადგილას იმყოფებოდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, ბებია და ოჯახის სხვა წევრები. მოკლული ახალგაზრდის დედამ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება „პანკისობის“ ჩატარებას მაინც გადაწყვეტდა და ცეკვა-სიმღერებს გამართავდნენ, ის სცენაზე თავს დაიწვავდა. ამასთან, მედიკო მარგოშვილმა იქ შეკრებილ ადამიანებს მოუწოდა დაშლილიყვნენ, რადგან „პანკისობა არ ჩატარდებოდა“.

    დიდების მემორიალზე პანკისიდან მერის წარმომადგენლები და საბავშვო ბაღის ათამდე თანამშრომელი იმყოფებოდნენ. მედიკო მარგოშვილის თქმით, გუშინ, ახმეტის საბავშვო ბაღების ცენტრის დირექტორმა პანკისის ბაღების გამგეებს დაურეკა და გააფრთხილა, რომ ღონისძიებაზე ყველა თანამშრომელი მისულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან დაითხოვდნენ. პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა თავად ბაღების ცენტრის უფროსმა უარყო: „რა, დამთავრდა ყველაფერი ხეობაში ამ საქმის გამო? პანკისობა არის მთელი ხეობისთვის და ვისაც უნდა მოვა აქ. არანაირი ზეწოლა თანამშრომლებზე არ ყოფილა“.

    დაახლოებით 11 საათისთვის თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, ქისტ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, მემორიალის შესასვლელი გადაკეტა და მანქანებს ეზოში აღარ უშვებდა.

    „დამცხრილეთ როგორც გჩვევიათ. ღამით შემოპარვაც არ დაგჭირდებათ. დაგვცხრილეთ ორივე. მზად ვართ. დღეს მე ფიცი დავდე, ცოცხალი არ წავალ. დღეს არ ჩატარდება „პანკისობა“. თუ ჩამცხრილავთ, თუ მომკლავთ - კი ბატონო. მე მზად ვარ სიკვდილისთვის“, - მიმართავდა თემირლანის დედა პოლიციელებს.

    რამდენიმე წუთის შემდეგ მემორიალის ტერიტორიაზე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მივიდა მხარდამჭერებთან ერთად: „დაისაჯონ ის ნაძირლები, მეც დამასვენონ, ჩემი შვილიც დაასვენონ საფლავში. თუ არ დასჯიან, მე არ გავჩერდები. კანონის ფარგლებში სიკვდილის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ. ყველგან ხელს შევუშლი ამათ. ესენი მე იარაღს ხელში ვერ ამაღებინებენ, კანონიერად ვიბრძოლებ“.

    ახმეტის პოლიციის უფროსი მალხაზ მაჩალიკაშვილს სთხოვდა, ნახევარი საათი მოეთმინათ და ღონისძიების მონაწილეები დიდების მემორიალს დატოვებდნენ. ზოგიერთმა მონაწილემ მაჩალიკაშვილების ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა და ტერიტორია იქამდე დატოვა, ვიდრე სამინისტროები სტენდების აშლას და ნივთების ალაგებას დაიწყებდნენ.

    პანკისობა კი ჩაიშალა, მაგრამ ჩაშლამდე ინციდენტი მოხდა. მსუბუქმა ავტომანქანამ, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი და მერის პირველი მოადგილის ცოლის ძმა, ლევან მამსიკაშვილი მართავდა, მემორიალის ჩაკეტილი შესასვლელის გარღვევა სცადა და მანქანა ბავშვებს დააჯახა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მძღოლი არც პოლიციას ემორჩილებოდა. ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 ბავშვი, ასევე მძღოლიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ ქალს. მძღოლი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

    მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ლევან მამსიკაშვილი დაკავებული არ არის.

    პანკისობის ჩაშლის შემდეგ 200-მდე ადგილობრივი მემორიალის გადასახვევთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს გაზეთ „ქრონიკა +“ის რედაქტორი ელისო კილაძეც შეუერთდა. მათ კიდევ ერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, გამოიძიოს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე და დამნაშავეები დასაჯოს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]