• პანკისის სათემო რადიომ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო მიიღო

    პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 21:42 view 3048
    პანკისის სათემო რადიომ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო მიიღო

    საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა. საბჭო ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ოთხმოცზე მეტ ორგანიზაციას და დიასპორას აერთიანებს როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან.

    „სამწუხაროდ, როდესაც მედიასაშუალებებზე ვსაუბრობთ, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ბევრია მედიასაშუალება, რომელიც ტოლერანტობის ან სამოქალაქო თანასწორობის იდეას ქადაგებს.

    არ აქვს ნიშვნელობა ეს ელექტრონული მედია იქნება თუ ბეჭდური. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად მედიასაშუალებებში ძალიან ხშირად ნახავთ ამა თუ იმ ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის მიმართ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არატოლერანტულ დამოკიდებულებას. მაგრამ არსებობენ ნათელი წერტილები. ეთნიკური საბჭო აჯილდოვებს ორ მედიასაშუალებას. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივე მედიასაშუალება ძალიან მცირე რესურსების მქონეა, დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, დიდი ხანია გავიდნენ ამ ჩარჩოებიდან და სრულიად საქართველოსთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ბევრი მედიასაშუალებისთვის გახდნენ ინფორმაციის წყაროები. ესენია პანკისის და მარნეულის სათემო რადიოები“, - განაცხადა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრმა ზვიად ხალილოვმა.

    სათემო რადიოების გარდა ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღეს: მედიაკომპანია „ბათუმელებმა“, ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში იოჰანეს დუმამ, დედა სიდონიამ, ორი თვის წინ თბილისში, სავარაუდოდ ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოკლულმა სამოქალაქო აქტივისტმა, 25 წლის ვიტალი საფაროვმა (ჯილდო მოკლული საფაროვის დედას გადაეცა).

    საჯარო მოხელის ნომინაციაში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, ნათია კაპანაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფო სიჭინავამ. ორგანიზაციებიდან ჯილდოს მფლობელები სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი გახდნენ.

    ტოლერანტობის ქომაგის სპეციალური ჯილდო გადაეცათ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს – ქართველ გერმანელთა სათვისტომოს ხელმძღვანელს გარი აუგუსტს და ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარეს რეგინა იაკობიძეს.

    „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა 2006 წელს დააფუძნა.

    ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 16 ნოემბერს აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.

    ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (იუნესკო) 1995 წლის 16 ნოემბერს მიიღო. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა, 1996 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.


    პანკისის სათემო რადიო ტოლერანტობის ყველა ქომაგს ულოცავს აღიარებას და წარმატებებს უსურვებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]