• ქარტიის საბჭოს დასკვნით, მაჩალიკაშვილებზე «იმედის» სიუჟეტი მანიპულაციურია

    კვირა, 02 თებერვალი 2020 20:56 view 6063
    ქარტიის საბჭოს დასკვნით, მაჩალიკაშვილებზე «იმედის» სიუჟეტი მანიპულაციურია

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის სიუჟეტი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ეხება, მანიპულაციურია. ქარტიის საბჭოს დასკვნით, სადავო სიუჟეტში მოცემული ბევრი ინფორმაცია არასწორია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მაყურებლისთვის არასრული ინფორმაციის მიწოდება მოხდა. ამით კი ავტორი შეეცადა გაემყარებინა სახელმწიფო ბრალდების მტკიცება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი.

    საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში 2019 წლის 07 აგვისტოს გასულ სიუჟეტს სათაურით „თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ბანგლადეშში“. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, განცხადებით, პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიმართა.

    სიუჟეტის მიხედვით, ბანგლადეშში თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „The living heart association for relief and education გახსნა. ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ისრაილ ახმედნაბიევი, [იგივე აბუ უმარ სასითლინსკი]. ისრაილ ახმედნაბიევი რუსეთმა ტერორისტად გამოაცხადა და საერთაშორისო ძებნაშია ტერორიზმის ბრალდებით. ისრაილ ახმედნაბიევი ტერორისტულ იდეოლოგიასთან კავშირზე წერს ამერიკული ორგანიზაცია „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდი“ თავის რეპორტში და ამ რეპორტის თანახმად, ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაცია მას შემდეგ მოხდა, რაც 2012 წელს მახაჩკალაში, კოტროვის სალიფატურ მეჩეთში ისრაილ ახმედნაბიევის ქადაგებებს ესწრებოდა. ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს.

    მტკიცებით ფორმაშია აღნიშნული რომ ისრაილ ახმედნაბიევი ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელშიც აკუმულირდება ტერორისტული საქმიანობისთვის შეგროვილი თანხმები.

    სიუჟეტში რესპონდენტები საუბრობენ რომ: „ორგანიზაციასთან, რომელსაც ხელძღვანელობს ისრაილ ახმედნაბიევი, კავშირი მარტივად არ ხდება და შემთხვევით არ არჩევს ადამიანებს რომელსაც სახელობით წყაროებს უხსნის; „ორგანიზაციამდე მარტივად მისვლა არ ხდება, რომ მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება გაიხსნას წყარო, ერთი ნათესაური კავშირები, მეორე „სერიოზული დამსახურება“ ვაჰაბისტური ორგანიზაციის დამფინანსებლების წინაშე; „ორგანიზაციას აკვალიფიცირებენ ტერორისტულად როგორც ამერიკის, ისე რუსეთის მთავრობები; „თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობის წყარო გაიხსნა იმის გამო, რომ მას „დამსახურება“ ჰქონდა რწმენის წინაშე; „წყარო ბანგლადეშში იმიტომ გაიხსნა, რომ ისრაილ ახმედნაბიევი სავარაუდოდ თავის მუშაობის გავრცელებას ამ რეგიონზეც აპირებს; „მაჩალიკაშვილების ოჯახი ამ ორგანიზაციასთნ იდეოლოგიურ კავშირშია.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ (წევრები - ბიგანიშვილი, ზოიძე, გოგოლაძე, ზაკაშვილი, მთივლიშვილი, მგელაძე, სულაძე, მამედოვა), მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტი შემდეგ ლოგიკურ ხაზს გვთავაზობს: თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, სახელობითი წყარო გაუხსნა ორგანიზაციამ, რომელიც და რომლის ხელმძღვანელიც [ისრაილ ახმედნაბიევი] ასევე ტერორიზმთან კავშირშია მხილებული. ამით თითქოს მყარდება სახელმწიფო ბრალდების მტკიცება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კავშირი. ამ ხაზს აძლიერებს სიუჟეტში მოყვანილი ინტერვიუები, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ წყაროს გახსნა შემთხვევით არ ხდება.

    ჟურნალისტი არ ახსენებს იმ ინფორმაციას, რომ რეალურად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიმართავს ამ ორგანიზაციას და გარკვეულ თანხას გადაიხდის, შეუძლია გახსნას თავის სახელობის წყარო იმ ქვეყნებში, სადაც ეს ორგანიზაცია მოღვაწეობს. აღნიშნული გარემოება დადასტურდა საბჭოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ გვერდის შესწავლის შედეგად. სადავო სიუჟეტში რესპონდენტების მტკიცება, რომ სახელობითი წყაროს გახსნას რაიმე განსაკუთრებული კავშირები სჭირდება, არასწორია. ამასვე ადასტურებს მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც სიუჟეტშივე ამბობს რომ 600 $ გადაიხადა იმისათვის, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სახელობითი წყარო გაეხსნა.

    ჟურნალისტი ვებ გვერდზე ასევე ნახავდა ინფორმაციას, რომ ორგანიზაციას, რომელიც სადავო სიუჟეტის მიხედვით ტერორიზმის დაფინანსებაშია ბრალდებული, საბანკო ანგარიშები აქვს ინგლისურ ბანკში [Lloyds Bank], ეს კიდევ ამცირებს იმ ბრალდებების ვალიდურობას, რომ ორგანიზაცია ტერორისტებს აფინანსებს.

    სიუჟეტში ასევე ნახსენებია რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ისრაილ ახმედნაბიევი აფრიკის რესპუბლიკა ნიგერიაში ცხოვრობს. საბჭომ დაადგინა, რომ ახმედნაბიევი არა ნიგერიაში, არამედ ცხოვრობს სხვა აფრიკულ ქვეყანაში - ნიგერში. ეს შეცდომა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნიგერია, სადაც თითქოს ახმედნაბიევი ცხოვრობს, ასოცირდება ტერორისტულ ორგანიზაცია „ბოკო ჰარამთან“, რაც აძლიერებს ეჭვებს ახმედნაბიევის ტერორისტებთან კავშირის შესახებ.

    სადავო სიუჟეტში მტკიცებით ფორმაშია მითითებული რომ „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდმა“ გამოაქვეყნა რეპორტი (ანგარიში), რომლის თანახმად ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ცარნაევი მახაჩკალაში ესწრებოდა ისრაილ ახმედნაბიევის ქადაგებებს. მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საბჭომ დაადგინა, რომ სახეზე იყო არა „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ რეპორტი, არამედ „ჯეიმსთაუნის კვლევისა და ანალიზის ფონდის“ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მაირბექ ვაჩაგაევის საავტორო სტატია. მაყურებლის თვალში კი ტერმინი „რეპორტი“ უფრო მეტ ნდობას იწვევს წყაროს მიმართ, ვიდრე კონკრეტული პირის პერსონალური მოსაზრება. მეტიც, ე.წ. „რეპორტში“ რეალურად კი საავტორო სტატიაში, მტკიცებით ფორმაში არ არის მითითებული, რომ ბოსტონის ცნობილი ტერაქტის შემოქმედის, ტამერლან ცარნაევის რადიკალიზაციაში წვლილი შეიტანა ისრაილ ახმედნაბიევმა, არამედ საუბარია რომ ეს ჰიპოთეზაა, მტკიცებულებების გარეშე [but there is no evidence thus far confirming such a hypothesis.] და ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო არგუმენტებიც არის მოყვანილი. სადავო სიუჟეტში კი ისეა ინფორმაცია გადმოცემული, თითქოს ე.წ. „რეპორტი“ ადასტურებს ახმედნაბიევის გავლენას ბოსტონის ტერაქტის ავტორზე და არა არის ნახსენები საწინააღმდეგო არგუმენტები.

    აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი არ დაკავშირებია და არც დაკავშირების მცდელობა ჩანს ისრაელ ახმედნაბიევთან, რომელსაც ბრალს სდებდა ტერორიზმთან კავშირში და რომლის გვერდი სოციალური ქსელში ხელმისაწვდომი და აქტიურია.

    ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]