კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავთ. ქოხის შუაგულში პატარა ბიჭი ზის. ეს ალექსანდრე წოწკოლაურია, 11 წლის - ერთადერთი მოსწავლე სოფელ ხევისჭალაში. ამ ქოხიდან ის გაკვეთილებს ესწრება. ინტერნეტს მხოლოდ აქ მიაგნო. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.