ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანსამბლი „პანკისი“ უკვე დატოვა ლეილა აჭიშვილმა. თითზე ჩამოსათვლელ ახალგაზრდებს კი, ვინც ხეობაში არსებული პრობლემების მიუხედავად ჯერ კიდევ ახერხებენ ღონისძიებებში მონაწილეობას, მინიმალურ მხარდაჭერაზეც უარს ეუბნებიან.