კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი აქვს, მაგრამ რამდენიმე თვეა პანკისის ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობას ვერ იწყებს, ადგილობრივი მოსახლეობისგან თანხმობის მისაღებად შეთავაზება გაზარდა.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შპს „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. კომპანიამ ჰესის ასაშენებლად ხეობაში სამშენებლო მასალები უკვე შეიტანა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის წინააღმდეგია.