თემურ მახაური, იგივე „ზონა“, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევში, საკუთარ ავტომობილში 8 სექტემბერს ააფეთქეს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაკრძალეს. ყვარელწყალში „ზონას“ ცოლი და შვილი ცხოვრობენ.
კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, მეტსახელად „ზონა“ დაიღუპა. მახაური ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ჩეჩნური ბატალიონის წევრი იყო, რომელიც დონბასში საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს იბრძოდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს.
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. თარგამაძე და მისი მძღოლი აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა და 10-მდე ავტომანქანა დაზიანდა. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი მანქანა სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.