კოვიდ პანდემიის გამო მეორე სემესტრია ბევრ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სასკოლო განათლების სისტემა პანდემიამდეც უამრავი გამოწვევის წინაშე იდგა - იქნება ეს მასწავლებელთა შრომითი უფლებები, კომპეტენციები, სკოლის ჰიგიენურ-სანიტარული პირობები, მშობელთა დაბალი ჩართულობა თუ სხვა. ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი პრობლემები გააჩინა, გარკვეული პრობლემები კი კიდევ უფრო გაამწვავა. განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ რეგიონებსა და მთაში მცხოვრები მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, არ გააჩნიათ კომპიუტერი და ტელეფონი. ასეთი ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გვაქვს.