ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებაში, იძულებასა და ფულის გამოძალვაში ბრალდებულები – ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000 – 5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა პანკისელი ბიზნესმენის ვახტანგ ფარეულიძის ძმის და მისი დაცვის სამი წევრის დაკავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ტაჯიკი ბიზნესმენები გაიტაცეს და თანხის გამოძალვის მიზნით სცემეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ისლამ დუიშვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანიდან სამართალდამცავებმა სხვადასხვა იარაღი, ბეისბოლის ხელკეტები და 68 900 დოლარი ამოიღეს.
თბილისში პანკისის მცხოვრებლები ბაქარ ფარეულიძე, ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და კიდევ ერთი პირი, ზელიმ ბაკაევი ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე დააკავეს. ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი.