ყოველ კვირას, ჭართალას, შახვეტილას, ნადუქნარის და საბუეს გზაზე, მიკროავტობუსში სულ 10-ოდე ადამიანი იყრის თავს, ძირითადად ასაკოვნები. კვირა ახმეტაში ბაზრის დღეა. ილტოს ხეობის მცხოვრებლები, ამ გზაზე ცვლიან ყოველდღიურ ამბებს იმის შესახებ, რომ თურმე ნადუქნარის სკოლა, მოსწავლეების არარსებობის გამო დახურულა; მეორე „კორონობის“ დროს ილტოს ხეობის სოფლებში დახმარება ჯერაც არავის მიუღია და 2020 წელიც ისე ჩაივლის, რომ „მთის სტატუსს“ ხეობის ბევრი სოფელი ისევ ვერ მიიღებს.