• weather cur horoscope

    «გამოსავალი არის შეზღუდვების მოხსნა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აიცრნენ» – ინტერვიუ

    პარასკევი, 21 მაისი 2021 10:16 view 437
    «გამოსავალი არის შეზღუდვების მოხსნა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აიცრნენ» – ინტერვიუ

    მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. რა გავლენას მოახდენს ეს კოვიდპანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიის აღდგენაზე – ამ საკითხზე პანკისის სათემო რადიო ეკონომისტს, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ესაუბრა.

    ბატონო რამაზ, რა მდგომარეობაშია ტურიზმის სექტორი დღეს?

    – მოგეხსენებათ, ტურიზმის სექტორს საკმაოდ დიდი წვლილი ეჭირა ეკონომიკაში, განსაკუთრებით სამუშაოს განაწილების თვალსაზრისით, ანუ ბევრი საოჯახო მეურნეობა და მოქალაქე იყო ჩართული. პანდემიისა და ეკონომიკური შეზღუდვების შედეგად, პრაქტიკულად, ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა. ის თითქმის გაჩერეებულია, მისი ბრუნვა და ასე ვთქვათ, მოცულობები 100%-დან რამოდენიმე ერთეულ პროცენტამდეც კი დავიდა, მათ შორის, ტურისტების ნაკადების მიმართულებითაც. ტურიზმმა მიიბა ყველა ის დამატებითი სექტორი, რაც შეიძლება მასთან ყოფილიყო კლასტერულად კავშირში, როგორიცაა სასტუმროები, გიდები, სუვენირების გაყიდვა, საცალო ვაჭრობა და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად ზარალი ამ სექტორმა ნახა და ამის გამო მოხდა ბევრი მოქალაქის შემოსავლის შემცირება ან საერთოდ შემოსავლის წყაროს დაკარგვა.

    – რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია ტურიზმზე და ეკონომიკაზე? მაგალითად, მე რომ ვიყო უცხოელი ტურისტი აუცილებლად მოვიკითხავდი ქვეყანაში არსებულ კოვიდვითარებას და ვაქცინაციის პროცესს.

    – ზოგადად, ვაქცინაციის პროცესი რასაკვირველია უსაფრთხოების ნორმებს ზრდის, რადგან ვაქცინაციაა პანდემიასთან ბრძოლის და ვირუსის დამარცხების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გზა. ამის სრული გამოცდილება მსოფლიოს არ აქვს, თუმცა ამ თვალსაზრისით თითით საჩვენებლია ჩვენსავით პატარა ქვეყანა ისრაელი. მას სრულად გახსნილი აქვს ეკონომიკა, მათ შორის, ტურისტული მიმართულებისთვის ის არის მწვანე ზონა. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ გახსნილობასთან და მათ შორის, ტურისტული ნაკადების აღდგენასთან. რასაკვირველია, პირველი ეტაპისთვის ეს არ იქნება 100%-იანი სიმძლავრის აღდგენა, მაგრამ თუნდაც ეტაპობრივი აღდგენა, იგივე შიდა ტურიზმის თვალსაზრისით, უკვე არის ის ეტაპი, როდესაც ტურიზმი ხდება თვითკმარი და კრიზისული პერიოდის გადაგორებასაც მოახდენს. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დღემდე რჩებიან ღრმა კრიზისში.

    პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით როგორი მნიშვნელოვანიც არის ვაქცინაცია, ასევე დიდია მისი მნიშვნელობა ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმთან მიმართებაში.

    როდესაც უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტი ხედავს, რომ რეგიონში არის კარგი მდგომარეობა და უსაფრთხოა, ლოგიკურია, რომ არჩევანს გააკეთებს ასეთ სივრცეზე. ჩვენ ვაქცინაციის მაღალი ტემპებით შეგვეძლო მწვანე სივრცე შეგვეთავაზებინა უცხოელი ტურისტებისთვის.

    ისინი დგანან ალტერნატივების წინაშე. ჩვენს გარდა არსებობს მრავალი კონკურენტი მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე, შესაბამისად, არჩევანს იმ ქვეყნების სასარგებლოდ გააკეთებენ, სადაც ეს მდგომარეობა უკეთესაც იქნება დაცული.

    – მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება ე.წ. კოვიდუსაფრთხო დაწესებულებების შექმნა და იგეგმება ტურიზმის აღდგენა, ეკონომიკის გამოცოცხლება, მაგრამ მაშინ, როდესაც გვაქვს ინფიცირების მზარდი შემთხვევები, ქვეყანაში მოქმედებს რიგი კოვიდშეზღუდვები, როგორიცაა მაგალითად ე.წ კომენდანტის საათი, როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

    – პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კარგი სურვილი, თუმცა, არასაკმარისი პირობა იმისთვის, რომ ტურიზმის თვალსაზრისით გვქონდეს მნიშვნელოვანი ძვრები.

    იმისთვის, რომ გვქონდეს მნიშვნელოვანი ძვრები, რასაკვირველია, საჭიროა სტაბილურობა, იგივე გარდაცვალების თუ დაავადების რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება. ამის შესაძლებლობა კი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ აქტიურად წავა ვაქცინაციის პროცესი.

    უსაფუძვლო და პირდაპირ ვიტყვი, უაზრო შეზღუდვები (მათ შორის, როგორიც არის კომენდანტის საათი) პირდაპირ ანგრევს როგორც ტურიზმს, ასევე მთლიანად ეკონომიკას. მით უმეტეს, ტურიზმი ხშირად არის დაკავშირებული მოგზაურობასთან და პირდაპირ აზარალებს ამ სექტორს, თუნდაც შიდა ტურიზმის თვალსაზრისით. ადამიანი არ წავა თუნდაც ლაშქრობაში, რისთვისაც ახლა მშვენიერი პერიოდია. ვფიქრობ დაავდებისთვის ყველაზე საშიში არის სწორედ დაბალი მობილობის მქონე ბრუნვა და მოგზაურობა, ვიდრე ასე ვთქვათ, ქალაქში ჩაკეტილი მოქალაქეები. მათ სჭირდებათ ე.წ. შემობრუნების წერტილი, სადმე რომ წავიდეს უნდა მობრუნდეს უკან, ამ დროს 9 საათზე მას ხვდება კომენდანტის საათი. ლოგიკურია, ეს მის გადაწყვეტილებაზე მოახდენს ზეგავლენას. ან თუნდაც ტურისტი ღამისთევით რომ მიდის, მას სჭირდება რაღაცა ტიპის გადაადგილება. ლოგიკურია, ამ პირობებში ისინი არ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ნაწილში დიდი პრობლემა გვაქვს. ადგილობრივი ტურიზმიც რომ ყოფილიყო, ზაფხულის პერიოდი გავუშვით, ზამთრის პერიოდი გავუშვით, ახლა ახალი სეზონი იწყება და ამ სეზონსაც ვერ ვხვდებით მომზადებული, რაც ძალიან ცუდია.

    გამოსავალი არის, მათ შორის, შეზღუდვების მოხსნა, განსაკუთრებით იმ პირებზე, რომლებმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს. შესაძლებელია, მოხდეს ვაქცინაციის მიმართულებით პასპორტიზაცია, მოწმობის გაცემა, ბეიჯივით თითოეულ ადამიანს ჰქონდეს და მას შეზღუდვები არ ეხებოდეს - მათ შორის, არც პირბადის ტარების შეზღუდვა. ეს, ერთი მხრივ, იმოქმედებს დადებითად ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩენს სტიმულს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობა ვაქცინაციის პროცესში, რაც მიზეზ-შედეგობრივად დადებით მაჩვენებლამდე მიგვიყვანს.

    ვირუსმოხდილ ადამიანსაც რომ იგივე მდგომარეობაში აყენებ, მასაც ავალდებულებ, რომ ატაროს პირბადე და იგივე შეზღუდვებში გყავს, აცრილიც იგივე შეზღუდვებში გყავს – ეს არ არის სტიმულის მიმცემი და ადამიანები ელოდებიან, სხვა როდის გაიკეთებს ვაქცინას, დაკვირვების რეჟიმში არიან და ეს დაკვირვების რეჟიმი ჩვენ გვიჯდება ძალიან ძვირი როგორც ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე წმინდა ეკონომიკური მაჩვენებლის თვალსაზრისით.

    – ინფიცირებულთა რაოდენობიდან და ვაქცინაციის დაბალი ტემპიდან გამომდინარე ძალიან რთულია ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ახლოვდება ტურისტული სეზონი, უნდა ველოდოთ თუ არა კიდევ ერთ ე.წ. ლოქდაუნს?

    – ლოგიკუარდ ვფიქრობ, რომ მთავრობამ რამოდენიმე შეზღუდვების შედეგად კარგად დაინახა თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს ლოქდაუნს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მძიმე ლოქდუნას არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება. მათ უნდა იმუშავონ სხვა მიმართულებით – ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების კუთხით და მაქსიმალურად შეზრუდვების მოხსნისკენ. ლოქდაუნი დაანგრევს ეკონომიკას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    შმაგი მუთოშვილს მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა და 4 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი (ასლან) მუთოშვილის საქმეზე…

    თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

    ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის,…

    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

    დაღლილობა, გონების დანისვლა და კონცენტრირების პრობლემა, გემოსა და სუნის შეგრძნების…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]