• პრეზიდენტის საჯარო შეხვედრა პანკისის ხეობაში 11 წლის შემდეგ [Video]

    შაბათი, 30 იანვარი 2016 17:18 view 6392
    პრეზიდენტის საჯარო შეხვედრა პანკისის ხეობაში 11 წლის შემდეგ [Video]

    „ლავროვზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე ვარ პანკისის ხეობაში, ჩემთან ერთად არიან ევროკავშირის და შეერთებული შტატების ელჩები, ჩემთან ერთად ხართ თქვენ, ჟურნალისტები და თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ, როგორი სიმშვიდეა აქ“,- საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პანკისის ხეობაში ჩავიდა და სოფელ დუისში ადგილობრივებს შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტს წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას ტერორისტების საწვრთნელად იყენებს.

    პანკისის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის, ელჩების და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვიზიტის მიუხედავად, არ ყოფილა მიღებული უსაფრთხოების რაიმე განსაკუთრებული ზომები, არ მომხდარა პოლიციის მობილიზაცია, როგორც ეს 10 იანვარს, პანკისში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის და მისი თანხლები პირების ვიზიტისას იყო. ხიდაშელისგან განსხვავებით პრეზიდენტი და დიპლომატები პანკისში ვერტმფრენებით არ ჩასულან, ისინი ხეობაში ესკორტის გარეშე ჩავიდნენ, დაახლოებით 5 მანქანით.

    ღია იყო შეხვედრა ადგილობრივებთან სოფელ დუისის კულტურის სახლში. შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. მართალია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პანკისის ხეობაში მარგველაშვილის ვიზიტის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ოფიციალურად არ გაავრცელა, მაგრამ ხეობაში შეხვედრის შესახებ იცოდნენ, ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მაინც გავრცელდა.

    შეხვედრას ძირითადად უხუცესთა საბჭოს წევრები და პედაგოგები ესწრებოდნენ. იყო რამდენიმე ახალგაზრდაც, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები. შეხვედრას კახეთის გუბერნატორი და ახმეტის გამგებელიც იმყოფებოდნენ, განსხვავებით თინა ხიდაშელის ვიზიტისგან. მაშინ პანკისში გამართულ აქტივობებს ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

    პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეხვედრის დასაწყისში 56 წლის თამარ თურქოშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ის სოფელ ომალოს ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელია. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკა 2007 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მეცხრე წელია დანგრეულ ოთახში მიტოვებულ წიგნად ფონდს თამარ თურქოშვილი ანაზღაურების გარეშე უვლის.

    „წიგნების სიყვარულმა მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ყველანაირ ხელფასს მირჩევნია ის, რაც დღეს მოხდა“, - უთხრა თამარ თურქოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. ომალოს მოსახლეობა ბიბლიოთეკის შენობის რეაბიალიტაციას და სოფელში კულტურის სახლის აღდგენას ითხოვს.

    მართალია პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ პანკისის ხეობაში მისი ვიზიტი სერგეი ლავროვის განცხადებას არ უკავშირდება, მაგრამ შეხვედრაზე საუბარი რუსეთის ბრალდებებს მაინც შეეხო.

    „უკანასკნელ პერიოდში, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა პანკისის საკითხს. მათ შორის გამოვყოფდით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ლავროვის გამოსვლას, სადაც გამახვილებულია ყურადღება, თითქოს პანკისის ხეობაში რაღაც ბაზები არსებობს, წვრთნები მიმდინარეობს და ა.შ“, – განაცხადა უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილმა, რაზედაც პრეზიდენტმა იხუმრა: ბატონი ლავროვიც ხომ არ დავპატიჟოთ?

    „შეიძლება, რომ საკუთარი თვალით ნახოს. პანკისში არაფერი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი არ ხდება. კარგი იქნება თუ დავპატიჟებთ და დაინახავს“, – უპასუხა გუმაშვილმა. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე პანკისის გაზიფიცირების პრობლემაზეც ისაუბრა. ადგილობრივების თქმით, გაზიფიცირების შესახებ დაპირება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე ხეობის 12 სოფელში მცხოვრები ათი ათასზე მეტი ადამიანი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

    ეთნიკურმა ქისტებმა პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც შესჩივლეს. „მოქალაქეობის მიღების საკითხი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდებისთის. ჩემმა ორმა ბიჭმა, სამჯერ შეიტანა განცხადება მოქალაქეობის მისაღებად, სამჯერვე უარი ეთქვათ. მოქალაქეობა რომ არ აქვთ, ბევრი პრობლემა ექმნებათ, მათ შორის ქვეყნიდან გასვლისას, განათლების მიღებისას, დასაქმებისას. კარგი იქნება თუ მოქალაქეობის მინიჭების საკითხს ყურადღებას მიაქცევთ“, – განაცხადა სოფელ დუისის მკვიდრმა ომარ ალდამოვმა.

    შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა დასაქმების პრობლემებზე ისაუბრეს და პრეზიდენტს იმ პროექტების მხარდაჭერა სთხოვეს, რომელიც მათ ჩართულობას, კვალიფიკაციის ამაღლებას და შესაბამისად, დასაქმებას ხელს შეუწყობს.

    სერგეი ლავროვის განცხადებას შეეხო უხუცესთა საბჭოს წევრი, მწერალი ხასო ხანგოშვილიც. „რუსულ აგიტაცია-პროპაგანდას თავისი მიზანი აქვს. რაღაცას მაინც იჯერებს ხალხის დიდი ნაწილი. მითუმეტეს, პანკისზე ყოველთვის ტრიალებს ეს. ასე ვთქვათ, „ნელი მოქმედების ბომბია“ ჩადებული აქ და როცა სურთ, ალბათ შეუძლიათ პროვოკაცია გამოიწვიონ. ყოველთვის ვაყენებდით საკითხს, რომ მოეხედათ პანკისისთვის, რომ ასეთი აჟიოტაჟი არ ყოფილიყო ატეხილი ჩვენი ხეობის ირგვლივ“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

    „ის მომენტი, რაც რამდენჯერმე იქნა ნახსენები, რომ გარკვეული სიფხიზლეა თუ შიში, ეს არ უნდა გქონდეთ. საქართველოს სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენგანი ისეთივე ფასეულია, როგორც ნებისმიერ სხვა კუთხეში მაცხოვრებელი, ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი. თქვენზე ყურადღება ისეთივეა, თქვენზე ზრუნვაც ისეთივეა, შეიძლება საკმარისი არ არის ხოლმე, მაგრამ რაც შეგვიძლია ყოველთვის დავიცავთ და ყოველთვის ვიცავდით. პატივისცემა და ყურადღება ისეთია, როგორსაც თქვენ განსაკუთრებით იმსახურებთ თქვენი მრავალსაუკუნოვანი შრომით ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“,- მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს.

    პრეზიდენტის განცხადებით, სამართალდამცავი სტრუქტურები პანკისში ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ. მისივე თქმით, ხეობის მიმართ სამართალდამცავებთან ერთად პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მუდმივი ყურადღებით არის განწყობილი.

    პანკისში არსებული ვითარება უსაფრთხოდ შეაფასეს ამერიკის და ევროკავშირის ელჩებმაც.

    „მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმისთვის, რომ მომცა საშუალება ჩამოვსულიყავი ამ ულამაზეს ხეობაში. მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს სურს საქართველოში იყოს წარმატებული დემოკრატია. შეერთებული შტატები საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტერორიზმთან ბრძოლაშიც და მე კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ პანკისში არ არის არავითარი ტერორისტული ბაზა“, – განაცხადა იან კელიმ.

    „პანკისის ხეობაში პირველად ვარ, ვითარებას ვეცნობით. რათქმაუნდა, ყველამ გვითხრა, რომ აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს და რაიმე მსგავსი არც მე შემიმჩნევია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

    საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრის მიზნით 11 წელია არ ყოფილა. ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სააკაშვილი პანკისში ბოლოს 2004 წელს იმყოფებოდა, ვერტმფრენით, ხადორჰესის გახსნაზე.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]