• პროტესტი პანკისში გამოუძიებელი საქმეების გამო და საპირისპირო შედეგი არჩევნებში

    ორშაბათი, 29 ოქტომბერი 2018 21:56 view 9920
    პროტესტი პანკისში გამოუძიებელი საქმეების გამო და საპირისპირო შედეგი არჩევნებში

    „მე ვფიქრობ, პანკისი დააფიქსირებს პროტესტს. მთელ ხეობაში ძირითადად „ოცნების“ მომხრეები იყვნენ. თემირლანის მკვლელობის შემდეგ შეიცვალა ეს ყველაფერი. მე აქ ვარ, დუისის ორივე უბანზე დავდივარ. მაინტერესებს, ქისტებიდან ვინ აწერს ხელს თემირლანის მკვლელობას, ვინ აქტიურობს „ოცნების“ სასარგებლოდ“, - ეს განცხადება პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში, სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულებამდე გააკეთა.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, სპეცრაზმმა, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, საკუთარ სახლში, საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

    დუისის 26-ე საარჩევნო უბანში მისცა ხმა ამავე სოფელში მცხოვრებმა თამაზ ალდამოვმაც. მისი შვილი, 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი, 2012 წლის 28 აგვისტოს, ლაფანყურთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, კიდევ 6 პირთან ერთად მოკლეს:

    „ყოველთვის, როცა არჩევნებია, რაღაცას ველოდებით კარგისკენ. 2012 წელს, მეც მქონდა მოლოდინი, რომოცნებაგამოიძიებდა ლაფანყურის საქმეს და სასამართლომდე მიიყვანდა. ეს არ მოხდა.

    ახლა, ამ არჩევნებში მონაწილეობით, მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი, თორემ, განა რამეს ველით? ყველა ხელისუფლებას, რომელიც მოდის, თავისი ომი აქვს გამოცხადებული ქისტებთან. წინა ხელისუფლებამ ჩემი და სხვისი შვილები დახოცა, ამ ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილი. ბიჭი საწოლში მძინარე მოკლეს. ვინც გინდა გაიმარჯვოს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მაინც ჩვენ ვართ დაჩაგრულები“.

    პანკისის ხეობაში ხუთი საარჩევნო უბანია, ორი სოფელ დუისში, თითო-თითო ჯოყოლოში, ქვემო ხალაწანსა და ომალოში. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩევლებზე ზეწოლის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილს მაინც მიაჩნდა, რომ „ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემით, ქისტებიდან თემირლანის მკვლელობას ხელს ბევრი არ მოაწერდა“.

    სალომე ზურაბიშვილმა პანკისში ყველაზე მეტი ხმა სწორედ დუისის საარჩევნო უბნებზე მიიღო, იმ სოფელში, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ცხოვრობდა და მოკლეს.

    დუისის 26-ე უბანზე 206 ხმა ზურაბიშვილმა დააგროვა, 74 ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, 44 ხმა „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა დავით ბაქრაძემ და 87 ხმა „ლეიბორისტების“ კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა.

    დუისის მე-5 უბანზე სალომე ზურაბიშვილს ხმა 232-მა ამომრჩეველმა მისცა, ვაშაძეს 93-მა, ბაქრაძემ 28 ხმა მიიღო, ნათელაშვილმა 67.

    „ისინი ჩემთვის ღირსებადაკარგული ადამიანები არიან“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი და იქვე დასძენს: „მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხმებით, პანკისში, თემირლანის საქმეზე პროტესტი აღარ იქნება. აქ ხალხი დაშინებულია. დღეს ასეთი დროა. ყველას უჭირს, ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის. ბანკის ვალები აქვთ, მერე ის გაორმაგდება. ამას დიდი პრობლემები მოჰყვება. ამიტომ, იძულებულები ხდებიანოცნებასმხარი დაუჭირონ.

    ხეობის მოსახლეობას რომ პროტესტი აქვს, ესპანკისობისდღესასწაულმაც აჩვენა, რომელიც ჩვენმა ოჯახმა ჩაშალა, მაგრამ იქ პანკისის მცხოვრებლები რომ გამოსულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ, ხალხის წინააღმდეგ არ წავიდოდი.

    მე როცა მხვდებიან ისინი, ვინც ხეობაში ან ხეობიდან დასაქმებულები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე, მეუბნებიან, კი ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენოცნებასმხარს არ დავუჭერთო. პირადად მე ამას მეუბნებიან. დანარჩენი ქისტების ნამუსსა და სინდისზე იყოს“.

    პედაგოგი და სამოქალაქო აქტივისტი ლუიზა მუთოშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს დუისის 26-ე უბანზე აკვირდებოდა. ლუიზა ამბობს, რომ ახალგაზრდებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს, არც სალაფიტური და არც სუფისტური თემიდან.

    „ეს არის პროტესტი. რეალურად ბრძოლა მიმდინარეობს გაერთიანებულ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.

    ორივე პოლიტიკურ მთავრობას თავისი სისხლიანი რეჟიმით ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი პანკისის ხეობაში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო გუმაშვილების ლიკვიდაცია, იყო ლაფანყური და ბოლო სპეცოპერაცია უკვე „ქართული ოცნების“ მიერ - თემირლანის საქმე, რომელიც დღემდე გამოუძიებელია“.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, პანკისში სულ 4685 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხეობაში არჩევნებში მონაწილეობა 1963-მა ამომრჩეველმა მიიღო. აქედან სალომე ზურაბიშვილს ხმა 855-მა ადამიანმა მისცა, 524 ხმა დააგროვა გრიგოლ ვაშაძემ, 154 ხმა დავით ბაქრაძემ და 249 ხმა შალვა ნათელაშვილმა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა პანკისის ხუთი უბნიდან არჩევნები მხოლოდ სოფელ ომალოში წააგო. აქ გრიგოლ ვაშაძემ 150 ხმა მიიღო, 129 ხმა კი სალომე ზურაბიშვილმა.

    2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პანკისში 4690 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2432-მა ადამიანმა, რაც 469-ით მეტია, წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე.

    გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებში, პანკისის ხეობის ხუთივე უბანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ 53 ხმა დააგროვა, „ქართულ ოცნებას“ კი ხმა 1905-მა ამომრჩეველმა მისცა. წელს ეს რიცხვები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

    „სახელმწიფომ არ აღიარა თემირლანის მკვლელობა. მე ასე ვუწოდებ მას, შემთხვევით იქნება ეს თუ მიზანმიმართული. შეიძლებოდა ხელისუფლებას ეთქვა, რომ არასწორად მოხდა ეს, რაღაც შეცდომაა დაშვებული ამ ოპერაციის მსვლელობისას ან არ იყო საჭირო ოპერაციის ჩატარება. გამოსავალი არსებობდა. მაგრამ, ეს ახსნა-განმარტებაც არ მოხდა. ამის გამოც არსებობს უკმაყოფილება. ამას დაემატა ჰესების მშენებლობის მიმართ მოსახლეობის წინააღმდეგობა. ეს არის ამომრჩეველთა შემცირებული აქტივობისა და ახალგაზრდების პროტესტის მიზეზი“, - აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი.

    წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა 615 433 ხმა მიიღო (38.64 %), გრიგოლ ვაშაძემ კი 600 970 ხმა (37.73 %). პირველ ტურში 50 %-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

    არჩევნების საბოლოო შედეგი მაქსიმუმ 20 დღეში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც, არჩევნების მეორე ტური 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]