საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ითიურიძის განცხადებით, მაგდანა ალხანაშვილს 2018 წლის ივნისიდან საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაგვიდასტურა, რომ მაგდანა ალხანაშვილს გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი“, - აღნიშნავს ითიურიძე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თამარ ყეინიშვილის განმარტებით, მან არ იცის მაგდანა ალხანაშვილი სად იმყოფება.
ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა არაერთმა წყარომ პანკისის სათემო რადიოს დაუდასტურა, რომ მაგდანა ალხანაშვილი შვედეთშია და თავშესაფარს ითხოვს. პანკისში მცხოვრები მისი ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ.
მაგდანა ალხანაშვილს ფეისბუქში პირადი ანგარიშიც გაუქმებული აქვს.
ლევან ითიურიძის თქმით, მაგდანა ალხანაშვილს საკრებულოში მუშაობის დროს პრობლემები არ ჰქონია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, რომ მაგდანას ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც სთავაზობდნენ, რაც ყოველთვიურად 1000 ლარამდე ანაზღაურებას ითვალისწინებდა, მაგრამ უარი თქვა.
მაგდანა ალხანაშვილი „ქართული ოცნებიდან“ 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო და ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნულ ფორუმს“ ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაგდანა ალხანაშვილი ხალაწნის მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
რამდენიმე წყარომ პანკისის სათემო რადიოს უთხრა, რომ შვედეთში თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი ხეობაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, პანკისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელს, მელსი ბაღაკაშვილსაც.
ახლო ნათესავების თქმით, საქართველო მან მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად გასულ წელს დატოვა. ნათესავები მელსი ბაღაკაშვილის მიერ თავშესაფრის მოთხოვნაზე არ საუბრობენ. მელსი ბაღაკაშვილი ბოლო პერიოდში პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდები აქტიურად ითხოვდნენ სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას.
შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მორგან იოჰანსონის განცხადებით, ბოლო თვეებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ისევ გაიზარდა.
2017 წელს, შვედეთის მიგრაციის სააგენტოში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1105 განაცხადი დარეგისტრირდა. სააგენტომ თავშესაფრის მინიჭების თაობაზე სულ 963 განაცხადი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.
2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით, საქართველო მეორე ადგილზე იყო სირიის შემდეგ.
შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, სულ 2018 წელს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1156 განაცხადი მიიღეს. თავშესაფარი საქართველოს 5 მოქალაქეს მიენიჭა.