პანკისის ხეობაში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ის არ ხასიათდება პოლიტიკური ძალების ღია აქტიურობით, რითიც განსხვავდება საქართველოს ზოგიერთ სხვა რეგიონში არსებული სიტუაციისგან. მაგალითად, ბოლნისსა და მარნეულში ვნახეთ ფიზიკური ძალადობის, მანქანების დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევები.
პანკისის მოსახლეობა ღიად არ ასახელებს, რომელ კანდიდატს ან პარტიას ანიჭებს უპირატესობას, არ არის გამოკვეთილი ლიდერი. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია წინასაარჩევნოდ რაიმე პროგნოზის გაკეთება.
გადაცემა „ფოკუსში“ მოვუსმენთ პანკისელებს – რამდენად კარგად იცნობენ და საერთოდ, იცნობენ თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, რას ფიქრობენ კანდიდატების დაპირებებზე და ხეობაში არსებულ რა პრობლემებს გამოყოფენ თავად.
ასევე, ვისაუბრებთ ზოგადად, რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე (დარღვევებზე, გამოკვეთილ ტენდენციებზე) და კორონავირუსის პანდემიის ფონზე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე.
გადაცემის სტუმრები არიან:
გიგი ჩიხლაძე – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი;
შენგელი ტოხოსაშვილი – პანკისის ხეობის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი;
შაქრო ტერტერაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.