• ფოკუსი – მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი: შეფასებები და მოლოდინები

    შაბათი, 12 დეკემბერი 2020 16:50 view 1956
    ფოკუსი – მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი: შეფასებები და მოლოდინები

    11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დასწრებით, 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ორშაბათიდან პარლამენტი სრულფასოვან მუშაობას გააგრძელებს.

    გადაცემა „ფოკუსის“ სტუმრები არიან:

    ლევან ბეჟაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი;

    გიორგი ბოტკოველი – „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი;

    ირაკლი ქადაგიშვილი – „ქართული ოცნების“ წევრი, მეათე მოწვევის პარლამენტში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი;

    ლევან ლორთქიფანიძე – პოლიტოლოგი;

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    ლევან ბეჟაშვილი: „ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო ვითარება, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში. მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთიანია თავის მოთხოვნაში და არ უერთდება არც პარლამენტის პირველ სხდომას და არც პარლამენტის საქმიანობას. ეს იქნება ახალი პოლიტიკური პროცესების განვითარების დასაწყისი. პოლიტიკური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ორშაბათს არის დაგეგმილი. ოპოზიციის მოთხოვნებია: ან „ქართულმა ოცნებამ“ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ან ვკითხოთ მოსახლეობას – პლებისციტის ფორმით მოსახლეობამ გადაწყვიტოს, უნდა მოხდეს თუ არა უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.

    გიორგი ბოტკოველი: „ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ჩვენს მოთხოვნებს ითვალისწინებს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას, რომელიც არ ასახავს ქართველ ხალხის, საქართველოში მაცხოვრებელი ხალხის ნებას. რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში, არის სირცხვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ, სამწუხაროდ, მთელი საქართველოსთვის“.

    ირაკლი ქადაგიშვილი: „ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობა მაინც გააჩნია ქვეყნის წინაშე, თავისი ამომრჩევლის წინაშე, თავისი ნამუსის წინაშე, ადრე თუ გვიან შემოვა პარლამენტში. მტკიცება იმისა, რაც ბუნებაში არ არსებობს (რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც ისინი ამბობენ) და უარის თქმა ყველა უბნის გახსნაზე, გადათვლაზე და უბრალოდ ზეპირსიტყვიერად თქმა, რომ არ მომწონს არჩევნების შედეგები და არ შევალ პარლამენტში, არ მივიღებ პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას... ესეთი კატეგორიის „პოლიტიკოსები“ უფრო ანარქისტები არიან. ვფიქრობ, თუ ოპოზიციაში ვინმეს ნამდვილად ექნება სახელმწიფოებრიობის, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის განცდა, ადრე თუ გვიან შემოუერთდება საპარლამენტო ცხოვრებას“.

    ლევან ლორთქიფანიძე: „პარლამენტში არ შესვლა იწვევს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას „ქართული ოცნების“ ხელში, ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაძლიერებას, ოპოზიციის კიდევ უფრო მეტად დისკრედიტაციას და ეს არის საფრთხე მთელი ქვეყნისთვის და არა ცალკე აღებული ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის. ქუჩიდან ხელისუფლების გაკონტროლება არის უფრო რთული, ვიდრე 60-კაციანი საპარლამენტო უმცირესობის საშუალებით, თან ოპოზიცია არ არის ცოტა – 60-კაციანი ოპოზიცია დიდი ხანია არ გვყოლია პარლამენტში, დიდი ხანია არ გვყოლია პარტიული თვალსაზრისით ასეთი მრავალფეროვანი პარლამენტი, დიდი ხანია არ გვყოლია ასეთი აქტიური ოპოზიციონერები ასპარეზზე და ისინი პარლამენტში უკეთესად შეძლებდნენ ძალიან სუსტი და უცნაური ხალხით დაკომპლექტებული უმრავლესობის შებოჭვას, მაგრამ როგორც ჩანს, მათ უნდათ არა საპარლამენტო მუშაობა, რაც რთული და რუტინული საქმეა, არამედ ქუჩიდან ერთბაშად მთელი ძალაუფლების მოპოვება. დღეს ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს სურვილიც არ აქვს რამეზე შეთანხმდეს და ხელისუფლებისთვისაც არ არის ეს მთავარი ამოცანა. როდესაც ორივე მხრიდან არანაირი მონდომება არ არის რომ მოლაპარაკებები კონსენსუსით დამთავრდეს, ნაკლებად კეთილსაიმედოა ვითარება“.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]