მე-10 მაჟორიტარულ ოლქში 17 კანდიდატი იბრძოლებს დეპუტატის მანდატისთვის, თუმცა უფროსების მსგავსად, ახალგაზრდებმაც ძირითადად 3-4 კანდიდატის ვინაობა იციან. ისინი ამბობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიები და მათი წარმომადგენლები ახალგაზრდებს არ ხვდებიან და შესაბამისად, მათ ინტერესებსაც არ ითვალისწინებენ.
ახალგაზრდების ცხოვრებაში არჩევნების როლზე, პოლიტიკასა და პანკისის ხეობის მომავალზე „რადიოკაფეს“ ეთერში საუბრობენ:
მარდია დუიშვილი – 18 წლის, მოსწავლე
ანა ბაიდაური – 18 წლის, სტუდენტი
მარიამ მარგოშვილი – 19 წლის, სტუდენტი
გიორგი მოკვერაშვილი –19 წლის, სტუდენტი
გადაცემის წამყვანია ლუიზა მუთოშვილი – სამოქალაქო აქტივისტი, პედაგოგი, პანკისის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარე.
19 წლის მარიამ მარგოშვილი, ბავშვობიდან ელოდება არჩევნებზე მისვლას. იგი ამბობს, რომ წლების წინ, ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, „პოლიტიკის კლანჭები“ შეეხო მის ნათესავებს. მას შემდეგ ოჯახის წევრებს „კარნახობდა“ თუ ვისთვის მიეცათ ხმა და უკვე 2020 წელს, პერსონალურად გააკეთებს არჩევანს, რადგან „პოლიტიკისგან გამიჯნული ვერ იქნება“.
18 წლის ანა ბაიდაური საკუთარ თავს ყველაზე აპოლიტიკურ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ ხვალ კენჭისყრის უბანზე მივა, რადგან წლების მანძილზე დაინახა რამხელა ძალა აქვს ხალხს, ვისაც ცვლილებები უნდა.
19 წლის გიორგი მოკვერაშვილმა ჯერ არ იცის, რამდენიმე საათის შემდეგ ვის დაუჭერს მხარს, თუმცა ზუსტად იცის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ მშობლების და მოხუცების ვალი არაა და ძალა თინეიჯერების ხელშიცაა.
18 წლის მარდია დუიშვილი ჯერ მხოლოდ მეთორმეტე კლასშია. იგი ინფორმირებულია ქვეყნის განვითარებაში არჩევნების გადამწყვეტ როლზე და მიიჩნევს, რომ მათი მოვალეობაა მივიდნენ არჩევნებზე და თავად გადაწყვიტონ, რეალურად ვის ჩააბარებენ საქართველოს მომავალს.