პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე, ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე, კომპანია „ალაზანი ენერჯისთან“ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას უარყოფს.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე, ლაშა იორდანიშვილი ვალდებულებას იღებს, ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, თითქმის 1 წლით, 80-100 ადგილობრივი ახალგაზრდა დაასაქმოს. უფრო მეტი ვადით, ამდენივე ახალგაზრდის დასაქმებას დაპირდნენ პანკისელ უხუცესებსა და სალაფიტური თემის ლიდერებს „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებზეც. „სამწყურისწყალი 2 ჰესი“ მეოთხე ჰიდროელექტროსადური იქნება პანკისის ხეობაში.
„ეზოში მომდინარე რუში, სანიაღვრე არხშიც კი იყო თევზი. ბიჭები ანკესებით ალაზანზე რომ გავიდოდით, ერთ ადგილას ჩავჯდებოდით და საკმარის თევზს ვიჭერდით. რაც ეს ჰესები აშენდა, აღარც კალმახია და აღარც სხვა თევზი“, - ნუკრი მარგოშვილი 60 წლის არის. პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობს. ბავშვობიდან თევზაობს.