• იმამი პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

    სამშაბათი, 24 აპრილი 2018 18:26 view 4464
    იმამი პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე, ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე, კომპანია „ალაზანი ენერჯისთან“ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარი შეთანხმების მიღწევას უარყოფს.

    „22 აპრილს, პანკისის სათემო რადიომ გაავრცელა სტატია სათაურით „პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს“. სტატიაში მითითებული იყო შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად პანკისის იმამი ბექხან ფარეულიძე ესწრებოდა.

    იმამი თავის მხრივ ადასტურებს შეხვედრაზე დასწრებას, თუმცა კატეგორიულად უარყოფს რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევას ჰესების მშენებლობის საკითხზე. შეხვედრაზე ერთხმად დაფიქსირდა პოზიცია, რომ პანკისში ჰესების მშენებლობას მოსახლეობა ცალსახად ეწინააღმდეგება.

    იმამი განმარტავს, რომ მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე სრულიად დაუშვებელი იქნებოდა მისი მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება.

    იმამი, ბექხან ფარეულიძე მოუწოდებს პანკისის სათემო რადიოს თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე, მიანიშნებს რომ მის მიმართ მსგავსი ტიპის ქმედება რადიოს აქამდეც არაერთხელ განუხორციელებია“, - ნათქვამია პანკისის სალაფიტური თემის იმამის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    სათემო რადიოს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე, ლაშა იორდანიშვილი ვალდებულებას იღებს, ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, თითქმის 1 წლით, 80-100 ადგილობრივი ახალგაზრდა დაასაქმოს. უფრო მეტი ვადით, ამდენივე ახალგაზრდის დასაქმებას დაპირდა იორდანიშვილი პანკისელ უხუცესებსა და სალაფიტური თემის ლიდერებს „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებზეც. „სამწყურისწყალი 2 ჰესი“ მეოთხე ჰიდროელექტროსადური იქნება პანკისის ხეობაში. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, დახურული შეხვედრა 19 აპრილს, ახმეტაში გაიმართა.

    რედაქციისგან: რაც შეეხება ბექხან ფარეულიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პანკისის სათემო რადიო მის მიმართ გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ეს ბრალდება, რომელიც იმამის მხრიდან პირველად არ მოგვისმენია, სიმართლეს არ შეესაბამება.

    პანკისის სალაფიტური თემის იმამის, როგორც საჯარო პირის მიმართ, სათემო რადიომ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვით, გასულ წელს მოამზადა კრიტიკული (საპასუხო) მასალა, რის შემდეგაც იმამი და მისი წარმომადგენლები სათემო რადიოსთან აღარ ურთიერთობენ, კომენტარსაც არ აკეთებენ. ბოიკოტის და რადიოს მიმართ, მათ მიერ არაერთხელ გაკეთებული ნეგატიური განცხადებების და ზეწოლის მცდელობის მიუხედავად, სათემო რადიო ამომწურავად აშუქებს და მომავალშიც გააშუქებს იმამის და სალაფიტური თემის სხვა წარმომადგენლების საზოგადოებრივ აქტივობებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]