გადაცემაში „ფოკუსი“ ნატალია ბახტაძემ ისაუბრა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ტურიზმის სექტორში გამოვლენილ პრობლემებსა და გამოწვევებზე, შეაფასა სახელმწიფოს გადაწყვეტილებები და ასევე, გამოყო კრიზისის დროს მიღებული გამოცდილებები, რაც რეგიონებში, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებმა უნდა გაითვალისწინონ.
– კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული 2-თვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, 15 ივნისიდან, შიდა ტურიზმი გაიხსნა, საერთაშორისო ვიზიტორების მიღება ივლისიდან იყო დაგეგმილი, მაგრამ საზღვრები არ გაიხსნა. მთავარი აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ ადგილობრივი ტურიზმით მოხდებოდა საერთაშორისო ტურიზმის ჩაკეტვით გამოწვეული დანაკარგის ნაწილობრივი შევსება, თუმცა, მოხდა ისე, რომ აგვისტოში თითქმის ორი კვირით ჩაიკეტა ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიზიდულობის ადგილი – სვანეთი. ჩვენ ვესაუბრეთ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს თუშეთიდან, ილტოს და პანკისის ხეობებიდან და ისინიც ამბობენ, რომ სეზონი ფაქტობრივად ჩავარდა. როგორ აისახა პანდემიის დროს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ტურიზმის სექტორზე?
– მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, გრძელვადიან პერსპექტივაში გააზრებული, მაშინ რეალურად გვექნებოდა ჩანაცვლება თუნდაც, ვთქვათ, შიდა ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა წერტრილებში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ იყო გაურკვეველი პერიოდი, როცა რეალურად არ ვიცოდით, როდის გაიხსნებოდა საერთაშორისო ტურიზმი, გაიხსნებოდა ის თუ არა, რამდენი ხანი გაგრძელდებოდა და რას ნიშნავდა ეს შეზღუდვა, გადაუწყვეტელი იყო თვითონ ტურისტი – ვთქვათ, შემოსავლის დაზოგვის მიზნით, ძალიან ბევრმა გადაწყვიტა, ისე ინტენსიურად არ ემოგზაურა ქვეყნის შიგნით, ან ემოგზაურა იქ, სადაც მინიმალური დანახარჯი ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს მოლოდინი, რომ შიდა ბაზარი მთლიანად ჩაანაცვლებდა ერთ სეზონს, თავიდანვე არასწორი იყო, რადგან ჩვენც არ ვართ ბევრი და გადაწყვეტილებებიც არ იყო თანმიმდევრული და გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი.
– რა გამოცდილება მიიღეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა პირველი „ლოქდაუნით“, რაც გამოადგებათ პანდემიის შემდეგ პერიოდში?
– იმედი მაქვს, რომ მათ ეს გამოცდილება მიიღეს და კარგი იქნება, თუ ამას პანკისის ხეობაც გაითვალისწინებს და კარგად დაინახავს, თუ რას ნიშნავს კონკრეტული მოთხოვნაზე გაკეთებული ბიზნესი, როცა ის კონკრეტული მოთხოვნა აღარ არის. ანუ თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ბიზნესი იყოს მდგრადი, ბიზნესი უნდა დაიგეგმოს როგორ ბიზნესი და არა მოთხოვნაზე გამოძახილი. ძირითადად, ყველაზე უფრო დაზარალდნენ ისეთი ტიპის ობიექტები, რომლებსაც კონკრეტულ, ვთქვათ, რუსეთის სეგმენტზე ჰქონდათ აწყობილი ბიზნესი, ან ნაკლებად პრეტენზიულ, იაფიან სეგმენტზე, რომელმაც საქართველო არ იცის – მაგალითად, იყო მასიური ტურები არაბეთიდან, მალაიზიიდან, კორეიდან, რასაც cheap travel ჰქვია – დიდი რაოდენობის ტურისტი მოდიოდა და სამაგიეროდ, კაცზე ათ ლარად უკეთებდნენ საჭმელს. ზუსტად ეს სეგმენტი, ფაქტობრივად, მოკვდა, იმიტომ, რომ ვერ გაუძლო კონკურენციას. ისინი არ არიან კონკურენტუნარიანები, შესაბამისად ვერ გადარჩნენ.
ამიტომ თუ ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესს და გვინდა გრძელვადიანად ვიყოთ ბაზარზე, მაშინ ყოველთვის ჯობია, რომ თვითონ ბიზნესი ჩამოვაყალიბოთ და შევქმნათ, დავიჭიროთ ჩვენი განსაკუთრებული ნიშა. ყველაზე კარგი, რაც ამ პანდემიამ დაგვანახა არის, ის, რომ ოჯახური ბიზნესი ფასობს.
ერთი მხრივ, შიძლება რთულია მთელი ოჯახი ერთ ბიზნესზე და ერთ ინდუსტრიაზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, გადარჩენის შანსი ყველაზე მეტად ამ ბიზნეს აქვს, რადგან თავისთავად გრძელ ვადაზე არის გააზრებული იმიტომ, რომ ის შენი სახლია, შენი ტერიტორიაა, შენი ოჯახია ამაზე დამოკიდებული. ამიტომაც ხარისხი ყოველთვის განსხვავებულია.
მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, რომ სვანეთის შემთხვევამ კარგად დაგვანახა ეს, არის ის, რომ წარმოების სრულად ამოღება და ყველაფერის ტურიზმის ინდუსტრიაზე გადასროლა, ტურისტული ბიზნესისთვის დამღუპველია, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან
მომავალი წლების ტრენდი ზუსტად ეგ იქნება – ადგილზე წარმოებული ხარისხიანი პროდუქცია, რომლითაც ემსახურები შენთან მოსულ სტუმარს და არა, ვთქვათ, იმპორტირებული პროდუქცია, რომელსაც ყიდულობს ნებისმიერი სხვა.
იმედი მაქვს, რომ ამას გაიაზრებენ და გაითვალისწინებენ განსაკუთრებით რეგიონში არსებული ტურისტული ბიზნესები.
– ტურიზმის სექტორის ბიზნესებს კოვიდის პირობებში მოუწიათ თავიანთი დღის წესრიგის სრულად შეცვლა. ზოგმა ნაწილობრივ მოახერხა ეს და გადავიდა ონლაინ პლატფორმებზე, მაგრამ ბევრს ამის არც გამოცდილება აქვს და არც ცოდნა, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ამას ემატება ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პრობლემაც. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთმა ადამიანებმა მიიღონ დახმარება და მხარდაჭერა, რომ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლონ? ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?
– 21-ე საუკუნეში თუ ონლაინ არ არსებობ, ესე იგი, არ არსებობ. ეს ეხება ნებისმიერ სერვისს –იქნება გიდი, ცხენის გამქირავებელი, გამყოლი, საოჯახო სასტუმროს თუ საოჯახო მეურნეობის მფლობელი. შესაბამისად, ონლაინ პერფორმანსი არის აუცილებელი. შევხედოთ ალპების გამოცდილებას, სადაც ასევე პრობლემატური იყო ინტერნეტი და მერწმუნეთ, დღემდე პრობლემაა სხვადასხვა სოფლებში. ყველაზე კარგი, რაც იქ მოხდა, იყო თემზე დაფუძნებული ტურისტული სერვისების განვითარება – ერთი წერტილია, ერთი პლატფორმაა, სადაც ეს ყველაფერი იყიდება, მაგრამ მომწოდებელი არის ბევრი, მთლიანად თემია.
ახლა, როდესაც ონლაინ გაყიდვები ნელ-ნელა დაიწყო და ბაზარში სიარულის ფუფუნება უკვე აღარ გვაქვს, რომ არსებობდეს პლატფორმა და ვიცოდე, რომ შემიძლია ვიყიდო თქვენი ყველი, თქვენთან წარმოებული თაფლი, ასკილის ლუდი, რომელიც არაჩვეულებრივია, შემიძლია ამის შეკვეთა და მეტყვით, რომ, კი ბატონო, კვირაში ორჯერ ვახდენთ თბილისში მოწოდებას მობრძანდით და წაიღეთ... ეს არის ჩვეულებრივი ორგანიზების ნაწილი. ამ შემთხვევაში თვითდახმარებაც და ერთმანეთის დახმარებაც არის შესაძლებელი. კომუნიკაცია უნდა გაიმართოს არა მარტო საჯარო სექტორთან ან ადგილობრივებთან, არამედ „კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან“ (DMO). მას თემმა უნდა უთხრა, რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს, იქნებ დაგვეხმაროთ. თუ DMO-ს არ ექნება ფინანსური რესურსი, მაშინ შეიძლება ტურიზმის ადმინისტრაციისთვის მიმართვა და დახმარების მოთხოვნა, რომ ჩაატაროს ტრენინგი ან გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურება, თუ როგორ შეიძლება აეწყოს ასეთი ტიპის სერვისი და დანარჩენი დამოკიდებულია თემში პრობლემის მოგვარებაზე. მაგალითად, სვანეთში უკვე დაიწყეს სვანური კარტოფილის, ნარჩვის და თაფლის რეალიზაცია Facebook-პლატფორმის საშუალებით.
თქვენი მხრიდან აქტივობაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ახლა რასაც ვუყურებ, ვერ ვიტყვი რომ სახელმწიფოს აქვს რაიმე ინიციატივები, რომელიც კონკრეტულად ბიზნენის განვითარებაზეა ორიენტირებული.
– მთავრობამ რამდენიმე დღის წინ ახალი შეზღუდვები დააწესა და ანტიკრიზისული გეგმაც წარადგინა, რომელიც ტურიზმის სექტორისთვისაც ითვალისწინებს სხვადასხვა დახმარების პაკეტებს. ეს გეგმა იმეორებს წინა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებს, თუმცა ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანები საუბრობდნენ, რომ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი. რამდენად არიან ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციები ჩართული ამ პოლიტიკის შემუშავებაში?
– შეხვედრების ის ფორმატი, რომელიც ხდებოდა კერძო სექტორთან – დაგიბარებენ, მოგისმენენ და შემდეგ წახვალ – არ არის შედეგის მომტანი და ეს პირველმა რაუნდმა აჩვენა. ფორმატი, რომელმაც შეიძლება შედეგი მოგვიტანოს მთლიანად სექტორს, არის ერთი – მოკლე ვადაში კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები: სექტორიდან ჯგუფურად (იმის მიხედვით, ვის რა კომპეტენციაც აქვს) უნდა დაიწყოს მუშაობა. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის გრძელვადიან პრევენციაზე ფიქრი.
აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ გააკეთა ტურიზმის გადარჩენის გეგმა, რაც ჩვენ ქვეყანაში არ გაკეთებულა.
ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ გადავარჩინოთ ტურიზმის სექტორი და გვინდა გადავუხადოთ 200 და 300 ლარი იმათ, ვინც დაკარგა სამსახური. როგორც კი ამაზე აქცენტირება გადავწყვიტეთ, მერე აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, არ ვიცით ვინ არიან ესენი, ანუ იდენტიფიცირების პრობლემა გვაქვს. მე საიდან გავიგო, მაგალითად, პანკისში რამდენი გიდია – სერტიფიცირებულები არიან, თუ არ არიან? არის ეს სადმე აღიარებული? ასეთი დომხალია და ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა იდენტიფიცირებისთვის.
– ტურისტული სააგენტოების დიდი ნაწილი გაჩერდა. შიდა ტურიზმი გიდებისთვის აქტუალური არ არის და უცხოელი ტურისტების არ არსებობის პირობებში, ბევრი დარჩა საარსებო წყაროს გარეშე. მათ ნაწილს არც ის 300-ლარიანი დახმარება ერგოთ, რადგან არსად არიან რეგისტრირებულნი. იგივე ითქმის მძღოლებზეც. 300-ლარიანი ერთჯერადი პაკეტი რამდენად საკმარისია და ხომ არ იგეგმება სხვა შეღავათების დაწესება ამ ადამიანებისთვის?
– როდესაც ნახეს, რომ ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად წარმოადგენს ტურიზმის სექტორს, მაგრამ არსად ფიქსირდება, პირველი რაც უნდა გაკეთებულიყო, არის ის, რომ მათ თავად უნდა ეფიქრათ, როგორ შეიძლებოდა თავიანთი ბიზნესი სახელმწიფოსთვის ხილვადი გაეხადათ. სახელმწიფომ პირდაპირ თქვა, რომ მე ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან ეს თანხა არ მომაკლდა და საიდანაც მომაკლდა იმას ვეხმარები (ეს არის სატუმროები) და საიდანაც არ მომაკლდა ე.ი. არ არსებობდა. ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ესეთი რაღაც მოხდებოდა.
კერძო სექტორმაც, გიდებმაც ძალიან ბევრმა გადაწყვიტეს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა – რეგისტრირება და ხილვადი გახდეს სახელმწიფოსთვის – არ არის საჭირო. შესაბამისად, თუ მე ვერ დავამტკიცებ ვინ ხარ, თუ მერეც ვერ დავამტკიცებ ვინ ხარ, როგორ უნდა დაგეხმარო იგივე ფორმატით? აი, იქ იყო ყველაზე დიდი გარღვევა პირველი დახმარების შემდეგ. იყო საოჯახო სასტუმროსთვის აღებული კერძო სესხები და ამ დროს ტურისტული საქმიანობა რეგისტრირებული არ იყო. როგორ დავამტკიცო, რომ ეს ტურიზმის სექტორისთვის აღებული სესხია, როდესაც ფიზიკურ პირზე არის აღებული?
ბევრი ასეთი პრობლემა იყო და იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს კერძო სექტორთან ერთად დაეწყო ფიქრი, თუ როგორ მოგვეგვარებინა ეს პრობლემა (კერძო სექტორს შანსი ჰქონდა, რომ ფორმაში მოეყვანა თავისი საქმიანობა), სამწუხაროდ, დღემდე ეს ასე არ მოხდა, ერთი მხრივ, არც კერძო სექტორის მხრიდან და მეორე მხრივ, არც სახელმწიფოს მხრიდან.
ეს არის პრობლემები, რომლებიც თავიდანვე უნდა მოგვარებულიყო. ამიტომ სახელმწიფოს დახმარება არ იყო ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა ყოფილიყო.
– როგორია თქვენი მოლოდინი, როდის დაუბრუნდება ტურიზმის სექტორი იმ დინამიკას, რაც პანდემიამდე არსებობდა?
– იმ დინამიკას, რაც პანდემიამდე არსებობდა, კიდევ რამდენიმე წელი ვერ დავუბრუნდებით. არ მგონია, რომ 2021 წელი წარმატებული იქნება. ახლა რთულია ამაზე საუბარი. დღემდე არ ვიცით, როდის გავიხსნებით 2021 წელს...
– დიახ, მოულოდნელი იყო ეს შეზღუდვები, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის, რადგან ყველა წერტილოვან შეზღუდვებს ელოდა და სრული „ლოქდაუნი“ მიიღეს, მოუწიათ მიღებული ჯავშნების გაუქმება...
– რეალური პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის თავიდანვე განხილული სახელმწიფოსთან. როდესაც ემზადებოდა სასტუმრო და ხარჯიც გაწია, რომ გახსნილიყო და ამ ხარჯის მერე ეუბნები, უი, ვერ გაიხსნები, ბუნებრივია, ეს ამ ბიზნესის სიკვდილს ნიშნავს.