• რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანკისის საოჯახო სასტუმროები პანდემიამ? – ინტერვიუ

    ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 23:52 view 3272
    რა გამოწვევების წინაშე დააყენა პანკისის საოჯახო სასტუმროები პანდემიამ? – ინტერვიუ

    ბოლო წლებში ტურიზმი პანკისის ხეობაში მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა, თუმცა, ჯერ კიდევ კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ არაერთი საოჯახო სასტუმრო დაიხურა და მათ მუშაობის განახლება ამ დრომდე ვერ შეძლეს. „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნაზი დაქიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან ორჯერ მიღებული 300-300-ლარიანი დახმარება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ასეთი სასტუმროების მფლობელებს საკუთარი ბიზნესი კოვიდ-რეგულაციებთან შესაბამისობაში მოეყვანათ.

    – ნაზი, თქვენი საოჯახო სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია პანკისის ხეობაში. როგორ ჩაიარა გასული წლის ტურისტულმა სეზონმა, დამსვენებელი გყავდათ?

    – 2020 წელი ძალიან რთული იყო ტურიზმის სფეროსთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ვინც უცხოელ ვიზიტორებზე ვიყავით ძირითადად დამოკიდებული. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ტურისტული სეზონი ძალიან გვიან გაიხსნა - მხოლოდ ივნისიდან შევძელით დამსვენებლების მიღება. ჩვენი ძირითადი სტუმრები იყვნენ ადგილობრივები მაშინ, როცა მანამდე აქცენტი მთლიანად აღებული იყო საერთაშორისო დამსვენებელზე. ძალიან გაგვიჭირდა ადგილობრივებზე გადასვლა, მოგვიწია მარკეტინგული გათვლების, რეკლამისა და ჩვენი „პიარის“ შეცვლა და ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. თუ შევადარებთ 2019 წელს, 2020-ში ვიზიტორთა მხოლოდ 20-30% ჩამოვიდა. ამიტომ ძირითადად იყვნენ ადგილობრივი ქართველი დამსვენებლები, ასევე, უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

    – თქვენ ასევე ხართ „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციის“ დამფუძვნებელი და ეს ორგანიზაცია აერთიანებს ხეობის სხვა საოჯახო ტიპის სასტუმროებსაც. ისინი რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ? ბევრი საუბრობდა, რომ არ ჰყავდათ დამსვენებელი და სტუმრების მიღებაც შეაჩერეს.

    – სასტუმროს გასახსნელად მოგვიწია გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დაცვა, მომზადება სტუმრების მისაღებად, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

    ის ერთჯერადი დახმარება, რომელიც გასცა მთავრობამ, არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ის სტანდარტები დაეკმაყოფილებინათ.
    შესაბამისად, სასტუმროებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ სტუმრებს მიიღებდნენ და გადაწყვიტეს, რომ არ გაევლოთ ეს უსაფრთხოების სტანდარტები. ბევრ მათგანს (შეიძლება ითქვას, რომ 70%-ს) არ ჰქონდა გავლილი და სტუმრების მიღების უფლებაც არ გააჩნდათ.

    დანარჩენი სასტუმროები მეტ-ნაკლებად მუშაობდნენ, მაგრამ ძალიან მცირე ოდენობის ვიზიტორი ჰყავდათ. ჩვენი ასოციაციის როლიც ის იყო, რომ ვთანამშრომლობდით საოჯახო სასტუმროებთან და ვცდილობდით, რომ მათ სრულად არ შეეჩერებინათ მუშაობა.

    ყველაზე დიდი კრიტიკა იმ მიმართულებით შეიძლება, რომ იმ სასტუმროებს, რომლებიც აკმაყოფილებენ რეგულაციებს და დაწყებული აქვთ ვიზიტორების მიღება, არ უნდა შეეწყვიტათ ბიზნესი, რადგან თავიდან დაწყება, ყველაფრის თავიდან მოწესრიგება იქნებოდა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ამიტომ ვცდილობდით, რომ შეგვეკავებინა ეს პროცესი, შეგვენელებინა, რომ გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა.

    ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ ამ სასტუმროებს მუშაობა უნდა გაეგრძელებინათ, თუმცა როდესაც არ გყავს დამსვენებელი, არ გაქვს შემოსავალი, ძალიან რთულია ბიზნესი მზადყოფნაში ამყოფო, რადგან ამასაც თავისი ხარჯები სჭირდება.

    – დიახ! მით უმეტეს, როცა სახელმწიფო დახმარებაზე ვსაუბრობთ, ის 300-ლარიანი დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი არა მარტო იმ უსაფრთხოების ნორმებისა თუ სტანდარტების დასანერგად, არამედ სხვა ხარჯებისთვისაც. იყო სასტუმროები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები ჰქონდათ.

    – თქვენ ახსენეთ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება. თქვენ ან ასოციაციის წევრმა საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა სახელმწიფოსგან რა მხარდაჭერა მიიღეთ?

    – ასოციაციის წევრების უმეტესობამ მიიღო 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. ორჯერ ავიღეთ.

    ანუ სახელმწიფოს ორი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ორჯერ აიღეთ ეს დახმარება?

    – დიახ, ორჯერ. პირადად მე მომიწია 700 ლარამდე თანხის დახარჯვა, რათა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მომეყვანა ჩემი საოჯახო სასტუმრო. შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო დახმარება მხოლოდ 300 ლარი იყო, სხვა სასტუმროები ვერ შეძლებდნენ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებას.

    ეს 300 ლარი მათ ალბათ ერთი თვის კომუნალური ხარჯის გადასახდელადაც არ ეყოფათ.

    – დიახ, ნამდვილად. კომუნალური გადასახადების გადასახდელადაც არ იქნებოდა საკმარისი.

    პირველი თებერვლიდან აღდგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა და ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზის ჩატარების შემთხვევაში, შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში. თქვენ და პანკისში არსებული საოჯახო სასტუმროებიც პანდემიამდე ძირითადად უცხოელ დამსვენებელზე იყავით ორიენტირებული. რა მოლოდინი გაქვთ? უკვე მიიღეთ ჯავშნები?

    – სახელმწიფოს დამოკიდებულება საზღვრებთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეიცვალა, მაგალითად, შარშან რამდენჯერმე დაანონსდა გახსნა, მაგრამ მოხდა თარიღის გადაწევა ან შეცვლა.

    ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩამოჰყავთ უცხოელი დამსვენებელი და შემდეგ, რაღაც მომენტში გადაწყვიტეს, რომ არ შეიძლებოდა 2021 წელი დაეგეგმათ, თუ ისინი არ იქნებოდნენ დარწმუნებულნი, შეძლებდნენ თუ არა საქართველოში მოგზაურობას. 2020 წელს რამდენჯერმე მოუწიათ გეგმების შეცვლა. შესაბამისად, წელსაც ვერ გარისკეს, რადგან რეალურად ახლაც არ არიან დარწმუნებულები, რამდენად შეძლებენ საქართველოში მოგზაურობას.

    ამასთანავე, როგორც ვიცით, საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ევროპის ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს რეკომენდაციას არ აძლევენ, რომ საქართველოში იმოგზაურონ, თუ არ არის ამის აუცილებლობა.

    ჩვენს სატუმროს უცხოელი დამსვენებლების რამდენიმე ჯავშანი აქვს, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი თებერვლიდან საჰაერო მიმოსვლა განახლდა, ახალი ჯავშანი არ მიგვიღია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წელსაც, ისევე როგორც 2020 წელს, აქცენტი გავაკეთოთ ადგილობრივ დამსვენებელზე. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან.

    მართალია, პირველი თებერვლიდან აღდგა საჰაერ მიმოსვლა, მაგრამ დაკეტილია რესტორნები, ზამთრის კურორტები, არ მუშაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შეიძლება ჯავშნების არარსებობა ამასაც დავუკავშიროთ?

    – დიახ, რადგან როდესაც ინფრასტრუქტურა არ არის და ყველანაირი შეზღუდვა არსებობს – კომენდანტის საათია, არაა რესტორნები, ტურისტული ადგილები არ არის გახსნილი – როცა ჩამოვა ტურისტი ადგილზე არაფერი დახვდება.

    ამ ეტაპზე არანაირი ჯავშანი არ გვაქვს უცხოელი დამსვენებლისგან, იმიტომ, რომ, რეალურად, ძალიან გაურკვეველ ვითარებაში ვართ
    როგორც ტურიზმის სექტორი, ასევე ჩამომსვლელი უცხოელი ტურისტები.

    ნაზი, მთავრობა აქტიურად აწარმოებდა შეხვედრებს ბიზნესსექტორთან, ასევე ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან. თქვენ რამდენად გაქვთ კომუნიკაცია მთავრობის წარმომადგენლებთან, იგივე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომ თქვენი პრობლემები, საჭიროებები და რეკომენდაციები გაუზიაროთ მათ?

    – ეს ჩვენ ნამდვილად არ შეგვეხო და არ ვყოფილვართ ჩართულები არანაირ განხილვაში და დისკუსიაში არც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და არც რომელიმე სამთავრობო სექტორთან. უბრალოდ ველოდებით გადაწყვეტილებების მიღებას, რათა შეიცვალოს სიტუაცია, მაგრამ კომუნიკაცია, როგორც ასეთი, ჩვენთან არ არის და ჩემი ინფორმაციით, არც კახეთში მოქმედ სხვა ტურისტულ სააგენტოებთან.

    მთავრობა როდესაც ხსნის საზღვარს, ტურიზმის სექტორშიც მთელი რიგი ცვლილებები უნდა მოხდეს. ტურიზმის სექტორს სჭირდება მომზადება ტურისტების დასახვედრად, რადგან ამაზე ძალიან ბევრი ადამიანია დამოკიდებული. პანკისის მაგალითზეც რომ ვისაუბროთ, ბევრისთვის ტურიზმი არის შემოსავლის ერთადერთი წყარო.

    2020 წელი ძალიან რთული იყო ჩვენთვის, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის და მოლოდინი გვაქვს, რომ 2021 წელს სიტუაცია შეიცვლება, სახელმწიფო მიდგომა და პოლიტიკა ტურიზმის სექტორთან დაკავშირებით შეიცვლება და დაიწყებს მუშაობას ტურიზმის სექტორის ნელ-ნელა აღდგენაზე, რადგან ამაზე ძალიან ბევრი ადამიანის კეთილდღეობა არის დამოკიდებული.

    – თქვენ ფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისადმი არსებული შეზღუდვები საზღვრების გახსნასთან ერთად უნდა შემსუბუქდეს?

    – დიახ, საზღვრების გახსნასთან ერთად უნდა შემსუბუქდეს.

    იმ სასტუმროებს, რომლებიც თუნდაც სტანდარტების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, რადგან გასულ წელს არ ჰქონდათ შემოსავალი და წელსაც შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, რამენაირად ხელი შეეწყოს ამ სტანდარტების დაცვის მხრივ, რომ შეძლონ მუშაობის გაგრძელება.

    შემდეგ, როდესაც უცხოელი ტურისტი დაინახავს, რომ ხდება მთელი რიგი შეზღუდვების შემსუბუქება, იხსნება რესტორნები, სასტუმროები და ზამთრის კურორტები, მოძრაობს ტრანსპორტი, საქართველოში მოგზაურობასაც გადაწყვეტს.

    ყოველ შემთხვევაში, ამის მსურველები არიან.

    – დიახ, ჩამოსვლის მსურველები არიან. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან, რომლებიც უკვე ელოდებიან შემდეგი თვის განმავლობაში რა ცვლილებები მოხდება, რათა დაგეგმონ საქართველოში მოგზაურობა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]