• პანკისიდან თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი - გიორგი სეთურიძე

    სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:04 view 6715
    პანკისიდან თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი - გიორგი სეთურიძე

    პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი ემატება, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.

    „რამ გამოიწვია ახალი მონაკვეთის დამატება? ჩვენ ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ თუშეთში მოსახვედრად უფრო უსაფრთხო და მოკლე გზა შეგვეთავაზებინა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. აბანოს უღელტეხილთან შედარებით, ხადორის უღელტეხილი უფრო დაბალია და შესაძლებელია მისი მოვლა ზამთარშიც. ეს საშუალებას მოგვცემს, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ზამთარშიც ღია იყოს. ეს გზა დიდი ხნის წინ არის დამუშავებული. ამაზე ფიქრი განვაახლეთ და დავამატეთ ტექნიკურ დავალებას. დაახლოებით 15 კილომეტრი, ან შეიძლება ცოტა მეტი იყოს ახალი მონაკვეთი“, – აღნიშნავს გიორგი სეთურიძე.

    მისივე თქმით, ახალი გზა, რომელიც პანკისიდან დაიწყება და ხადორის უღელტეხილზე გაივლის, ხევსურეთიდან თუშეთისკენ მომავალ გზას შეუერთდება.

    ამჟამად თუშეთს დანარჩენ საქართველოსთან ერთადერთი საავტომობილო გზა აკავშირებს, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

    ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

    თუშეთის გზა თავისი ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე რეგიონში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ ძირითადად საშუალებადაც ითვლება, თუმცა ამავე დროს, ტურისტებსაც აფრთხობს. გზის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თუშეთი ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშეც კი დადგა.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განმარტებით, ახალი 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გაივლის, ზღვის დონიდან მაქსიმუმ ორიათასექვსას მეტრზე იქნება, მაშინ როცა აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა.

    სეთურიძის ინფორმაციით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობით ბევრი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული: „ძალიან ბევრს მუშაობენ, ექსპედიციები წინასწარ გაგზავნილია ამ მიმართულებებზე, რომ თავიანთი წინადადებები რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბონ“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

     შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო და საკონკურსო კომისიის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ელექტრონული კონკურსი, რომელიც ყაზბეგი-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. „საკონკურსო კომისიაზე წარმოდგენილ იქნა დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საპროექტო მონაკვეთზე ტრასის ტექნიკური მახასიათებლების შესაძლო გაუმჯობესების მიზნით, დამატებით მინდინარეობს ალტერნატიული მიმართულებების იდენტიფიცირება, რაც შესაბამისად, გამოიწვევს არსებული საპროექტო დავალების ცვლილებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ალტერნატიული ვარიანტების დამატებით დაზუსტებამდე შეწყდეს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული კონკურსი“, - ნათქვამია სატენდერო და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

    ყაზბეგი – თუშეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას დაანონსა.

    „ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა“, –განაცხადა პრემიერმა.

    სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის პროექტირებაზე კონკურსი პრემიერის თუშეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, 9 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების წარდგენის ვადად 21-26 აგვისტო განისაზღვრა, თუმცა ამის შემდეგ კონკურსის ვადა ორჯერ შეიცვალა - ჯერ 16 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ კი 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განმარტებით, ახალი მონაკვეთის დამატების თაობაზე დოკუმენტაციაში ტექნიკური ცვლილება რამდენიმე დღეში შევა და კონკურსი განახლდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]