• ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები პანკისში

    პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 17:18 view 5022
    ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები პანკისში

    „ზიქრის“ რიტუალი, რომელსაც პანკისის ხეობაში მცხოვრები ტრადიციული ისლამის მიმდევარი ქისტი ქალები ყოველ პარასკევს, ლოცვის დაწყებამდე ასრულებენ, ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ეს რიტუალი კავკასიაში სულ რამდენიმე ადგილზეა შემორჩენილი.

    „ზიქრის“ რიტუალის გაცნობის გარდა, ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას ვაინახური ფოლკლორიც იქცევს. ვაინახური ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დუშეთში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და ხადორში ვაინახური ფოლკლორის საღამოები გაიმართა. კამპანიის მიზანი პანკისის ხეობის და აქ მცხოვრები ხალხის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობა იყო.

    „ვაინახური კულტურის ფესტივალმა გავლენა იქონია იმ მხრივ, რომ შევიძინეთ უამრავი მეგობარი. გვწერენ, რომ პანკისზე სხვა წარმოდგენა ჰქონდათ და ახლა სულ სხვა წარმოდგენით არიან. ამ ნაბიჯებით ქართველებთან ინტეგრაციას ვაუმჯობესებთ“, - ამბობს ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელი ბელა მუთოშვილი.
    ბელას სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმრო აქვს. მთის განვითარების მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბელამ გრანტი მიიღო 10 ათასი ლარის ოდენობით და საოჯახო სასტუმროში პირობები გააუმჯობესა.

    სოფელ ჯოყოლოში აქვს საოჯახო სასტუმრო ლეილა აჭიშვილსაც. საოჯახო სასტუმროს განვითარების მიზნით, მიკროგრანტების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 15 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსება ლეილამაც მოიპოვა.

    „შარშანდელთან შედარებით პანკისის ხეობაში ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ძირითადად არიან პოლონეთიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ ხომ განსხვავებული კულტურა გვაქვს და ძალიან აინტერესებთ. კარგი იქნება თუ პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებას მეტი ყურადღება მიექცევა“, - ამბობს ლეილა აჭიშვილი.

    2015 წლამდე პანკისის ხეობაში ერთი კოტეჯების ტიპის სასტუმრო (ხადორში) და 3 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებდა. ტურისტების რიცხვის გაზრდის და სახელმწიფოს მხრიდან მიკროგრანტებით ხელშეწყობის შედეგად, ხეობაში უკვე ათამდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.

    ანსამბლ „აზნაშის“ ხელმძღვანელი მაყვალა მარგოშვილი, რომელსაც საოჯახო სასტუმროც აქვს, ამბობს, რომ პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო.

    „ტურისტს კომფორტული პირობები სჭირდება. ამასთან საჭიროა ნიშნები, ბანერები. ქუჩები დაყოფილი უნდა იყოს. ხელი უნდა შეეწყოს ხეობას, ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება, ეკონომიკური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ახალგაზრდობაც ადგილზე დარჩება“, - აღნიშნავს მაყვალა მარგოშვილი.

    ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის თქმით, მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზა პანკისის ხეობაზეც გაივლის და პანკისი ჩიხი აღარ იქნება.

    „თუშეთი უკავშირდება ხევს. გზაზე ბაწარადან ცალკე შეერთება იქნება. აქ უკვე წრიული მოძრაობა. პანკისი ჩიხი აღარ იქნება. აქედან გინდა თუშეთში გადახვალ, გინდა ხევსურეთში, გინდა ფშავში და გინდა ხევში“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

    საუბარია ყაზბეგი – ხევსურეთი – თუშეთის დამაკავშირებელ გზაზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ახალი, 15 კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატა. ცვლილების მიხედვით, ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრა და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობაც დაიგეგმა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, პანკისი – ხადორი – ომალოს გზით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    ვიდეო/აუდიო

     

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]