• ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა?

    ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2016 11:33 view 6499
    ვის და როგორ შეუძლია მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა?

    ვის შეუძლია პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა? რომელ დასახლებებზე ვრცელდება სახელმწიფო პროგრამა? ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს? რა ფორმით ხდება მიწის პრივატიზება? რა ფართობის პრივატიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში? რამდენს შეადგენს პრივატიზების საფასური? გთავაზობთ მიწის პრივატიზების სახელმწიფო პროგრამის ძირითად დებულებებს.

    საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პრივატიზების სახელმწიფო პროგრამა.

    პროგრამა ვრცელდება მხოლოდ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, - სულ 7 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრებ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

    დადგენილება სრულად ამოქმედდა 2016 წლის 13 აგვისტოდან. დაინტერესებულ პირებს შესაბამის მუნიციპალიტეტში განცხადების წარდგენა კი შეუძლიათ 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

    ვის შეუძლია პრივატიზების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა?

    პროგრამით სარგებლობა შეუძლია პირს, რომელიც ბოლო არანაკლებ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობს უძრავ ნივთს, როგორც საკუთარს და აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებულ სხვა პირობებს.

    რომელ დასახლებებზე ვრცელდება სახელმწიფო პროგრამა?

    სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება შემდეგ დასახლებებზე:

    - მესტიის მუნიციპალიტეტი – ბეჩოს, ნაკრის, ჭუბერის, ეცერისა და ფარის ადმინისტრაციული ერთეულები, სოფელი იდლიანი, ხოლო მულახის ადმინისტრაციული ერთეული – კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შემთხვევაში.

    - თიანეთის მუნიციპალიტეტში – დაბა სიონი; სოფლები: გრძელველები;  ბადაანი, ზარიძეები, შარახევი, ლახატო, ზენამხარი, ბუჭყინტა, ბეწენწურები, ზემო ნაქალაქარი, მაგრანეთი.

    - ახმეტის მუნიციპალიტეტში, – ყველა დასახლება, გარდა თუშეთის ადმინისტრაციული ერთეულისა.

    - დუშეთის მუნიციპალიტეტში: დაბა ფასანაური, სოფლები – ბანცური, დავითურნი, ვეშაგურნი, ზემო ამირნი, მეჯილაურნი, სოდევე, უკანა მხარი, ჩადის ციხე, ჩიკირი, ცხვედიეთი, წინამხარი, წინკობანი, წიფორი, ჭიკაანი, ხევშა; ანანურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: ანანური, ბანცურთკარი, დგნალი, კადოეთი, უფურეთი, ცივწყარო, ციხისსოფელი, ჭივილაანები; გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: კიტოხი, ათნოხი, ბაკურხევი, ბახანი, ბოსელი, ბურსაჭირი, გამსი, დიდებანი, დიხჩო, დუმაცხო, ზანდუკი, თოთიაურნი, თორელაანი, ლუთხუბი, მაქართა, საკერპო, საჩალისჭალა, სიჯანანი, ფახვიჯი, ჩობალაურნი, ჩოხი, წინამხარი; უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: შუაფხო, ახადი, ბეტისჩრდილი, ბინდაურთა, გოგოლაურთა, თხილიანა, მათურა, მუქო, უკანაფშავი, უძილაურთა, ცაბაურთა, ჭიშო, ხოშარა; ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფლები: ბარისახო, აკუშო, ამღა, ატაბე, აყნელი, აჭე, ახიელი, ბაცალიგო, ბისო, ბლო, ბოქჩვილო, ბუჩუკურთა, გველეთი, გუდანი, დათვისი, ზეისტეჩო, კარწაულთა, კორშა, მაღრაანი, მოწმაო, ოხერხევი, როშკა, უბანი, უკანახო, უკანდახუ, ქმოსტი, ქობულო, ღელისვაკე, ღული, ჩირდილი, ჩხუბა, ძეძეურთა, ჭალისოფელი, ჭიე, ჭიმღა, ჭორმეშავი, წინხადუ, ხახმატი.

    ხულოს მუნიციპალიტეტი - გარდა ბეშუმის და გოდერძის საკურორტო არეალისა.

    შუახევის მუნიციპალიტეტი - გარდა ღომას და ჩირუხას მთებს მიკუთვნებული არეალისა და სოფელ გომარდულისა.

    ქედის მუნიციპალიტეტი - გარდა დაბა ქედისა და აწჰესის დასახლებისა.

     

    ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს?

    დაინტერესებული პირი დასახლების საერთო კრების მოწვევის თაობაზე განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:  ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი ან/და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლება; გ) უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე თითოეული უძრავი ნივთის მესაკუთრისა და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები არანაკლებ 2 პირის წერილობითი დასტური, ბოლო 15 წლის განმავლობაში უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობის თაობაზე. ამგვარი წერილობითი დასტურის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ უძრავი ნივთის მომიჯნავედ მდებარე არანაკლებ 2 უძრავი ნივთის მესაკუთრე  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირია, ან თუ შესაბამისი დასახლება არ არის შეტანილი მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია ან/და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (ფოტო და/ან ვიდეომასალა და სხვ.); ვ) ოჯახის წევრთა წერილობითი თანხმობა, უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის საკუთრებაში, ან დაინტერესებული პირისა და ოჯახის წევრების თანასაკუთრებაში გადაცემის შესახებ.

    რას ნიშნავს პროგრამის მიზნებისათვის „ოჯახის წევრის“ ცნება?

    ამ პროგრამის მიზნებისათვის „ოჯახის წევრის“ ცნებაში იგულისხმება დაინტერესებული პირის დედა, მამა, მეუღლე და შვილი, რომლებიც მასთან ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას.

    რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს გამგებელმა განცხადების მიღების შემდეგ?

    გამგებელი ამოწმებს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეს და, შესაბამისობის შემთხვევაში, ახორციელებს დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებას. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირებისას ინფორმაცია საჯაროდ ქვეყნდება. ინიციირება უნდა მოხდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემით. საერთო კრება ტარდება ინიციირებიდან არაუადრეს მე-15 დღეს. საერთო კრების დღის წესრიგი, ასევე ინფორმაცია მისი მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ კი ქვეყნდება 3 დღის ვადაში.

    როგორი წესით ხდება განცხადების განხილვა და გადაწყვეტა დასახლების საერთო კრების მიერ?

    დასახლების საერთო კრება განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საერთო კრება ადასტურებს პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს გამგებელს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან 1 თვის ვადაში. ასეთი გადაწყვეტილების მიუღებლობა ჩაითვლება საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად.
    აქვე შეგახსენებთ, რომ საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა, გადაწყვეტილება კი მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

    როგორია გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პროცედურები?

    - მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ;
    - გამგებლის შუამდგომლობის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე საკითხის ინიციირებას საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

    რა ფორმით ხდება მიწის პრივატიზება?

    პრივატიზება ხდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, - უძრავი ნივთის დაინტერესებული პირისათვის საკუთრებაში გადაცემის სახით, ან დაინტერესებული პირისა და მისი ოჯახის წევრებისათვის თანასაკუთრებაში გადაცემის გზით. მთავრობის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს (პირებს) შორის ფორმდება ხელშეკრულება.

    რა ფართობის პრივატიზებაა შესაძლებელი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში?

    თითოეულ დაინტერესებულ პირს  შეუძლია პრივატიზების წესით მიიღოს არაუმეტეს 5 ჰა მიწის ფართობი.

    რა შემთხვევაში შეუძლია სააგენტოს პრივატიზებაზე უარის თქმა?

    სააგენტოს არ წარმოეშობა ვალდებულება პრივატიზების ინიციირების თაობაზე, თუ: ა) უძრავი ნივთი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, უკვე განკარგულია, გადაცემულია სარგებლობის უფლებით ან/და საერთოდ არ ექვემდებარება პრივატიზებას; ბ) უძრავ ნივთზე მიმდინარეობს სასამართლო დავა; გ) უძრავი ნივთი ექვემდებარება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების ობიექტად აღიარებას; დ) პრივატიზება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

    რომელი ობიექტები იგულისხმება სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტებში?

    ამგვარი ობიექტების ნუსხა განსაზღვრულია კანონით „სახელმწიფო ქონების შესახებ“. კერძოდ, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტს მიეკუთვნება უძრავი ნივთი, რომელზეც ხორციელდება ან შესაძლოა მომავალში განხორციელდეს: გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა; - რკინიგზის ხაზების გაყვანა; ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანა; ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობა; წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანა; სატელეფონო ხაზების გაყვანა; სატელევიზიო კაბელების გაყვანა; საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობა; ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოები; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის საჭირო სამუშაოები; სათხილამურო ტრასების მოწყობა.

    რამდენს შეადგენს პრივატიზების საფასური?

    საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით – 1 (ერთი) ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში – მოთხოვნის დროისათვის მიწაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგი ოდენობით. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მიხედვით, 1 ჰექტარზე:

    მესტია - სახნავი და საკარმიდამო - 560 ლარი, სათიბი - 160 ლარი;

    თიანეთი - სახნავი და საკარმიდამო - 610 ლარი, სათიბი - 190 ლარი;

    ახმეტა - სახნავი და საკარმიდამო - 820 ლარი, სათიბი - 160 ლარი;

    დუშეთი - სახნავი და საკარმიდამო - 610 ლარი, სათიბი - 160 ლარი;

    ხულო და ქედა - სახნავი და საკარმიდამო - 6 00 ლარი, სათიბი - 190 ლარი;

    შუახევი - სახნავი და საკარმიდამო - 560 ლარი, სათიბი - 190 ლარი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]