• პანკისელი ქალების ბიზნესიდეები

    ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 13:36 view 5706
    პანკისელი ქალების ბიზნესიდეები

    საოჯახო სასტუმრო და ვაინახური სამზარეულო, ველოტურები, თექის სახელოსნო, სამკერვალო სალონი – ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებაც პანკისელ ქალებს სურთ. მცირე გრანტების მოპოვებას ისინი მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამიდან ცდილობენ. პროგრამა საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. ამ თანხის 1 %–იც კი (200 000) პანკისის ხეობაში რომ დაიხარჯოს, შესაძლებელი გახდებოდა პირველივე ეტაპზე 20–25 პროექტის განხორციელება.

    ლეილას საოჯახო სასტუმრო და ვაინახური სამზარეულო

    ლეილა აჭიშვილი 2000 წლიდან ანსამბლ „პანკისის“ სოლისტია. სიმღერა 2013 წლის ზაფხულში შეწყვიტა, როცა მისი ორი შვილი, 26 წლის ჰამზათი და 24 წლის ხალიდი სირიაში დაიღუპნენ. სირიაში წასვლამდე ისინი ავსტრიაში ცხოვრობდნენ.

    2015 წლიდან ლეილა აქტიურად არის ჩართული პანკისის ხეობაში ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში. 2016 წლის თებერვალში, პანკისელმა ქალებმა სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს, რომლის ხელმძღვანელადაც ლეილა აჭიშვილი აირჩიეს.

    ლეილას, სოფელ ჯოყოლოში, სადაც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, საოჯახო სასტუმრო აქვს, დიდი ეზოთი და ყვავილების ბაღით. სტუმრებს ნაციონალური კერძებით უმასპინძლდება, როგორიცაა ჯიჯიგ გალანიშ, ქისტური ხინკალი, ხაჭაპური და სხვა.

    ლეილა ამბობს, რომ პანკისში ჩასულ სტუმრებს განსაკუთრებით აინტერესებთ ხეობის, ბაწარას ნაკრძალის, ტბათანას დათვალიერება, ხეობაში მცხოვრები ხალხის, ვაინახური კულტურის და ქისტური სამზარეულოს გაცნობა. „ტურიზმის განვითარება ხეობაში ვითარების გაუმჯობესების საუკეთესო შესაძლებლობაა“, – ამბობს ლეილა.

    უცხოელი და ქართველი ვიზიტორების გარდა, ლეილას საოჯახო სასტუმროში ხშირად ნახავთ საქმიანი შეხვედრების მონაწილეებსაც, ტრენერებსა და ტრენინგების მსმენელებს. საოჯახო სასტუმრო 6 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხანდახან 8–10 ადამიანიც რჩება. ლეილას საოჯახო სასტუმრო ერთადერთია ხეობაში, რომელთან ანგარიშსწორება საბანკო გადარიცხვითაც შეიძლება და დამკვეთი ყველანაირ ფინანსურ დოკუმენტს იღებს. ლეილას სასტუმროში ღამისთევა საუზმით და ვახშმით 35–40 ლარი ღირს.

    საოჯახო სასტუმროს განვითარების მიზნით მცირე გრანტის მისაღებად, ლეილამ მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის კონკურსში პირველად 2015 წელს მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. ამბობს, რომ არ იცის მისი პროექტი რატომ დაიწუნეს.

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით წელს პროექტი გააუმჯობესა და მცირე გრანტის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს კვლავ მიმართა. პროექტის ფარგლებში მას საოჯახო სასტუმროში პირობების გაუმჯობესება და ვაინახური სამზარეულოს განვითარება სურს. პროექტი თუ დაფინანსდა, ლეილა საოჯახო სასტუმროში 10–12 კაციანი ჯგუფების მიღებასაც შეძლებს და მუშაობას არც ზამთარში შეწყვეტს.

    Nazy’s Family Guest House და ველოტურები

    ტურიზმის განვითარება და ამით პანკისის მიმართ ნეგატიური იმიჯის შემცირებაა ნაზი დაქიშვილის მიზანიც. ნაზი პროფესიით იურისტია. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო და რამდენი წელი იქვე მუშაობდა. პანკისში 3 წლის წინ დაბრუნდა.

    ჯოყოლოში ორსართულიანი სახლი აქვს და საოჯახო სასტუმრო გააკეთა. booking.com–ის მომსახურებითაც სარგებლობს. სტუმრებისთვის ოთხი საძინებელი აქვს, აბაზანა და სასადილო ოთახი. ნაზი და მისი და, ქართულის და ჩეჩნურის გარდა, გამართულად საუბრობენ ინგლისურად და რუსულად, რაც ტურისტებთან ურთიერთობას უადვილებთ. სეზონზე, რომელიც ივნისიდან იწყება და სექტემბრის ჩათვლით გრძელდება, ნაზის სასტუმროს ყველაზე მეტი ვიზიტორი ბრიტანეთიდან ჰყავს.

    ნაზის საოჯახო სასტუმროდან 5-10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს ბაწარა - ბაბანეურის ნაკრძალი, მსოფლიოში ცნობილი უთხოვარის ყველაზე დიდი კორომებით. ხადორის ჩანჩქერი, თორღვა პანკელის ციხე, მდინარე ალაზანი და ალაზნის პირას მდებარე რამდენიმე ადგილი, საიდანაც საუკეთესო ხედები იშლება.

    ნაზი ამბობს, რომ გასულ წლებში ველოსიპედებით გადაადგილების სურვილი რამდენიმე ათეულმა ტურისტმა გამოთქვა, მაგრამ ხეობაში ველოსიპედებს არავინ აქირავებს და არც საოჯახო სასტუმროებს აქვთ. ნაზის რამდენიმე ველოსიპედის შეძენა და ველოტურების მოწყობა სურს.

    პანკისში თითქმის აღარაფერია გასართობი. ბოლო დროს ვაინახური ფოლკლორის საღამოებიც სულ უფრო იშვიათად იმართება. პროექტის ფარგლებში ნაზი ტექნიკის შეძენას და საღამოობით, ეზოში ტურისტებისთვის ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას აპირებს.

    თეა ხანგოშვილის საკონდიტრო

    თეა ხანგოშვილი 32 წლის არის, ოთხი შვილი ჰყავს. მისი სამუშაო დღე დილის 9 საათზე იწყება. თეა მანამდე ბავშვების მომზადებას და სკოლაში მიყვანას ასწრებს. ერთ წელზე მეტია სოფელ დუისის ცენტრში საკონდიტრო აქვს გახსნილი, სადაც ნამცხვრებსა და ტორტებს აცხობს. საკონდიტროში ორი დამხმარე ქალი ჰყავს. პროდუქციას ადგილზე ყიდის. თეას ხეობის სხვა სოფლებშიც ხშირად ნახავთ, თავისი პატარა მანქანით, მაღაზიებში ახლადგამომცხვარი ნაწარმიც თავად შეაქვს.

    2015 წლის ბოლოს, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მუშაობა დაიწყო რამდენიმე ორგანიზაციამ, მათ შორის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ტრენინგ და სასწავლო ცენტრმა, სადაც კვირაში რამდენჯერმე იმართება ჯგუფური ტრენინგები პანკისის ხეობის მაცხოვრებლებისთვის.

    საკონდიტროს სიახლოვეს მუშაობა დაიწყო სპორტულმა დარბაზმაც, სადაც პერიოდულად იმართება სპორტული შეჯიბრებები სხვა სოფლებიდან ჩამოსული ბავშვების მონაწილეობით.

    2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირება დაიწყო სათემო რადიომაც. აქვეა განთავსებული პოლიციის განყოფილება და კიდევ რამდენიმე ობიექტი. არცერთ ამ ორგანიზაციას არ აქვს საკუთარი ბუფეტი, ირგვლივ კი არცერთი კვების ობიექტი არ არის. სასურსათო მაღაზიებშიც ძალიან მწირი არჩევანია.

    ამავე დროს პანკისის ხეობაში მიმდინარეობს მთის გიდების მომზადება და დაგეგმილია პანკისიდან თუშეთისა და ხევსურეთის მიმართულებით ახალი ტურისტული, საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტების ათვისება, რაც პროექტის ავტორების აზრით, ხეობაში ვიზიტორების რაოდენობასაც გაზრდის.

    ამ გარემოებების გათვალისწინებით თეამ საწარმოს გაფართოება გადაწყვიტა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ბიზნესიდეა თუ მოიწონეს და დააფინანსეს, თეა მზა პროდუქტების წარმოებას გეგმავს – ხაჭაპური, ღვეზელი, პიცა, სალათები და ა.შ. ასევე, დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეკვეთის შემთხვევაში მზა პროდუქტებს ადგილზეც მიაწვდის. თეა პირველივე ეტაპზე დამატებით კიდევ ორ ქალს დაასაქმებს.

    თექის სახელოსნო

    მაგული და ლიზი ქავთარაშვილები რამდენიმე წელია თექაზე მუშაობენ. ძირითადად კახურ და სვანურ ქუდებს, მოთხოვნის შემთხვევაში კი ჟილეტებსა და მცირე რაოდენობით სხვადასხვა სახის სუვენირებსაც ამზადებენ.

    მაგულის თექის სახელოსნოს შექმნა და ქუდებთან ერთად ნაბდების, ჩანთების, პალტოს ნაჭრებისა და სხვადასხვა სუვენირების წარმოებაც სურს.

    მაგული ამბობს, რომ ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა თექის პროდუქციაზეც, თუმცა იმის გამო, რომ არ აქვთ საკმარისი ინვენტარი, ვერ ახერხებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

    ერთი კახური და სვანური ქუდის ღირებულება ადგილზე 2.50 ლარია, თბილისსა და საქართველოს სხვა, ტურისტულად ხალხმრავალ ადგილებში კი მისი ფასი 7-დან 10 ლარამდე მერყეობს. ნაბდის ღირებულება 120-150 ლარია, ჩანთის 10-15 ლარი, მცირე ზომის სუვენირების საშუალო ფასი კი 4 ლარია.

    „ტექნიკა თუ შევიძინეთ, დამატებით კიდევ სამ ადამიანს დავასაქმებთ და ყოველთვიურად საშუალოდ 400 ქუდის, 15 ნაბდის, 10 მეტრი პალტოს ნაჭრის, 15-20 ჩანთის, 200-მდე მცირე ზომის სუვენირის წარმოებას შევძლებთ. თექის ნაწარმს გავყიდით როგორც ადგილზე, ასევე მოვამარაგებთ სხვადასხვა სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებს, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში, მცხეთასა და სხვა ქალაქებში“, – ამბობს მაგული ქავთარაშვილი. ბიზნესიდეის დასაფინანსებლად მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამიდან მან 10 ათასი ლარი მოითხოვა.

    რაზეტას სამკერვალო სალონი

    რაზეტა ოზნეევას პანკისში ყველა იცნობს, ის ყველაზე ხელმარჯვე მკერავია ხეობაში. საქართველოში ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ჩამოვიდა ოჯახთან ერთად და 16 წელია უკვე პანკისში ცხოვრობს. ახლა ის 51 წლის არის. შვიდი შვილი ჰყავს. დუისში მას სამკერვალო აქვს და ოჯახს იქიდან მიღებული მცირე შემოსავლით არჩენს. რაზეტამ და მისმა შვილებმა საქართველოს მოქალაქეობის მიღება არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. უარის მიზეზი არცერთხელ არ განუმარტავთ. იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა თვითონ ვერ მიიღო და განაცხადი მისმა პარტნიორებმა წარადგინეს.

    პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობაში სამკერვალო სალონის განვითარება, ტრადიციული ტანსაცმლის და საოჯახო აქსესუარების წარმოება სურთ. რაზეტა ქალების პროფესიულ გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობასაც გეგმავს. სალონის განვითარებისთვის მას საკერავი მანქანები სჭირდება. პროექტი ჯამში 7 ქალის დასაქმებას ითვალისწინებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]