• მცირე გრანტით 3 შვილის მამამ პანკისის ხეობაში საშაურმე გახსნა

    კვირა, 11 თებერვალი 2018 17:22 view 13052
    მცირე გრანტით 3 შვილის მამამ პანკისის ხეობაში საშაურმე გახსნა

    მილანა და მაჰა, სხვა პანკისელი ბავშვების მსგავსად, ხშირად სტუმრობენ ახლადგახსნილ საშაურმეს, რომელიც მათმა მამამ, 31 წლის დათო გუმაშვილმა ცოტა ხნის წინ გახსნა პანკისის სოფელ დუისში.

    მცირე ბიზნესის დაწყებაში დათოს USAID-ის Zrda პროექტი დაეხმარა. გრანტის სახით მოგებული 2700 ლარით შაურმის დასამზადებლად საჭირო ინვენტარი და მაცივარი შეიძინა, ფართი კი სადაც შაურმას ამზადებს, საკუთარი ხარჯებით გაარემონტა.

    საშაურმემ სახელი მოკლედ დროში გაითქვა და დათო ყოველდღიურად 20-25, ზოგჯერ 40-მდე შაურმას ყიდის. პატარა შაურმა 3 ლარი ღირს, საშუალო ზომის 5, დიდი კი 8 ლარი. საშაურმე დათოს ყოველდღიურად 120-150 ლარიან შემოსავალს აძლევს, საიდანაც 30 ლარი მოგებაა. ზამთარში ბოსტნეული ძვირია და ხარჯებიც გაზრდილია.

    „მამაჩემი საუკეთესო ქათმის შაურმას აკეთებს, სალათის ფურცლით, სოუსით და ხახვით,“ - გვიღიმის მილანა და მის საყვარელ კერძს აგემოვნებს.

    საწარმო სურსათის ეროვნულ სააგენტოს შემოწმებული აქვს და სტანდარტებს აკმაყოფილებს.

    საშაურმეს გახსნამდე დათო ხეობაში კერძო მშენებლობებზე მუშაობდა, ხან მშენებლად, ხან მუშად: „მინდოდა ხელი სხვა საქმისთვის მომეკიდა, განვითარების შესაძლებლობა რომ მქონოდა. 2017 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ რომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, იქაც მივიღე მონაწილეობა. პროექტი მეფუტკრეობაზე წარვადგინე, ნატურალური თაფლის წარმოებას ვგეგმავდი, მაგრამ არ გამიმართლა. ZRDA პროექტმა რომ გამოაცხადა კონკურსი, მეორედ ვცადე. ვიფიქრე, პანკისის ხეობაში საშაურმე არ არის და გავაკეთებ მეთქი. მე თვითონაც მიყვარს შაურმა, სხვებსაც უყვართ. გამოვიდა ღმერთის წყალობით. პირველად რომ დავიწყე მუშაობა, კარგი გასავალი იყო. ამ ბოლო დროს იმდენი აღარ არის, მაგრამ დღეში 20-25 შაურმას მაინც ვყიდი. ქათმის ხორცისგან ვამზადებ ჯერ-ჯერობით. ძირითადად მე ვმუშაობ და ოჯახის წევრებიც მეხმარებიან“.

    ზაფხულისთვის, როცა პანკისში ბევრი სტუმარია, დათო მომხმარებლების ზრდას ვარაუდობს და საშაურმეს გაფართოებას აპირებს.

    „საკუთარი ხარჯებით სახლის ეზოში მშენებლობა დავიწყე. საშაურმე იქ მინდა გადავიტანო. აქ ძალიან ვიწროდ ვარ. მომხმარებლები რომ შემოდიან, დასაჯდომი ადგილიც არაა. შაურმას ყიდულობენ და გარეთ ჭამენ, გზის პირას კი მტვერია, ცივა, წვიმის დროს გაჩერება რთულია. ხალხი კმაყოფილი თუ არ დარჩა, საქმე კარგად ვერ წავა. არსებული მცირე ბიზნესის განვითარებაშიც რომ გვთავაზობდნენ მხარდაჭერას, კარგი იქნებოდა“, - ამბობს დათო.

    მისივე თქმით, თანატოლები ხშირად ეკითხებიან - კმაყოფილია თუ არა მცირე ბიზნესით, წამოწყებამ როგორ გაამართლა:

    „გაჭირვებულია ხალხი. ხეობაში სამუშაო არ არის. ინტერესი აქვთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ თვითონაც მოკიდონ რამეს ხელი“.

    ახმეტაში, მატანში, საკობიანოში, დუისში, ჯოყოლოში, ხალაწანში, ზემო ალვანში, ქვემო ალვანსა და ომალოში მცხოვრები პირებისთვის ZRDA პროექტს საგრანტო კონკურსი ახლაც აქვს გამოცხადებული. პროგრამა დააფინანსებს პროექტებს, რომლის მიზანიც სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაა. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 4000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადა 5 მარტია.

    ავტორი: ისლამ გორგიშვილი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]