• რაც 21 აპრილს პანკისში მოხდა, ხეობაში ტურიზმს ძალიან დააზიანებს - ნატალია ბახტაძე

    ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 18:07 view 4613
    რაც 21 აპრილს პანკისში მოხდა, ხეობაში ტურიზმს ძალიან დააზიანებს - ნატალია ბახტაძე

    „პანკისის ცუდი იმიჯი რომ დამსხვრეულიყო, თვითონ პანკისელებმა, სხვადასხვა ორგანიზაციებმა წლების განმავლობაში დიდი შრომა გაწიეს. მაგრამ, ის, რაც 21 აპრილს მოხდა, ტურისტული სეზონის დასაწყისში, რასაკვირველია ძალიან საზიანოა ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის. ყველაფერი თავიდან გახდა დასაწყები“, - აცხადებს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მრჩეველი ნატალია ბახტაძე პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში.

    „პანკისი არ არის ცნობილი ტურისტული ადგილი, ახლა ვითარდება. სამწუხაროა, მაგრამ პანკისს ჰქონდა, აქვს ძალიან ცუდი იმიჯი, რომ იქ საშიშია, იქ ასვლა არ შეიძლება და ა.შ. თვითონ თბილისშიც კი, როცა იტყვი, რომ ხვალ პანკისში მივდივარ, გეკითხებიან - ვაიმე, არ გეშინია? ეს იმიჯი რომ დამსხვრეულიყო, ბევრმა იშრომა, მათ შორის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც, რომელმაც შარშან მარშრუტები მოიკვლია და უკვე წელს მარკირება დაიწყო.

    როდესაც ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება, ასე მკვეთრად, ისევ საწყის ეტაპზე დაბრუნება იმიჯის თვალსაზრისით, რასაკვირველია ძალიან საზიანოა. თან ცუდია რომ ეს აპრილში მოხდა, ფაქტობრივად, სეზონის დასაწყისია პანკისში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც სურვილი ჰქონდა, პანკისი ტურებში ჩაესვა, ავტომატურად გადაიფიქრა, იმიტომ, რომ გავრცელდა მძიმე კადრები, ითქვა, რომ მოსახლეობა ძალიან აგრესიული იყო.

    - მედიამ დაპირისპირება გააშუქა.

    - კი, უნდა გაეშუქებინა კიდეც, მაგრამ ეს დაპირისპირება იყო ერთჯერადი მოვლენა. ძალიან ცუდი ფაქტია ის, რაც მოხდა, მაგრამ აგრესიულობას ჰქონდა მიზეზი, როცა ასეთი ძალადობრივი გზით გინდა გააკეთებინო თემში რაღაც, რაც თემს არ უნდა. ამ ფაქტის განზოგადება არ შეიძლება.

    შარშანდელი სეზონი პანკისელებისთვის კარგი იყო, იმიტომ კი არა, რომ რაღაცეები დაიგეგმა, სამწუხაროდ, თუშეთის გზა როდესაც დაიკეტა, იქ დაგეგმილი ტურების ალტერნატიული გამოსავალი იყო პანკისი. მინდა გითხრათ, რომ სასიამოვნოდ განაცვიფრა ის ტურისტები, ვინც პანკისში წავიდნენ. ცხადია თუშეთი და პანკისი ერთი და იგივე არ არის. ორივე ძალიან კარგია და თუშეთი უნიკალურია თავისი ლანდშაფტით, ვერ ჩაანაცვლებს ერთს მეორე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პანკისში ტურისტული ნაკადები დაიწყო.

    პანკისი ადვილად მიღწევადია, მოწესრიგებული გზაა, ძალიან კომფორტულია ოჯახებისთვის, პატარა ბავშვებს მალე მიიყვან იქამდე. შეგიძლია ერთდღიანი, ორდღიანი ტურები ადვილად დაგეგმო. საოჯახო სასტუმროებს კარგი პირობები აქვთ. საქონელი ჰყავთ, სუფთა პროდუქტი აქვთ. ამიტომ, ძალიან კარგი შემოთავაზება იყო განსაკუთრებით საოჯახო ტურიზმისთვის და დასაწყისში დინამიურად ვითარდებოდა. შეიძლება ითქვას, ნელ-ნელა ამ ცუდი იმიჯის მსხვრევა დაიწყო და ახლა, ამ საწყის ეტაპზე ამის ასე ჩაკვლა, იმიტომ, რომ ვაიმე პანკისი ისევ საშიშია, ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს. მითუფრო, როცა ასეთი რამ სეზონის დასაწყისში ხდება, ის სეზონი ჩავარდნილი იქნება.

    ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, რომ არ არის საშიში, რომ ტურისტი უსაფრთხოდ იქნება და ა.შ. უსაფრთხოება ტურისტისტისთვის პირველი მოთხოვნაა. შიდა ტურიზმი პირველია, რაც ქვეყანაში ვითარდება. განსაკუთრებით შიდა ტურიზმისთვის ძალიან საზიანო იყო.

    - რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პანკისში ტურიზმის განვითარება ძალიან არ შეფერხდეს? იმიტომაც, რომ ტურიზმი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა ხეობაში.

    - მედიას დიდი როლი აქვს. ერთია რაც მოხდა, ახლა რომ ასე არ არის, ამაზე უნდა გაკეთდეს რამდენიმე რეპორტაჟი. ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ რეალურად იქ არაა ისეთი განუკითხაობა, როგორც ვთქვათ იმ მომენტში იყო. ეს იყო ერთჯერადი და დამთავრდა.

    ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენ წევრ ტურისტულ კომპანიებს შევთავაზოთ, წავიდეთ იქ და პატარა ინფო ტური გავაკეთოთ. გავაცნოთ ეს ადამიანები. პირადი კონტაქტები ყოველთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. თავისი თვალით ნახონ ის, რომ რეალურად არაფერი საშიში არ არის და ყველაფერი წესრიგშია. ასევე, კარგი იქნება თვითონ პანკისელები გააქტიურდნენ თავიანთ შეთავაზებებში.

    21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ სამართალდამცავების დაცვით განაახლა „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან, მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეჩერებული იყო. ადგილობრივების საპროტესტო შეკრების შემდეგ, შს სამინისტრომ ხეობაში სპეცრაზმი და საპოლიციო ტექნიკა შეიყვანა. მოსახლეობა ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა, სპეცრაზმი კი აქციის მონაწილეებს გადაადგილების და მშენებლობის ადგილამდე მისვლის უფლებას არ აძლევდა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. ადგილობრივებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 აპრილს მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    მე და სახელმწიფო - რა პრობლემები აქვს ტურიზმის სექტორს პანკისში

    რა გავლენა იქონია პანკისში ტურიზმის განვითარებაზე, ხეობაში, 2019 წლის 21 აპრილს, ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ? რატომ გააუქმეს ტურისტებმა ჯავშანი პანკისის საოჯახო სასტუმროებში? რატომ შეატოვა სახელმწიფომ შეტაკების შემდეგ ჩავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი ტურისტული სეზონი საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს? რა მხარდაჭერა სჭირდებათ ადგილობრივებს, რომლებიც ტურისტულ ბიზნესში ერთი ან ორი წლის წინ ჩაერთვნენ და განვითარებისთვის ბანკიდან სესხიც აქვთ აღებული? რა როლი აქვს მედიას პანკისში სიტუაციის შესაცვლელად? რას ფიქრობენ პანკისელი მეწარმეები ხეობაში სტუმრებისთვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე ადათ-წესებზე მითითებით?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    ლეილა აჭიშვილი - სოფელ ჯოყოლოში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე; პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

    ეთერ ციხესაშვილი - სოფელ დუისში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, უხუცეს ქალთა საბჭოს წევრი;

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]