როგორც პანკისის სათემო რადიოს ღონისძიების ორგანიზატორმა მექა ხანგოშვილმა განუცხადა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გუჯა ბურდული, ბაბუა ალუდაური, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, ერეკლე საღლიანი და სხვები. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
„ტარიელ ხარხელაური გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ჭექა-ქუხილით შემოვიდა ქართულ პოეზიაში. კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძის მიერ ნაპოვნი თიანელი მოსწავლის რვეული ჯერ ხელიდან ხელში გადადიოდა, მერე კი თითქოს მიავიწყდათ. უფრო სწორად, ტარიელის ბუნებითმა მოკრძალებულობამ თავისი ქნა: თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტმა, ყველაფერს თავი მიანება, რაკი გულმა მშობლიური მთებისა და მამა-პაპათა საქმიანობის - მეცხვარეობისაკენ გაუწია“, – წერს პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე 2014 წელს რადიო თავისუფლებისთვის მომზადებულ სტატიაში.
„12 წელი გავატარე ცხვარში, მწყემსად ვიყავი. მთა სხვანაირად გზრდის. იქ შენ უნდა ჩანდე პიროვნულად და არა ლექსით. მთას ეს არ სჭირდება, მთას ლექსით ვერ გააკვირვებ, პოეზიით და აი, შენ კაცი როგორი ხარ, ეგ არის მთავარი და ჩემთვის მთავარი მიზანი იყო, მე კაცად დავრჩენილიყავი და კაცი ვყოფილიყავი მისაღები მთისთვის, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად, და არა ლექსით“, – ციტირებს რადიო თავისუფლება ტარიელ ხარხელაურის კომენტარს.
ტარიელ ხარხელაური ავტორია არაერთი კრებულისა:, მათ შორის „100 ლექსი“, რომელიც 2012 წელს გამოიცა. ეს ტარიელ ხარხელაურისთვის რიგით მეოთხე კრებული იყო. პოეტს მანამდე გამოცემული ჰქონდა სამი წიგნი: „აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა“, „მინდვრის ფსალმუნები“ და „წუთისოფლის სიმფონია“.