• 18 წლის ლინდა გუნაშაშვილი პანკისიდან – მუსიკის გარეშე არ შემიძლია

    პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 11:52 view 6685
    18 წლის ლინდა გუნაშაშვილი პანკისიდან – მუსიკის გარეშე არ შემიძლია

    „ჩეჩნეთში დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი. ძალიან პატარები ვიყავით, იქ ომმა რომ მოგვისწრო და სხვა ლტოლვილებთან ერთად საქართველოში გადმოგვიყვანეს მშობლებმა. მას მერე პანკისის ხეობაში ვცხოვრობთ დედასთან ერთად და ახლა უკვე 6 დედ-მამიშვილი ვართ. მამა უკრაინაშია სამუშაოდ წასული და იქიდან გვეხმარება.

    ჩვენი აღმსარებლობა ისლამია. ამ ბოლო დროს მსოფლიოში მომხდარმა ცუდმა ამბებმა ისლამს სახელი გაუტეხა. მართალია ყურანი ბოლომდე არ წამიკითხავს, ძალიან რთულია, მაგრამ რაც შევისწავლე, იქიდან ვასკვნი, რომ ისლამი ერთ-ერთი ყველაზე შემწყნარებლური რელიგიაა. უბრალოდ მისი ბოროტად გამოყენება ხდება. გაგონილი მაქვს, რომ ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყნებში გოგონებს სწავლას უშლიან. ესეც არასწორია, რადგან წამიკითხავს, რომ ისლამი განათლებული ადამიანების რელიგიაა და მისი მიმდევრებიც ასეთები უნდა იყვნენო. ამიტომ მგონია, რომ პანკისშიც გოგონებისთვის განათლება აუცილებელია.

    სკოლაში ჩემი საყვარელი საგანი ისტორიაა და მინდა ისტორიკოსი გამოვიდე. არქეოლოგიაც მაინტერესებს, მაგრამ პანკისში ამ პროფესიას გასაქანი არ აქვს. და რაც მთავარია, მინდა კონსერვატორიაშიც გავაგრძელო სწავლა.

    მე და ჩემი ტყუპისცალი და ანსამბლ „პანკისში“ ვმღერით. ვასრულებთ როგორც ფოლკლორულ სიმღერებს, ასევე ევროპულებს. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ პანკისში ვაჰაბისტური იდეოლოგიის მიხედვით, მუსულმანს სიმღერა ეკრძალება. ჩემი ბიძებიც, რომლებიც ამ მიმართულების მიმდევრები არიან, თვლიან, რომ სცენაზე არ უნდა ვიდგეთ, მაგრამ სიმღერა ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრი უნდა გააჩნდეს და მიყვეს ამ აზრს. ხომ ხედავთ, თავსაფარიც არ მიკეთია, რადგან, როცა თავსაფარს ხმარობ, მაშინ სიმღერაზეც უარი უნდა თქვა. მე კიდევ მუსიკის გარეშე არ შემიძლია.

    მახსოვს პირველად რომ სცენაზე გამოვედი, ახმეტაში, ისე ვნერვიულობდი, რომ კარგად ვერ ვიმღერე. მერე პანკისში, აი, ამ დარბაზში, თბილისიდან ჩამოსულ სტუმრებს ვუმღერე და ისე მოიწონეს, რომ მეორედ ამიყვანეს სცენაზე. მას მერე არც სცენის მეშინია და არც მაყურებლის. ძალიან ხშირად დავდივართ გასტროლებზე საქართველოშიც, ჩეჩნეთშიც და თურქეთშიც კი ჩავატარეთ კონცერტები. როცა საქართველოს კუთხეებში გვიწევს კონცერტების გამართვა, მოდიან და გვეუბებიან, უი, ჩვენ პანკისელები სხვანაირები გვეგონეთო, და თქვენ კიდევ ჩვეულებრივი ბავშვები ყოფილხართო. ჩვენი რელიგიის გამო და ასევე იმიტომ, რომ პანკისიდან ბოლო პერიოდში ცუდი ამბები ისმოდა, გონიათ, რომ ძალიან კარჩაკეტილები ვართ და ქართველებთან რელიგიური მოსაზრებების გამო არ შევდივართ კონტაქტში.

    ისე ადრე მართლაც ასე იყო, მაგრამ მერე ქართველებთან ხშირმა კონტაქტმა, ღონისძიებებში ერთად მონაწილეობის მიღებამ, გაგვხსნა და ქართველების და ქისტების ურთიერთობა გააღრმავა. აი, კონცერტებს, რომ ვატარებთ და რომ ხედავენ, რომ ჩვენც მათსავით ადამიანები ვართ, გვიყვარს მუსიკა, გართობა, მერე სულ ეცვლებათ წარმოდგენები პანკისზე.

    რამდენიმე წლის წინ, X ფაქტორში მინდოდა მონაწილეობა და არ მიმიღეს. ალბათ, ჩემზე ბევრად ნიჭიერი მონაწილეები იყვნენ ან თავისი შოუს პრინციპები ქონდათ. მაგრამ დიდ სცენაზე აუცილებლად გამოვალ. საქართველოში თუ არა, ევროპაში წავალ და იქ ვიმღერებ. ახლა კი მგონია ეს მიუღწეველი ოცნება, მაგრამ ვნახოთ...

    არა მგონია, რომ ჩემი მრწამსის გამო ვერ მივაღწევ მიზანს. რადგან მჯერა, რომ ადამიანებს საქართველოში გააზრებული აქვთ, რომ ყველა რელიგიას პატივს უნდა სცემდენ და ყველა უნდა უყვარდეთ, რადგან მთავარი ამ ქვეყანაზე სიყვარულია.“

    © 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]