„ადგილობრივი ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დისტანცირება არასწორია და პირიქით, მოვუწოდებდი ადგილობრივ ხელისუფლებას მაქსიმალურად ჩართული იყოს ასეთ საკითხებში. ამით მე არ ვცდილობ პასუხისმგებლობის გადატანას მთლიანად კულტურის სამინისტროდან მუნიციპალიტეტებზე, მაგრამ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და არა მხოლოდ ზეპირად გამოუცხადოს ამა თუ იმ საკითხს მხარდაჭერა, არამედ გადადგას შესაბამისი, კონკრეტული ნაბიჯები“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.
მინისტრის თქმით, ეთნიკური უმცირესობების კულტურის წარმოჩენა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ჩვენ ვაგრძლებეთ მხარდაჭერის პროგრამას. ეს გამოიხატება იმ კონკურსებში, რომლებსაც ვაცხადებთ და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რომ მოიფიქრონ მათთვის საინტერესო პროექტები და მიიღონ მხარდაჭერა. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზე უარი უთხრა.