• საქართველოს ხუთ რეგიონში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება

    სამშაბათი, 05 აპრილი 2016 13:09 view 4594
    საქართველოს ხუთ რეგიონში ვაინახური კულტურის ფესტივალი გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია საქართველოს ხუთ რეგიონში ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.

    ღონისძიებები ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მესტიაში ივნისში გაიმართება. ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.

    მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში – Google, თუ ჩაწერთ სიტყვა პანკისი, ყველაზე ხშირად იძებნება მასალები: პანკისი, „ისლამური სახელმწიფო“; ვაჰაბიზმი; შემზარავი კადრები პანკისიდან; ტერორიზმი; პანკისი – ნელი მოქმედების ნაღმი; პანკისი – თურქეთი – სირია და ა.შ.

    2013 წლიდან პანკისის ხეობა კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. იმ ფაქტებმა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი წარმოშობით პანკისიდანაა, სირიაში 50–ზე მეტი ახალგაზრდაა წასული და მათ შორის 14 დაიღუპა, ხელი შეუწყო პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეროვნული უმცირესობის კიდევ უფრო მარგინალიზებას, ვიდრე ეს 2001–2002 წლების მოვლენების შედეგად იყო. ამან პანკისის ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ისედაც არასახარბიელო ვითარება კიდევ უფრო გააუარესა როგორც თემის, ასევე ხეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების გამოვლინებით.

    პანკისის ხეობაში ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ. თემის ჯგუფები, ფუნდამენტური და ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევრები თავისი რელიგიური მისწრაფებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებისთვის სიმღერა და ცეკვა მიუღებელია, რასაც ისინი რელიგიური მოსაზრებებით ხსნიან.

    ბოლო პერიოდში, ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა ცეკვასა და სიმღერაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები.

    ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, ამ პროცესში ქისტი ახალგაზრდების ჩართვა და ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის პროექტის მიზანი. პროექტის განხორციელებას მხარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუჭირა.

    ლეილა აჭიშვილი, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს: „ფესტივალში მონაწილეობას ანსამბლების გარდა ინდივიდუალური შემსრულებლებიც მიიღებენ. ვცდილობთ, მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარვსდგეთ. წარმოვაჩენთ ადგილობრივი მუსიკის, ცეკვის, პოეზიის ნიმუშებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი გააძლიერებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს განვითარდნენ ამ მიმართულებით, მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ“.

    ნაზი დაქიშვილი 2013 წლიდან პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს ამუშავებს. მას სტუმრები ძირითადად უცხოეთიდან ჰყავს. ნაზი ამბობს, რომ ერთ–ერთი, რაც პანკისში ჩასულ ტურისტებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა.

    საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს მექა ხანგოშვილს მიაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვანია.

    „სამწუხაროდ, 90-იან წლებში მოხდა ძალიან არასასიამოვნო ფაქტი. ჩეჩნებმა მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ომში და ამით, მათი სახით, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში მტრის ხატი დაინერგა. ამ რეალობას სამწუხაროდ ვერ გავექცევით. აუცილებელია, ქართულმა საზოგადოებამ ჩეჩნები სხვა კუთხით გაიცნოს და არა ისეთი კუთხით, როგორც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდშია. ჩეჩნები ასოცირდებიან ტერორიზმთან, ისლამის გაიგივება მოხდა ტერორიზმთან, ბევრი ცუდი მოვლენა ხდება ჩვენთან. თუნდაც ის, რომ პანკისის ხეობიდან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიდის სირიაში. ხეობას უარყოფითი იმიჯი აქვს. არადა, პანკისი ბევრი რამითაა შესანიშნავი, გამორჩეული, მათ შორის ვაინახური კულტურით, რომლის გატანაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პანკისის ხეობას სხვა კუთხით წარმოაჩენს. ეს პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში ტოლერანტული და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობაზე“, – აღნიშნავს მექა ხანგოშვილი.

    ვაინახური კულტურის ფესტივალი ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მესტიაში რეგიონული მედიაორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება.

    „პანკისის ხეობიდან ძირითადად ისეთი ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც ნეგატიური შინაარსის მატარებელია - ტერორიზმი, ჯიჰადი, ისლამური სახელმწიფო... ცხადია, ეს ტერმინებიც კი მყისიერად იწვევს ადამიანებში შეშფოთებასა და შიშებს. ეს კი ყველაზე მეტად აზარალებს ეთნიკურად ქისტ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, ამ ფესტივალს მრავალმხრივი ეფექტი ექნება - ერთი მხრივ ვაინახური კულტურა საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთი კულტურის პოპულარიზაცია, პანკისში მცხოვრებ ადამიანებში გარიყულობის განცდის შემცირებას შეუწყობს ხელს. ვაინახური კულტურით, ალბათ, არამხოლოდ ეთნიკურად ქისტი მოქალაქეები უნდა ამაყობდნენ... ცხადია ამ პროცესში მედიას განსაკუთრებული როლი ეკისრება“, – ამბობს ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი.

    ფესტივალის დროის, ადგილისა და პროგრამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მაისის შუა რიცხვებში გავრცელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]