სინგლი „ომი“ 2016 წელს, საქართველოში, „ბრავო რექორდსის“ სტუდიაში ჩაიწერა. „ბრავო რექორდსის“ ინფორმაციით, რეპერი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც გენეტიკური კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. „რეზიდენტემ“ გენეტიკური სამშობლოები მოიარა და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, მათ შორის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და პანკისში, სადაც ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო. სწორედ „აზნაშთან“ ერთად გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. მის ალბომშიც მთავარი აქცენტი მშვიდობაზე კეთდება.
28 იანვარს, ნიუ-იორკში გამართულ გრემის დაჯილდოებაზე ალბომმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო ლათინური როკი, ურბანი ან ალტერნატივა“.
„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ ამ გამარჯვებას საქართველოს უდიდესი წარმატება უწოდა და აღნიშნა, რომ რეპერის მიერ თავის დროზე გაკეთებული ანტიქართული განცხადებების გამო ამ წარმატების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თავს იკავებდნენ.
„საქართველოდან გამგზავრების შემდეგ რეპერმა მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში, რომ ვითომდა საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს - ოსებს, აფხაზებს და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ. პროტესტის მიუხედავად, „ბრავო რექორდსის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გამოექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვება და პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბრავო რექორდსის“ მთავარი ხმის რეჟისორის ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი, რომელმაც იმუშავა ამ სინგლის ჩაწერაზე, მიქსინგსა და მასტერინგზე“, - განაცხადა ზაზა შენგელიამ.
ანსამბლ „აზნაშ ლამანის“ (მთის ჰანგები) წევრები მანანა ალხანაშვილი, დარეჯან მარგოშვილი, რუსუდან ფარეულიძე, მარხა მაჩალიკაშვილი, ნატო მუთოშვილი არიან. ისინი წლების განმავლობაში მაყვალა მარგოშვილის მიერ 1996 წელს დაფუძნებულ ანსამბლ „აზნაშის“ შემადგენლობაში მოღვაწეობდნენ.