წიგნში შესული მხატვრული ნაწარმოებები სხვადასხვა ციკლებად არის დალაგებული: ნოველები - „დედაჩემის ვახშმის შემდგომი საუბრები“; ჩანახატები - „ბებოჩემი და იმისი საციქველ-ჯამ-ჭურჭელი“ (ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ესკიზები); მოგონებანი - „ჩემი მოსწავლეობის ხანა“ (ახმეტის II საშუალო სკოლა, სასწავლო პროცესი, პედაგოგები, არდადეგები); ნარკვევები - „აღმოსავლური დღიურები“ (თურქეთსა და სპარსეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებანი); მოთხრობები - „სხვადასხვანი“ (მხატვრული და დოკუმენტური ამბები); ეპილოგი - ილტოსპირელის ბიოგრაფიული შტრიხები.
„წიგნი მკითხველს უაღრესად საინტერესო, ლამაზ, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებულ სამყაროში მოგზაურობას პირდება“, - ამბობს პოეტი.
მიხეილ ღანიშაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალაში ცხოვრობს. გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული, მათ შორის „ორი ნაპირი“ (სევარიონ ნადირაძესთან ერთად), „ერთი ლირიკული პოემა და ცამეტი ლექსი“, „ბედისწერის ქიმზე“, „იჩქერია“ (ქართულ-რუსულ-ჩეჩნურ ენებზე), „აცამაზი“ (ოსური პოემა), „კავკასიური პოემები“, „გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი“, „სულის ყვავილები“. მისი ნაწარმოებები სხვადასხვა დროს თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ, შვედურ, რუსულ და ჩეჩნურ ენებზე.
2015 წლიდან, ილტოს ხეობის პოპულარიზაციის და ხეობაში ტურიზმის განვითარების მიზნით, მიხეილ ღანიშაშვილის ინიციატივით, სოფელ ჭართალაში ყოველწლიურად ლექსობა-კაფიაობის ფესტივალი „ღანიშობა“ იმართება.