• ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

    ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:30 view 5098
    ასლან წუწაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ სავარაუდო დარღვევა დაადგინა

    სტრასბურგის სასამართლომ წინასწარი, სავარაუდო დარღვევა დაადგინა ასლან წუწაშვილის საქმეზე. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პანკისის ხეობის სოფელ ომალოს მცხოვრები ასლან წუწაშვილი პოლიციელების მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო ჩივის. არაერთი მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ, სავარაუდოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ამ დრომდე არ გამოიძია.

    საქმე ეხება 2016 წლის 23 იანვარს, ახმეტაში მომხდარ ინციდენტს. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი გააჩერეს და მძღოლის გვერდით მჯდომი ასლან წუწაშვილი დაადანაშაულეს, რომ უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა. ასლან წუწაშვილი სასამართალდამცავებს არ დაეთანხმა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. წუწაშვილის თქმით, რამდენიმე წუთში ის დააკავეს და ცემეს. მისივე თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პროცესში პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და სხვა ხელმძღვანელი პირებიც მონაწილეობდნენ.

    „ძირს რომ ვიყავი დაგდებული, ფეხი გადამიბრუნეს და ზურგიდან ისე მირტყამდნენ. ჯერ ხელს მირტყამდა მიხეილ ბერძენიშვილი, უფროსები ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე რომ მოვიდნენ, ფეხებითაც დამიწყეს ცემა. პოლიციის უფროსი ყვიროდა, ქისტების დედა ... ესენი ამ ბოლო დროს ძალიან განაგლდნენო და შემაგდეს მანქანაში. ვიდრე პოლიციაში მიმიყვანდნენ, მანქანაში ერთი პოლიციელი თავს მიჭერდა, მეორე მუცელში მირტყამდა და მაგინებდნენ: თქვენი დედები ... თქვე ქვეშაფსიებო... იცი, რას გიზამთო? ერთი განყოფილებაში მივიდეთ და თავს კონდახით ჩაგიმტვრევთო. სანამ პოლიციაში მოვიდოდით, გზაში სულ მირტყამდნენ. პოლიციაში რომ მივედით, უფროსის მოადგილემ ჩემი მისამართით გინება გააგრძელა და პოლიციელებს დაავალა, დაბლა პადვალში ჩაიყვანეთ და ხელბორკილები კიდევ მოუჭირეთ, ამის დედა .... პადვალში რომ ჩამიყვანეს, უფროსი და მოადგილე იქ ჩამოვიდნენ. ისევ მაგინებდნენ. უფროსმა მითხრა, თქვენ „განაგლებული“ ხალხი ხართ, თქვენი დედა, იცი რა გელოდება, 5 წელი ციხე გელოდებაო. მოგვიანებით ხელი მომაწერინეს რაღაც ფურცლებზე, რის შემდეგაც სასამართლოში გადაგვიყვანეს“, – ამბობს ასლან წუწაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის 3 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში.

    თელავის რაიონულ სასამართლოში საქმე არსებითად მოსამართლე ნინო კორძაძემ განიხილა, რომელმაც პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე ასლან წუწაშვილი და მამამისი გოჩა გორგიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო პოლიციელების კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობის გამო.

    მოსამართლემ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნახვაც კი არ მოინდომა. მან ყურადღება არ მიაქცია ასლან წუწაშვილის განცხადებებს პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და მამა–შვილი 250-250 ლარით დააჯარიმა.

    ასლან წუწაშვილმა დახმარებისთვის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისს მიმართა. 27 იანვარს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა საჩივარი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, კახეთის საოლქო პროკურატურას და სახალხო დამცველს გაუგზავნა. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო.

    5 თებერვალს სააქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას მიმართა და გამოძიების დროულად და ობიექტურად დასრულება მოითხოვა.

    „სახელმწიფომ გამოხატა პოლიტიკა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ, როდესაც გაამკაცრა პასუხისმგებლობა და შემოიღო სპეციალური დეფინიცია. შესაბამისად, თუკი ამ დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელია, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ მისი ეს პოლიტიკა მხოლოდ ფურცელზე დეკლარირებული არ არის. გამოიყენოს კანონი მთელი სიმკაცრით და არ დატოვოს შერჩევითი მართლმსაჯულების თუნდაც მცირედი ეჭვი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

    ასლან წუწაშვილის ინტერესების დასაცავად საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჩაერთო. იურისტი, თამარ ავალიანი ამბობს:

    „არაერთი განცხადება გავგზავნეთ მთავარ პროკურატურაში გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე დღემდე გამოუძიებელია. საჩივრებს, რომლებსაც ახმეტის პოლიციის გადაცდომებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას ვწერდით, ისევ ახმეტის პოლიციას უგზავნიდნენ, რაც არსებითად ნიშნავს მეამე მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. როდესაც დავრწმუნდით, რომ ეროვნულ დონეზე გამოძიება იყო არაეფექტური და მთავარ პროკურატურას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების სურვილი არ ჰქონდა, მითუფრო იმ საქმეში სადაც პოლიციელები იყვნენ მხილებულნი, 7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ. გასაჩივრებული გვაქვს კონვენციის მე–3 მუხლის, წამების, არასათანადო და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა, მე-14 მუხლით და მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რაც ნიშნავს დისკრიმინაციას, ანუ ჩვენ ხაზგასმა გვქონდა, რომ ასლან წუწაშვილს პოლიციელები უსწორდებოდნენ, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით“.

    სტრასბურგის სასამართლოდან ადამიანის უფლებათა ცენტრმა 4 დეკემბერს მიიღო პასუხი. „აღნიშნული საქმე კომუნიცირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლომ წინასწარ სავარაუდო დარღვევა დაადგინა. ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, მაგრამ მაღალი ალბათობით, ევროსასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საქმეში არის ადამიანის უფლებების არსებითი დარღვევები. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა იმიტომ, რომ იყო დისკრიმინაცია და არასათანადო მოპყრობა“, – აღნიშნავს თამარ ავალიანი.

    პროცედურის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლო საჩივარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის და ახსნა – განმარტებას მოსთხოვს, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა სახელმწიფომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ წუწაშვილის მხარეს ექნება შესაძლებლობა საპასუხო შესაგებელი წარადგინოს, რის შემდეგაც სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

    პოლიციელები, რომლებიც ასლან წუწაშვილმა ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციაში ამხილა, ამ დრომდე თანამდებობებზე არიან.

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]