• პოლიციელებმა ახმეტაში 24 წლის ასლან წუწაშვილი ცემეს - ინციდენტი ეთნიკურობაზე ხაზგასმით [Video]

    ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 17:31 view 4400
    პოლიციელებმა ახმეტაში 24 წლის ასლან წუწაშვილი ცემეს - ინციდენტი ეთნიკურობაზე ხაზგასმით [Video]

    23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა – შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალიდან ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგსუკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ.

    წუწაშვილის განცხადებით, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, პოლიციის ხელმძღვანელებმა ის და მამამისი უცენზურო სიტყვებით აგინეს ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით.

    ინციდენტი დაახლოებით 11:35 საათზე მოხდა. გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი „მიცუბიში მონტეროს“ მარკის ავტომანქანით, პანკისის ხეობიდან გადაადგილდებოდნენ ქალაქ ახმეტის მიმართულებით. ავტომანქანას გოჩა გორგიშვილი მართავდა, ხოლო ასლან წუწაშვილი იჯდა მძღოლის გვერდით. მათი განმარტებით, უსაფრთხოების ღვედი ორივეს ეკეთა.

    ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობისას, მათ საპირისპირო მხრიდან მიმავალი პოლიციის ეკიპაჟი შეხვდათ. შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ გოჩა გორგიშვილმა მანქანა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე გააჩერა, სადაც მყისიერად მივიდა ზემოაღნიშნული პოლიციის ეკიპაჟიც.

    ასლან წუწაშვილის განმარტებით, პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, როგორც მოაგვიანებით გაირკვა მიხეილ ბერძენიშვილი, რომელსაც ეცვა მუქი ლურჯი ქურთუკი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. პოლიციელმა განუცხადა მათ, რომ ასლან წუწაშვილს ავტომანქანით გადაადგილების დროს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რის გამოც მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. ასლან წუწაშვილი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ავტომანქანით მოძრაობისას ღვედი ნამდვილად ეკეთა, თუმცა გაუგებრობა შესაძლოა გამოეწვია იმ გარემოებას, რომ ღვედი მისი ქურთუკის ფერი იყო და სავარაუდოდ, პოლიციელებმა იგი კარგად ვერ გაარჩიეს.

    საბუთების გადაცემის შემდეგ ასლან წუწაშვილმა დაკეტა ე.წ. „ბარდაჩოკი“, რაზეც პოლიციელმა მიხეილ ბერძენიშვილმა დაუყვირა: „რას აბრახუნებ, შე ჩემისა, ხომ არ გინდა ეგ ხელები დაგამტვრიოო“.

    ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს ოქმის შედგენა, რის გამოც მამა-შვილი გადავიდნენ მანქანიდან და დაიწყეს ახსნა, რომ საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ, ითხოვდნენ ავტოგასამართი სადგურის ვიდეოკამერის ჩანაწერის შემოწმებასაც, რაზეც პოლიციელთა მხრიდან უარი მიიღეს. ასლან წუწაშვილი ამბობს, რომ კამათის დროს მიხეილ ბერძენიშვილი უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით აგინებდა მას, ეთნიკურ წარმოშობაზე ხაზგასმით, გაიწია კიდეც მისკენ, მაგრამ გოჩა გორგიშვილი ჩადგა შუაში და არ მისცა დარტყმის საშუალება.

    ამ დროს პოლიციის ეკიპაჟის მანქანიდან სხვა პოლიციელებიც გადმოვიდნენ, რომლებსაც მამა-შვილი პირადად არ იცნობენ, თუმცა შეუძლიათ ვიზუალურად ამოცნობა. მათ იქვე ასფალტზე პირქვე წააქციეს ასლან წუწაშვილი და ხელები ზურგსუკან შეუკრეს. მალევე ადგილზე პოლიციის კიდევ ორი ეკიპაჟი მივიდა, მათ შორის, რაიონული სამმართველოს უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილე. ასლან წუწაშვილის განმარტებით, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, პოლიციის ხელმძღვანელებმა დაიწყეს გინება გოჩა გორგიშვილისა და მის მიმართ.

    „ძირს რომ ვიყავი დაგდებული, ფეხი გადამიბრუნეს და ზურგიდან ისე მირტყამდნენ. ჯერ ხელს მირტყამდა მიხეილ ბერძენიშვილი, უფროსები რომ მოვიდნენ ფეხებითაც დამიწყეს ცემა. პოლიციის უფროსი ყვიროდა, ქისტების დედა ... ესენი ამ ბოლო დროს ძალიან განაგლდნენო და შემაგდეს მანქანაში. ვიდრე პოლიციაში მიმიყვანდნენ, მანქანაში ერთი პოლიციელი თავს მიჭერდა, მეორე მუცელში მირტყამდა და მაგინებდნენ: თქვენი დედები ... თქვე ქვეშაფსიებო... იცი, რას გიზამთო? ერთი განყოფილებაში მივიდეთ და თავს კონდახით ჩაგიმტვრევთო. სანამ პოლიციაში მოვიდოდით, გზაში სულ მირტყამდნენ. პოლიციაში რომ მივედით, მამაჩემი უკვე მიყვანილი ჰყავდათ. ბერძენიშვილი მამაჩემს, მასზე ასაკით გაცილებთ უფროს ადამიანს აგინებდა. პოლიციელებს ვუთხარი, მამაჩემთან მივალ მეთქი, მაგრამ არ მიმიშვეს. უფროსის მოადგილემ ჩემი მისამართით გინება გააგრძელა და პოლიციელებს დაავალა, დაბლა პადვალში ჩაიყვანე და ხელბორკილები კიდევ მოუჭირეთ, ამის დედა .... პადვალში რომ ჩამიყვანეს, უფროსი და მოადგილე იქ ჩამოვიდნენ. ისევ მაგინებდნენ. უფროსმა მითხრა, თქვენ „განაგლებული“ ხალხი ხართ, თქვენი დედა, იცი რა გელოდება, 5 წელი ციხე გელოდებაო. მოგვიანებით ხელი მომაწერინეს რაღაც ფურცლებზე, რის შემდეგაც სასამართლოში გადაგვიყვანეს“, – ამბობს ასლან წუწაშვილი.

    გოჩა გორგიშვილიც ადასტურებს, რომ პოლიციელების მხრიდან მათი მისამართით გინებისას ეთნიკურ წარმოშობაზე ხაზგასმა არაერთხელ მოხდა: „თქვე ქვეშაფსიებოო, დედას გვაგინებდნენ. პირდაპირ ასეთი შეურაცხყოფები იყო, რომ როგორმე დავემცირებინეთ. ქვეშაფსიების დედაც მეთქი... ფიზიკურად მე არ შემხებიან“.

    კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი ახმეტაში „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებსაც ესაუბრა. კონფიდენციალობის გარანტიით, მათ დაადასტურეს, რომ პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის უფროსი და მისი მოადგილე მამა –შვილს დაკავებამდეც და დაკავების შემდეგაც უცენზური სიტყვებით აგინებდნენ და მათ ეთნიკურ წარმომავლობას ხაზს უსვამდნენ. თვითმხილველებმა პოლიციელების მიერ ასლან წუწაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტიც დაადასტურეს.

    თელავის რაიონულ სასამართლოში საქმე არსებითად მოსამართლე ნინო კორძაძემ განიხილა, რომელმაც პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო პოლიციის ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობის გამო. მოსამართლემ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნახვაც კი არ მოინდომა. მან ყურადღება არ მიაქცია ასლან წუწაშვილის განცხადებებს პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ და მამა–შვილი 250-250 ლარით დააჯარიმა.

    25 იანვარს ასლან წუწაშვილმა დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პანკისის ოფისს მიმართა.

    გელა შაშიაშვილი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს: პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის და პოლიციელის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მთელი რიგი მოთხოვნების დარღვევის გარდა, რაც იწვევს პოლიციელის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში ზოგიერთი პოლიციელის ქმედებაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

    აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ასლან წუწაშვილმა დახმარებისთვის სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისს მიმართა, ახმეტის პოლიციის უფროსმა ბესიკ ონიანმა გოჩა გორგიშვილს შუამავალი მიუგზავნა და შეუთვალა, რომ მომხდარის შესახებ პროკურატურისთვის არ მიემართა.

    27 იანვარს, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა საჩივარი რეაგირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, კახეთის საოლქო პროკურატურას და სახალხო დამცველს გაუგზავნა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოძიება დაიწყო კახეთის საოლქო პროკურატურამაც. ასლან წუწაშვილი გუშინ მოწმის სახით დაიკითხა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]