„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს ცენტრი დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან ერთად გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური.
3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს.
ორგანიზაციის დირექტორმა იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარები.
კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხეობაში საგანმანათლებლო, კულტურულ და უფლებადაცვით პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, დუისის კულტურის სახლში ფონდის ძალისხმევით ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ასევე სასწავლო ცენტრი.
ცოტა ხნის წინ, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი შეუერთდა საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასაც. ამავე დროს, პანკისის ხეობაში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე წლის წინ დაარსდა და ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაცია უხუცეს ქალთა საბჭო.
ორგანიზაციის და მისი დირექტორის წინააღმდეგ, პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იზა ბექაურმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. პანკისის სათემო რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იზა ბექაურის თქმით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ მის ორგანიზაციას პანკისში მუშაობა შეეწყვიტა. რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ზეწოლის თავიდან არიდების მიზნით, იზა ბექაურს საკუთარი პროფილი გაუქმებულიც ჰქონდა. აგრესიული ახალგაზრდები მას ქუჩაშიც დახვდნენ და განმარტებების გაკეთებას აიძულებდნენ. მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პანკისის სათემო რადიომაც.