„გამოძიების შედეგებმა არ უნდა დატოვოს შეკითხვები საზოგადოებაში, ხოლო, გამოძიების დასრულებამდე გაუმართლებელია რომელიმე ჯგუფის მიმართ ბრალდებების გამოთქმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს ყველა მხარე“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოებისა და მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია ჰქონდეთ.
10 იანვარს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და აპარატის სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე დაესწრნენ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში გამართულ დისკუსიას „დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“.
ადგილობრივი სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე პანკისში არსებულ ზოგად მდგომარეობზე, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, ახალგაზრდების ინტერესებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციების მონაწილეობაზე და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს სალაფიტური თემის მიმართ გაჟღერებული კრიტიკისა და ამ საკითხებისადმი მათი ხედვების შესახებ.
სათემო რადიოს მიერ ორგანიზებული დისკუსიის ძირითადი თემა ბოლო პერიოდში პანკისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სათემო რადიოს საქმიანობა და პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განხილვა იყო.