• რა უფლებები გვაქვს თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

    ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 13:37 view 36160
    რა უფლებები გვაქვს თუ პოლიციელი ქუჩაში გვაჩერებს

    რა სახის ღონისძიებებით უზრუნველყოფს პოლიცია მართლწესრიგის დაცვას; როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა; რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი; რა სახის მოთხოვნებს უნდა ველოდოთ პოლიციისგან და როგორ დავიცვათ ამ დროს საკუთარი უფლებები; როგორ უნდა იქცეოდეს პოლიციელი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს; სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები?

    საქართველოს პოლიცია არის სამართალდამცავი დაწესებულება, რომლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად პოლიცია ვალდებულია განახორციელოს როგორც პრევენციული ღონისძიებები, ისე სამართალდარღვევებზე რეაგირება. იმავდროულად, პოლიციამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცვას კანონიერების, თანაზომიერებისა და გამჭვირვალობის პრინციპები.   

    უნდა გვახსოვდეს - პოლიციასთან ურთიერთობა შესაძლოა მოუხდეს ისეთ მოქალაქეს, რომელსაც რაიმე გადაცდომა არ ჩაუდენია. ამიტომაც საკუთარი უფლებების ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ლეგიტიმური გზით შევძლოთ მათი დაცვა.   

    რა სახის ღონისძიებებით უზრუნველყოფს პოლიცია მართლწესრიგის დაცვას; როგორი ფორმით შეიძლება მოგვიხდეს პოლიციასთან ურთიერთობა; რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი; რა სახის მოთხოვნებს უნდა ველოდოთ პოლიციისგან და როგორ დავიცვათ ამ დროს საკუთარი უფლებები; როგორ უნდა იქცეოდეს პოლიციელი მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს; სად შეიძლება გავასაჩივროთ პოლიციის ქმედებები.

    რა სახის ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად?

    პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: პირის გამოკითხვა და იდენტიფიკაცია; პირის მოწვევა; ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; სპეციალური საპოლიციო კონტროლი; პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა და სხვა.

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი ვალდებულია პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება.

    რა შემთხვევებში და როგორი წესით შეუძლია პოლიციელს მოქალაქის გამოკითხვა?

    პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:

    - პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას;

    - პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;

    - პირს თან აქვს იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია;

    - პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;

    - პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

    პოლიციელი უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს საპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. 14 წლამდე ასაკის პირის მიმართ ამ ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.

    პირს უნდა განემარტოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის პოლიციის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებას.

    გამოკითხვის შემთხვევაში პირს წინასწარ უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

    რას ნიშნავს პირის იდენტიფიკაცია და რა ფორმით ახორციელებს მას პოლიცია?

    პოლიციას უფლება აქვს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.

    პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

    იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

    პოლიციელი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი მოქალაქე. მოქალაქის მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოქალაქეს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

    როგორი ფორმით და პროცედურით ხდება მოქალაქის პოლიციაში მოწვევა?

    პოლიციას უფლება აქვს გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი პოლიციაში, თუ:

    ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს საჭირო  ინფორმაცია, რომელიც პოლიციას თავისი ფუნქციის შესრულებაში დაეხმარება; ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებების განსახორციელებლად.

    შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი და ის, რომ პოლიციაში გამოცხადება და პოლიციის დატოვება ნებაყოფლობითია. 

    პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები. ამასთან, არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

    მოწვეული სრულწლოვანი პირის პოლიციაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

    მოწვეულ პირთან გასაუბრების შესახებ დგება გასაუბრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. მოწვეული პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში მასში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

    შეუძლია თუ არა პოლიციელს, რომ გარეგნულად შეამოწმოს და დაათვალიეროს მოქალაქის ტანსაცმელი, როგორი ფორმით ხდება ასეთი მოქმედება?

    პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

    პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

    - პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში;

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირები, იმალებიან ძებნილები ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამართალდარღვევა.  

    ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს იგივე სქესის პოლიციელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პოლიციელმა, ოღონდ განსხვავებული სქესის პოლიციელს ამის უფლება გააჩნია მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

    პრევენციული უფლებამოსილების ფარგლებში პოლიციელს უფლება აქვს, განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:

    - იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას;

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში იმყოფება სამართალდამრღვევი ან უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირი;

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;

    - არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლადაც აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.

    ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი  საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას. ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

    პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.

    პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ამ ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

    პოლიციელი ამ შემთხვევაშიც ადგენს ოქმს, რომელსაც ხელს აწერენ ოქმის შემდგენი პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში ოქმს ხელს აწერს მისი ოჯახის წევრი, ხოლო ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში − მეზობელი.

    ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმზე ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

    იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, პოლიციელი ამ სახის ღონისძიებას აღნიშნულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.

    თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

    რა არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი?

    პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

    ამ მიზნით პოლიციის მიერ ხორციელდება შემოწმება წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით.

    სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ  წერილობით ბრძანებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირი ფორმით ბრძანებას გამოსცემს მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. ზეპირი ბრძანება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს.

    სპეციალური საპოლიციო კონტროლისას შემოწმება და დათვალიერება იმ წესით, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ამასთან, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.

    რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას დროებით შეზღუდოს პირის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება?

    პოლიცია უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება:

    - თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

    - თუ პირმა არ შეასრულა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა - გარკვეული დროით დაეტოვებინა განსაზღვრული ადგილი ან საფრთხის არსებობის გამო არ შესულიყო რომელიმე ტერიტორიაზე;

    - დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.

    პოლიცია უფლებამოსილია ასევე დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.

    ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება მფლობელისათვის მისი ჩამორთმევით, გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.

    გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუკი აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.

    რა ეთიკურ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს პოლიციელის ქცევა მოქალაქეებთან ურთიერთობისას?

    შს მინისტრის მიერ დამტკიცებული ეთიკის კოდექსის თანახმად, პოლიციელი ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი.

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან ურთიერთობისას პოლიციელს ეკრძალება:  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

    სად შეიძლება გაასაჩივროს მოქალაქემ პოლიციის ქმედება?

    მოქალაქე, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები, შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.

    პოლიციის პრევენციული ღონისძიება ადმინისტრაციული წესით საჩივრდება ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოში, თუკი ამ ორგანოში არსებობს ზემდგომი თანამდებობის პირი.

    ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

    საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

    მინისტრის სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წესით საჩივრდება სასამართლოში.

    პოლიციელის საქმიანობის კანონიერებას და ეთიკის ნორმებთან შესაბამისობას აკონტროლებს სამინისტროს სპეციალური სტრუქტურული დანაყოფი - გენერალური ინსპექცია (ცხელი ხაზის ნომერი - 126).


    მიმოხილვა მომზადებულია იურისტ გელა შაშიაშვილის მიერ „პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]