„ვიძლევი პირობას, რომ ჩემს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებ მაქსიმალურს იმისთვის, რომ დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტების ფაქტს სპეცოპერაციის დროს და ასევე, გაეწია თუ არა მას დროული სამედიცინო დახმარება და გაკეთდა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ამ ახალგაზრდის სიცოცხლე,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.
საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და საზღვარგარეთ მდებარე კლინიკებთან მოლაპარაკებების, ასევე, პაციენტის გადაყვანის შესაძლო შეფერხების მიზეზების განმარტების თაობაზე, ხოლო პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების დროულობისა და ხარისხის საკითხის შესწავლის მიზნით მიმართა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას მოცემულ ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. ნინო ლომჯარია იმედოვნებს, რომ პროკურატურა გამოიჩენს კეთილ ნებას და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს, დილის 8 საათზე გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას გული გაუჩერდა და რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.
მსგავს თემაზე:
მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა შესაძლოა 2-ჯერ იყოს განხორციელებული