• მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა შესაძლოა 2-ჯერ იყოს განხორციელებული

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 13:55 view 3721
    მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა შესაძლოა 2-ჯერ იყოს განხორციელებული

    „არსებობს ფოტოები, რამაც შესაძლოა მთლიანად თავდაყირა დააყენოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსია“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს სწავლობს.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, საუბარია 26 დეკემბერს, სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების სახლში სპეცოპერაციის დასრულებისთანავე გადაღებულ ფოტოებზე, რომელზე დაყრდნობითაც სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით, მისივე საძინებელ ოთახში, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს გასროლა ორჯერ განეხორციელებინათ.

    მას შემდეგ, რაც პროკურატურამ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს, კედელი, სადაც ტყვია იყო გავლილი, გამოთხრილია და აღარაფერი ჩანს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, გვიან ღამით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში თავის არეში დაჭრეს. სუს-ის განცხადებით, მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს მას ესროლეს. ოჯახის წევრების განმარტებით, თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის მის ოთახში დაჭრის შემდეგ სამართალდამცავებმა დადეს.

    თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც თბილისში გადაიყვანეს. ორი კვირის განმავლობაში კომატოზური მდგომარეობით ის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში იყო მოთავსებული. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა, მაგრამ დღეს, 10 იანვარს, გამთენიისას თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მას გული გაუჩერდა და რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო.

    მისი ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ესქპერტიზას ოჯახის ადვოკატის მოთხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც დაესწრო.

    26 დეკემბრიდან დღემდე, პანკისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 პირი დააკავა. სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილსაც ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის წევრების დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]