• დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს

    კვირა, 21 იანვარი 2018 20:05 view 16488
    დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს

    ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამის პრესსპიკერზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი სალაფიტური თემის წარმომადგენლებს დაემუქრა. ამ ინფორმაციამ ხეობის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. პანკისის სათემო რადიომ სცადა გაერკვია რა მოხდა სინამდვილეში.

    „რუსთავი 2-ის“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია

    „პანკისში, უხუცესებისა და იურისტების, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრა გაიმართა. ერთი შეხედვით ამ მშვიდ შეხვედრაზე იმამის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიდი სკანდალი გაახმაურა, რომ ხეობაში ჩასული კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს დაემუქრა და უთხრა, რომ მადლობა უნდა თქვან მათ იმისთვის, რომ არ კლავენ საქართველოში ისე, როგორც ჩეჩნეთში“, - ასე წარადგინა სიუჟეტი პანკისის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „შაბათის კურიერის“ წამყვანმა და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ, 20 იანვარს.

    გადაცემის წამყვანის შემდეგ, გუბერნატორის მხრიდან შესაძლო მუქარის ფაქტს სიუჟეტის ავტორი დავით კაკულია ასე აღწერს: „სკანდალი პანკისის ხეობაში ყოველდღიურად უფრო ახალ და ახალ მასშტაბებს იძენს. პანკისის იმამის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კახეთის გუბერნატორი ხეობაში მცხოვრებ სალაფიტებს განადგურებით დაემუქრა“.

    ამის დასტურად, დაახლოებით 10 წუთიან სიუჟეტში, „რუსთავი 2“-ს მხოლოდ მუსა პანკისელის განცხადება მოჰყავს:

    „გუბერნატორმა თქვა ის, რომ პანკისის სალაფიტებმა მადლობა უნდა თქვან იმის გამო, რომ ჩვენ ისე არა ვხოცავთ მათ, როგორც კადიროვი ჩეჩნეთშიო. დღეს ჩვენ ხმამაღლა ვიტყვით იმას, რომ რახან ასე დაისვა საკითხი, დღეს ჩვენი წყალობით არ ფრიალებს აქ კადიროვის დროშები, არც მისი პლაკატებით დადიან აქ მანქანები.

    არასოდეს არ ყოფილა პანკისში მცხოვრები ხალხი გარეშე მტრების დასაყრდენი ამ ქვეყანაში. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგონ ხალხმაც და ხელისუფლებამაც. ნუ ხლართავენ აქ რაღაცეებს“.

    განცხადების დასრულებისთანავე სიუჟეტის ავტორი ამბობს: დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი პანკისელ სალაფიტებს, ის ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარს აცხადებს“. სიუჟეტის დანარჩენი დრო ახმედ ჩატაევის და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს ეთმობა.

    „რუსთავი 2“-ის სიუჟეტიდან მაყურებელმა ვერ მიიღო ინფორმაცია, როდის, სად, ვისთან, რატომ და რა ვითარებაში გააკეთა გუბერნატორმა ასეთი განცხადება. სიუჟეტიდან არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან ფაქტის გადამოწმება სცადა, რათა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია გამოექვეყნებინა.

    სიუჟეტის ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, 21 იანვარს „რუსთავი 2“-მა, 12:00 საათიან „კურიერში“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის გუბერნატორმა პირველი კომენტარი გააკეთა „პანკისელი სალაფიტების მიმართ მის მუქარაზე და კურიერთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, ირაკლი ქადაგიშვილი უარყოფს იმამის ოფიციალური წარმომადგენლის ბრალდებას და აცხადებს რომ მსგავსი არაფერი მომხდარა“. „საიდან, რაღაცეებს ე.ი. ვიღაცის მონაყოლებს, იქ ნამყოფი რომ არ არის კაცი, იმის მონაყოლების ტირაჟირება გინდათ კიდე? კარგით რაა,“ - ციტირებს „რუსთავი 2“კახეთის გუბერნატორის კომენტარს.

    „რუსთავი 2“-მა „პანკისელი სალაფიტების მიმართ გუბერნატორის შესაძლო მუქარაზე“ ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩაწერა და 15:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებაც ამ თემით გახსნა: „რა საფრთხის შემცველია კახეთის გუბერნატორის მუქარა პანკისელების მიმართ. სკანდალურ დეტალს პოლიტიკოსები ეხმაურებიან“. „კურიერის“ წამყვანი სიუჟეტის ავტორს ეკითხება: თამთა, რამდენად მისაღებია ადგილობრივებთან ურთიერთობის ეს ფორმა ოპოზიციისთვის და რა საშიშროებაზე საუბრობენ ისინი“. ჟურნალისტიც პასუხობს, რომ „ოპოზიციისთვის ურთიერთობის ეს ფორმა მიუღებელია და მათი განმარტებით, კახეთის გუბერნატორის განცხადება საფრთხის შემცველია პანკისის ხეობისთვის“.

    „კურიერის“ წამყვანიც და ჟურნალისტიც ისე, რომ არ გაურკვევიათ, მაყურებლისთვის არ მიუწოდებიათ მინიმუმ ორ წყაროსთან მაინც გადამოწმებული ინფორმაცია - ნამდვილად დაემუქრა თუ არა კახეთის გუბერნატორი პანკისში მცხოვრებ სალაფიტებს, მტკიცებით ფორმაში მიუთითებენ, რომ გუბერნატორის მიერ პანკისელების მიმართ მუქარა განხორციელდა.

    რა მოხდა სინამდვილეში?

    როგორც გამოვარკვიეთ, საუბარია 2018 წლის 3 იანვარს, იუსტიციის სახლის დუისის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, როცა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მერიის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა.

    შეხვედრას პანკისის სოფლებში ახმეტის მერის რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი, სკოლის დირექტორები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, უხუცესთა კავშირის და ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეობდა რამდენიმე ახალგაზრდაც. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, თუმცა დასრულების შემდეგ გუბერნატორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, რაც „რუსთავი 2“-მაც გააშუქა. გუბერნატორის თქმით, შეხვედრაზე ხეობაში არსებულ ვითარებაზე და ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

    ამ შეხვედრიდან 14 დღეში, 17 იანვარს, პანკისის სალაფიტური თემის იმამის პრესცენტრის წარმომადგენელმა მუსა პანკისელმა, „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა:

    „კახეთის გუბერნატორი ქადაგიშვილი - „პანკისელმა სალაფიტებმა მადლობა უნდა თქვან, რომ ჩვენ მათ ისე არ ვხოცავთ, როგორც კადიროვი ჩეჩნეთში“. ეს ინფო შეხვედრიდან გამოვიდა სადაც გუბერნატორი პროკურორის როლში მოევლინა პანკისელებს! საინტერესოა რატომ ლაპარაკობს ასე გუბერნატორი სალაფიტურ თემზე?! ალბათ იმიტომ, რომ სალაფიტების დამსახურებაა ის, რომ დღეს პანკისში კადიროვის სურათიან დროშებს არ აფრიალებენ და მისი პლაკატებით მორთული ავტომობილები არ დადიან! ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ გარეშე მტრების დასაყრდენი ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერც ვერასდროს მოესწრებიან მავანნი! დაიმახსოვრეთ, პანკისი ის ადგილია, სადაც ჩვენი ქვეყნის მტერი ვერასდროს ნახავს დასაყრდენს!“

    18 იანვარს, კი როცა დუისის კულტურის სახლში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ, მუსა პანკისელმა „გუბერნატორის მუქარაზე“ „რუსთავი 2“-თან ისაუბრა.

    ნამდვილად გააკეთა თუ არა გუბერნატორმა პანკისში მცხოვრები სალაფიტების მიმართ მუქარის შემცველი განცხადება, ამ კითხვით პანკისის სათემო რადიომ, 3 იანვარს გამართული შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს მიმართა:

    ლუიზა მუთოშვილი, პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი: „გუბერნატორს სალაფიტების მისამართით მუქარის შემცველი განცხადება არ გაუკეთებია.

    - რა თქვა გუბერნატორმა სალაფიტების მიმართ?

    - თუ ზუსტად მახსოვს, ასე ითქვა - ხომ ვიცით მაგალითად რა სიტუაციაა თუნდაც ჩეჩნეთში, რა დამოკიდებულებაა სალაფიტების მიმართ და ჩვენს ქვეყანაში არანაირი მსგავსი პოლიტიკა არ ყოფილა, ყველას აქვს თავისუფლად ღვთისმსახურების შესაძლებლობა და საშუალებაო.

    - ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობასთან რატომ გააკეთა შედარება?

    - შეხვედრაზე ითქვა, რომ თითქოს სალაფიტური თემი რაღაცნაირად გაიგივებული იყო ტერორიზმთან და სალაფიტები აღქმული იყვნენ პოტენციურ ტერორისტებად. კონტექსტი იმ კუთხით იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში ასეთი დამოკიდებულება სალაფიტების მიმართ არ ყოფილა. არც სახელმწიფოს ჰქონია რაიმე ისეთი აგრესიული პოლიტიკა და არც არაფერი. ყველას აქვს რელიგიის თავისუფლება. სახელმწიფომაც და ჩვენც კარგად ვიცით, რომ ხეობაში არის სალაფიტური ჯგუფი, ოღონდ არაფერი მათ საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს არ ჰქონია. მუსამ რაც დაწერა, ეს ინტერპრეტაციაა. საერთოდ არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

    - იყო თუ არა ამ შეხვედრაზე მუსა პანკისელი?

    - არა, არ ყოფილა.

    - ლუიზა, „რუსთავი 2“-დან ხომ არ დაგიკავშირდათ ვინმე იმის გასარკვევად, რა და როგორ ითქვა შეხვედრაზე?

    - არა, არავინ დამკავშირებია“.

    თამაზ ბაღაკაშვილი, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პანკისის ხეობაში: „მე არ მინდა არავის ადვოკატობა და დაცვა. იქ რა ითქვა, რა არ ითქვა და რანაირად ითქვა, არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ის, რომ მე შეურაცხყოფილად თავი არავის ლაპარაკის შემდეგ არ მიგრძვნია. შეურაცხყოფა ან მუქარა მე არავის მხრიდან არ მიმიღია. ნახსენები იყო იმ კონტექსტში, რომ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სხვაგან ავტორიტარული ქვეყანაა, შედარება იყო. ისეთი რომ რაღაცა ან დამუქრება, მე ნამდვილად არ მიმიღია. როგორც ვიცით ხოლმე, მეორე პირი, მესამე პირი უკვე სხვანაირად გადასცემს. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მე შეურაცხმყოფელი ლაპარაკი მანდ არავისგან არ მომისმენია“.

    ჯარაფ ხანგოშვილი, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი: „შიგნით ძალიან ფრთხილად ილაპარაკა გუბერნატორმა, მწვავედ არ ულაპარაკია და არ მაგონდება მუქარის განცხადება გაეკეთებინა. ასეთი რამ არ მახსოვს.

    - შეხვედრას 20-მდე ადგილობრივი ესწრებოდა, მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდაც. ვინმემ თუ გამოთქვა პროტესტი შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით?

    - შეხვედრა ისე დასრულდა, რომ პროტესტი არავის გამოუთქვამს“.

    ნაზო ბორჩაშვილი, ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორი: „მაგ კონტექსტში ნამდვილად არ ყოფილა არაფერი ნათქვამი. ბოლომდე ვესწრებოდი შეხვედრას და არავის პროტესტი არ გამოუთქვამს იმიტომ, რომ არანაირი მუქარა არ ყოფილა.

    - თუ გუბერნატორს პანკისში მცხოვრები სალაფიტების მიმართ ამ შინაარსის, მუქარის შემცველი განცხადება არ გაუკეთებია, როგორ ფიქრობთ, რა მიზნით გაავრცელა სალაფიტური თემის იმამის წარმომადგენელმა არასწორი ინფორმაცია?

    - რა არის იცით? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო და ვინ როგორ მიიღო ნათქვამი, ვინ რა სარჩული დაუდო, ვის რაში აწყობს, ნამდვილად არვიცი. შეხვედრაზე ძირითადად საუბარი იყო ხეობაში არსებულ სიტუაციაზე, ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის მიტანაზე. ჩემი აზრი მეც დავაფიქსირე, რომ უმთავრესია სამართლიანობის დადგენა. მეც ვთქვი, რომ ვიღაცას აწყობს ეს სიტუაცია ქვეყანაში რაც ხდება“.

    ხასო ხანგოშვილი, მწერალი, პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი: სიმართლე უნდა ითქვას, მუქარა არ ყოფილა სალაფიტების მისამართით. გუბერნატორმა რაღაც მაგალითივით მოიყვანა. უნდოდა დაეფიქსირებინა, რომ საქართველოში რელიგიური თვალსაზრისით თავისუფლებაა ჩეჩნეთისგან განსხვავებით და ამ დროს, ჩეჩნეთში არსებული მდგომარეობის ხსენებით ცუდი მაგალითი მოიყვანა. სინამდვილეში მუქარა და ასეთი რაღაც არ ყოფილა“.

    გუბერნატორთან გამართულ შეხვედრას პანკისში მცხოვრები ახალგაზრდები შენგელი ტოხოსაშვილი და მარსელ ბაღაკაშვილიც ესწრებოდნენ. პანკისის სათემო რადიომ შენგელი ტოხოსაშვილსაც ჰკითხა, რა თქვა გუბერნატორმა სალაფიტების მისამართით, რაზედაც მან აღნიშნა, რომ ის ამ შეხვედრაზე საერთოდ არ ყოფილა, არადა ვიდეომასალით დასტურდება, რომ ის შეხვედრაში მონაწილეობდა. მარსელ ბაღაკაშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

    კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მისი მხრიდან სალაფიტების მიმართ არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. გუბერნატორის განმარტებით, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ჩეჩნეთისგან განსხვავებით საქართველოში რწმენის თავისუფლებაა, სალაფიტებს ხელს არავინ უშლის რელიგიურ საქმიანობაში და ამ დემოკრატიულ მონაპოვარს ყველა ერთად უნდა გაუფრთხილდეს. უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან გუბერნატორმა თავი შეიკავა.

    პანკისის სათემო რადიო WAY მუსა პანკისელსაც დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, რაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება გუბერნატორის მხრიდან სალაფიტების მიმართ მუქარის თაობაზე. მუსა პანკისელისგან განმარტება ვერ მივიღეთ. მან სატელეფონო საუბრის შეწყვეტამდე თავის ფეისბუქ სტატუსზე მიგვითითა, სადაც წერს: გუბერნატორმა „რუსთავი 2“-თან სატელევიზიო კომენტარში თავისი სიტყვები კი არ უარყო, არამედ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ სალაფიტები შეხვედრას არ ვესწრებოდით. დიახ, არ ვესწრებოდით შეხვედრას, რადგან დღევანდელი ხელისუფლება პანკისის მოსახლეობის დაყოფას ახდენს მისაღებ და მიუღებელ კატეგორიებად. ხეობის უმრავლეს ნაწილს ხელისუფალნი არ გვხდებიან არ გვესაუბრებიან, არ გვაღიარებენ. გუბერნატორს რომ მივეწვიეთ დახურულ შეხვედრაზე, აუცილებლად დავესწრებოდით. თუმცა, ირკვევა რომ გუბერნატორიც და პანკისის ხეობაში საქმიანობით დაინტერესებული სხვა პირნიც მოპასუხის გარეშე თავს კომფორტულად გრძნობდნენ და განტევების ვაცად ჩვენ გვაქციეს“.

    შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პანკისის სათემო რადიოს მარსელ ბაღაკაშვილი დაუკავშირდა: „3 იანვარს გუბერნატორთან გამართულ შეხვედრას ვესწრებოდი. შეხვედრაზე გუბერნატორმა საქართველოში ჩეჩნეთიდან ლტოლვილების შემოსვლის პერიოდიც გაიხსენა და თქვა, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, საქართველო მეზობლებს შორის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩეჩენი ლტოლვილები მიიღო და დააბინავა. დაყვედრებასავით გამოუვიდა. იქვე თქვა, მადლობა თქვან სალაფიტებმა, რომ აქ ისე არ ექცევიან, როგორც ჩეჩნეთშიო. იქ არაფერი მითქვამს, კი მინდოდა რეპლიკა მქონოდა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. რამდენიმე დღის წინ, როცა პანკისში სახალხო დამცველი ჩამოვიდა და შევხვდით, საუბარი შეეხო ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის გაუცხოებას. იქ ვთქვი, რომ როდესაც გუბერნატორი ამგვარ განცხადებებს აკეთებს, ეს დაახლოებას ხელს არ შეუწყობს მეთქი“.

    რედაქციისგან: 3 იანვარს, დუისში, გუბერნატორსა და ადგილობრივებს შორის გამართულ შეხვედრას პანკისის ხეობაში მცხოვრები 20-მდე ადამიანი ესწრებოდა. სათემო რადიომ გუბერნატორის მუქარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება, მარსელ ბაღაკაშვილის გარდა, შეხვედრის 10-ზე მეტ მონაწილესთან სცადა. მუქარის ფაქტი არცერთმა არ დაადასტურა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]