• თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

    პარასკევი, 20 აპრილი 2018 15:40 view 4378
    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს ფოტო © გელა მთივლიშვილი / სააგენტო "რეგინფო"

    არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

    სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები, მტკიცებით ფორმაში უთითებდნენ მოსარჩელეების შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის  331 1-ე მუხლით (ტერორიზმის მხარდაჭერა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

    სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 26 დეკემბერს ბრიფინგის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, მტკიცებით ფორმაში საუბრობს და პირდაპირ მიუთითებს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირების, მათ შორის, მოსარჩელეთა შვილის თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე.

    ამასთან, განმარტებების გარეშე, სუს-ის მიერ გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილი ვაგზლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ბერი სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან ერთად. აღნიშნული ვიდეო სუს-მა ჯერ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს გაუზიარა, ხოლო მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი მედიისთვისაც გასაჯაროვდა, რომლის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა პრესკონფერენციის მსგავსად, სუს-ი კვლავ მტკიცებით ფორმაში მიუთითებდა, თემირლანის დამნაშავეობაზე, რაც განცხადებების ამგვარ, მტკიცებით ფორმაში გაკეთების პირობებში, საქმის დეტალებში გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობას ავტომატურად არწმუნებდა თემირლანის დამნაშავეობაში.

    აღნიშნული ვიდეოს მტკიცებულებითი ღირებულება სადავო განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები პანკისის ხეობას თვეების განმავლობაში სტუმრობდნენ და მათ ადგილობრივები სხვა სახელებითა და ვინაობით იცნობდნენ.

    ადვოკატების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სუს-ი მითითებულ საქმეზე ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, მასზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება მაინც ვრცელდებოდა.

    "სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საწყის ეტაპზევე დამნაშავედ გამოცხადება მისი სიცოცხლის დაცვის ღირებულების დასუსტებისა და დეჰუმანიზაციის მცდელობა იყო და სავარაუდოდ, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მის უფლებების დარღვევის გადაფარვის მცდელობას ისახავდა მიზნად. 

    აღნიშნულ დავას ოჯახისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც მათ გამოძიების ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობაზე დავის შესაძლებლობა წართმეული აქვთ", - აცხადებს EMC.

    სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის დადგენასა და მათ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

    შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების შელახვის საკითხებზე, EMC დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]