• პანკისში მამა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, არასრულწლოვანს გირაო

    კვირა, 23 აგვისტო 2020 16:53 view 3730
    პანკისში მამა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა შეეფარდა, არასრულწლოვანს გირაო

    თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირიდან, ისლამ ფარეულიძესა და ადამ ბაღაკაშვილს პატიმრობა, ხოლო არასრულწლოვანს გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით.

    სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან საქმეში არასრულწლოვანი დაზარალებული და ბრალდებულიც არიან. წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, რომლებიც სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს. 

    8 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს თავს სამი პირი დაესხა.

    „ყვარელწყალში სახლი გვაქვს. თბილისიდან პერიოდულად ჩავდივართ და ყურადღებას ვაქცევთ. გზის პირას მდებარე კაფეში წინასწარ შეკვეთილი ხინკლის წამოსაღებად მივედით. მეც და ჩემს შვილსაც მოკლე შარვალი გვეცვა. რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას და ამის გამო თავს დაგვესხნენ“, - ყვება გელა წელაური.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ისლამ ფარეულიძე შორტებში ჩაცმულ გელა წელაურს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ისლამ ფარეულიძემ, ადამ ბაღაკაშვილმა და მათთან ერთად მყოფმა არასრულწლოვანმა ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს გელა წელაურის არასრულწლოვან შვილსაც. მამა-შვილმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, გელა წელაურს სხივის ძვლის მოტეხილობა აქვს.

    წელაურმა პოლიციას განცხადებით 9 აგვისტოს მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

    პროკურატურამ ისლამ ფარეულიძეს, ადამ ბაღაკაშვილსა და არასრულწლოვან ა.ი-ს ბრალი დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ცემისთვის, 22 აგვისტოს წარუდგინა.

    სამართალდამცავებისთვის მიმართვის გამო გელა წელაურს სოციალურ ქსელებში ემუქრებიან, რომ ის პანკისში ვეღარ ჩავა და ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოდ ვერ იქნება. მუქარის შემცველ კომენტარებზე პოლიციას გამოძიება არ დაუწყია.

    ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო ძალადობის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებზე სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]